"ოტავა" შეუჩერებელია

AutoSharing Option
სასწაულებს ახდენს აღმოსავლეთ კონფერენციაში "ოტავა სენატორზი". კანადელმა დედაქალაქელებმა გუშინ ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგეს. "სენატორები" "ტორონტოს" წინააღმდეგ თავიდან მდევრის როლში აღმოჩდნენ, მაგრამ შემდეგ შეძლეს ზედიზედ სამი შაიბის გატანა.

ამჯერად "ოტავას" რიგებში ქულების გარეშე დარჩნენ მიხალეკი და სპეცა, სამაგიეროდ, ჰოკეის ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა კასპარს დაუგავინსმა. ღირს ამ ლატვიელისთვის ყურადღების მიქცევა, რადგან მას გასულ სეზონში AHL-ის ლიგაში 54 ქულა (73 მატჩში) დააგროვა. "ოტავა" კონფერენციაში მეოთხე ადგილამდე ამაღლდა.

მოულოდნელად მოიგო "კოლამბუსმა", რომლისთვისაც ეს მეორე გამარჯვებაა 12 შეხვედრაში. ადგილობრივი პრესის ცნობით, ამ გუნდში
გრანდიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. კერძოდ, "კოლამბუსის" პრეზიდენტი მაიკ პრისტი გენერალური მენეჯერის სკოტ ჰაუსონისა და მთავარი მწვრთნელის - სკოტ არნიელის გაშვებას აპირებს.

"კოლამბუსი" "ანაჰაიმს" ხვდებოდა, რომელიც ბოლო ტურებში არც ისე კარგად გამოიყურება, მაგრამ ამ მატჩში ფავორიტი იყო. თუმცა ნეშის, იოჰანსონისა და ტიუტინის გოლებს მხოლოდ რაიანის შაიბით უპასუხეს. ამაში დამსახურება "კოლამბუსის" მეკარე მეისონს მიუძღვის, რომელიც დღის მეორე ვარსკვლავი გახდა.

საკუთარ გულშემატკივარს ახარებს "ედმონტონ ოილერზი", რომელიც "სენტ ლუისს" 4:2 გაუსწორდა. "მენავთობეებმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს, წლევანდელი დრაფტის პირველმა ნომერმა ნიუჯენტ-ჰოპკინსმა კი მორიგი ორი ქულა ჩაიწერა აქტივში. თუმცა მატჩის გმირად (და დღის პირველ ვარსკვლავად) "ედმონტონის" ფორვარდი რაიან სმიტი აღიარეს, რომელმაც დუბლი შეასრულა. "ბლუზმენების" რიგებში ისევ სუსტად ითამაშა მეკარე იაროსლავ ჰალაკმა, ვინც ჯერ სათანადოდ ვერ შევიდა სეზონში.

"კოლორადომ" კობესიუს, ჰეიდუკისა და დუშენის ბრწყინვალე სოლო-გარღვევის წყალობით დაამარცხა "ლოს ანჯელესი" და ჩრდილო-დასავლეთ კონფერენციაში შორს არ გაუშვა "ედმონტონი. აღსანიშნავია, რომ მატჩის მსვლელობისას "მეფეებმა" ორჯერ რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებით გაათანაბრეს ანგარიში, მაგრამ მესამე შანსი აღარ მიუღიათ.

კოლამბუსი-ანაჰაიმი 3:1
1:1, 2:0, 0:0
გოლები: 1:0 ნეში-4 (ვიშნიევსკი-3, უმბერგერი-4), 1:1 რაიანი-4 (სელიანე-7, ლიდმანი-3), 2:1 რ. იოჰანსონი-2 (ვერმეტი-5, კალვერტი-2), 3:1 ტიუტინი-2 (ვიშნიევსკი-4, პალსონი-2).

ოტავა-ტორონტო 3:2
1:1, 1:0, 1:1
გოლები: 0:1 მაკარტური-3 (გრაბოვსკი-3, კულემინი-2), 1:1 გრინინგი-4 (რუნბლანდი-3, კუბა-4), 2:1 კ. ნილი-3 (ე. კარლსონი-12, გონჩარი-9), 3:1 დაუგავინსი-1 (ზ. სმიტი-4), 3:2 მაკარტური-4 (გრაბოვსკი-4, კულემინი-3).

კოლორადო-ლ. ანჯელესი 3:2
1:1, 1:1, 1:0
გოლები: 1:0 კობესიუ-2 (ლანდესკოგი-3, ქუინსი-5), 1:1 პერსი-2 (სტოლი-2), 2:1 ჰეიდუკი-4 (დ. ჯონსი-2, ქუინსი-6), 2:2 კოპიტარი-6 (დ. ბრაუნი-6, დაუტი-2), 3:2 დუშენი-2 (დ. ჯონსი-3).

ედმონტონი-სენტ ლუისი 4:2
1:0, 3:1, 0:1
გოლები: 1:0 ჰორკოფი-2 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-5, პოტერი-6), 1:1 ბეკსი-3 (სობოტკა-3, პოლაკი-3), 2:1 რ. სმიტი-4 (პლანტი-1, რ. ჯონსი-2), 3:1 ებერლე-3 (ტ. ჰოლი-6, ნიუჯენტ-ჰოპკინსი-6), 4:1 რ. სმიტი-5 (გილბერტი-2, პეტრი-1), 4:2 პიეტრანჯელო-2 (კ. სტიუარტი-1, კოლაიაკოვო-2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული