ლიდერები აგებენ

AutoSharing Option
გუშინ, ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ორ მწვრთნელს ჰქონდა დებიუტი და ორივეს თავისი საქმე ცუდად წაუვიდა.

"ვაშინგტონი" და მისი ახალბედა მწვრთნელი დეილ ჰანტერი საკუთარ მოედანზე იღებდნენ "სენტ ლუისს" და 1:2 დამარცხდნენ. როგორც იცით, "ბლუზმენებმაც" შეცვალეს სეზონის მსვლელობისას მწვრთნელი და ეს ძალიან მოუხდათ, რადგან კენ ჰიჩკოკის გუნდმა ბოლო 11 მატჩიდან ცხრა თავის სასარგებლოდ დაასრულა.

თავიდან "სენტ ლუისი" მდევრის როლში აღმოჩნდა - შაიბა ბექსტრიომმა შეაგდო, მაგრამ ამის შემდეგ "ბლუზმენებმა" შესანიშნავად ითამაშეს დაცვაში - "ვაშინგტონის" ლიდერ ოვეჩკინს ერთხელაც არ დაატყმევინეს კარში, სულ კი მასპინძლებმა მხოლოდ
19-ჯერ შეაწუხეს "სენტ ლუისის" კარის დარაჯი ჰალაკი.

აღსანიშნავია, რომ "სენტ ლუისმა" 2003 წლის შემდეგ პირველად მოიგო ვაშინგტონში და ახლა ქულა აკლია დივიზიონში ლიდერობამდე.

მეორე ახალბედა მწვრთნელი კირკ მილერი თავისი "კაროლინათი" შინ იღებდა "ფლორიდას" და 1:3 დამარცხდა. მართალია, სტუმრებმა სუსტად დაიწყეს შეხვედრა, მაგრამ სწორედ მათ შეძლეს პირველი შაიბის გატანა - ეს გააკეთა ტომაშ ფლიშმანმა, რომელსაც ამ სეზონში უკვე 11 გოლი აქვს და საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებაზე მიდის - 2009-10 წლების სეზონში ჩეხმა 51 ქულა დააგროვა. "კაროლინამ" ჯეფ სკინერის გოლით უპასუხა, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლო და ბოლოს ორი შაიბა მიიღო მატიასისგან. "პანტერებმა" განიმტკიცეს ლიდერობა დივიზიონში და იქ უახლოეს მდევარ "ვაშინგტონს" ხუთი ქულით უსწრებენ.

ნიუ იორკში "რეინჯერსთან" დამარცხდა რეგულარული ჩემპიონატის ლიდერი "პიტსბურგ პინგვინზი". ეს იყო დღის ცენტრალური შეხვედრა.

პირველი პერიოდი მეკარეების დუელად იქცა, რადგან ლუნდკვისტი და ფლერი დიდი ხანი არ უშვებდნენ გოლს და ბრწყინვალე სეივებს ასრულებდნენ. მაგრამ ოცწუთეულის ბოლოს "პინგვინებმა" შეძლეს წინ გასვლა - კროსბის პასით რიცხობრივ უპირატესობაში ჯეიმს ნილმა გაიტანა.

მატჩის მეორე ნაწილი "პიტსბურგმა" მთლიანად ჩააგდო და "რეინჯერსმა" ათ წუთში ოთხი შაიბის გატანა შეძლო, მათ შორის, ორჯერ რიცხობრივი უპირატესობის დროს. "პინგვინზმა" ამავე პერიოდის ბოლოს და მესამეს დასაწყისში თითო შაიბა გაიტანა, მაგრამ ნიუიორკელები თავიანთ სტილში ჩადგნენ დაცვაში და დარჩენილ დროში მეტოქეს მხოლოდ სამჯერ დაარტყმევინეს.

"რეინჯერსი" ამჟამად ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება - მან ზედიზედ მეშვიდე საშინაო შეხვედრა მოიგო, სულ კი ბოლო 12 მატჩში 10 მოგება დაუგროვდა. მართალია, ეს გუნდი სამი ქულით ჩამორჩება "პიტსბურგს", მაგრამ ოთხი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

პლეი ოფის ზონაში დაბრუნდა "ოტავა", რომელმაც უხვგოლიან შეხვედრაში დაამარცხა "ვინიპეგი" - 6:4. "სენატორებში" ისევ დაიწყო გოლების გატანა მილან მიხალეკმა, რომელმაც დუბლი შეასრულა და სეზონში შაიბების რიცხვი 14-მდე აიყვანა. "ვინიპეგის" რიგებში უნდა გამოვყოთ ევანდერ კეინი - როგორც ჩანს, ამ ჰოკეისტს მოუხდა გუნდის ვინიპეგში გადაბარგება, რადგან ფორვარდს უკვე 12 გოლი დაუგროვდა, სეზონში მისი პირადი რეკორდი კი 19 შაიბას უდრის.

"პიტსბურგის" წაგებით "ჩიკაგომ" რეგულარულში ლიდერობის შანსი მიიღო, მაგრამ შინ პირწმინდად დამარცხდა "ფინიქსის" წინააღმდეგ. სტუმრებმა პირველ ორ პერიოდში თითო შაიბა გაიტანეს, ხოლო გადამწყვეტი დარტყმა მეტოქეს მესამე პერიოდის პირველ ხუთ წუთში მიაყენეს, როცა კიდევ ორი გოლი შეაგდეს კროუფორდის კარში.

ამის შემდეგ "ჩიკაგოს" კარში რეი ემერი ჩადგა და მასპინძლებს გოლი აღარ გაუშვიათ, თუმცა თავად მხოლოდ ერთხელ უპასუხეს მეტოქეს და 1:4 დამარცხდნენ. ამ ორმა ქულამ "ფინიქსს" დივიზიონში ლიდერობა მოუტანა. წყნარი ოკეანის დივიზიონიდან პლეი ოფის ზონაში სამი გუნდი შედის, ხოლო სხვაობა მესამე ადგილზე მყოფ "ფინიქსსა" და მეცხრეადგილოსან "სან ხოსეს" შორის მხოლოდ ორი ქულაა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ვანკუვერმა" უპრობლემოდ დაამარცხა "კოლამბუსი" - 4:1. ეს "კენაქსის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იყო. დღის პირველ გმირად ვანკუვერელთა მეკარე კორი შნაიდერი დაასახელეს, რომელმაც 47 (!) დარტყმა მოიგერია.

კაროლინა-ფლორიდა 1:3
0:0, 1:1, 0:2
გოლები: 0:1 ფლიშმანი-11 (ბ. კემპბელი-18, უეისი-15), 1:1 სკინერი-10 (ე. სტაალი-7, ტ. რუუტუ-5), 1:2 მატიასი-4 (კოპეცკი-8), 1:3 მატიასი-5.

ვაშინგტონი-სენტ ლუისი 1:2
1:1, 0:1, 0:0
გოლები: 1:0 ბექსტრიომი-8 (ოვეჩკინი-10, ვოკოუნი-1), 1:1 ოში-7 (სტინი-9, ბექზი-7), 1:2 დ'აგოსტინი-6 (ბერგლუნდი-4, კ. სტიუარტი-4).

რეინჯერსი-პიტსბურგი 4:3
0:1, 4:1, 0:1
გოლები: 0:1 ჯ. ნილი-14 (კროსბი-8, პ. მარტინი-8), 1:1 კელეჰანი-9 (გაბორიკი-8, ბ. რიჩარდსი-9), 2:1 ჯ. მიტჩელი-1 (ჰაგელინი-2, ბ. ბოილი-4), 3:1 ბ. რიჩარდსი-9 (ფედოტენკო-6, კელეჰანი-7), 4:1 გაბორიკი-11 (დელ ზოტო-6, ბ. რიჩარდსი-10), 4:2 მალკინი-9 (ჯ. ნილი-11, სალივანი-8), 4:3 დუპუი-7 (კროსბი-9, ენგელანდი-7).

ბაფალო-აილენდერსი 1:2
0:1, 0:0, 1:1
გოლები: 0:1 მეტ მოულსონი-8 (შტრაიტი-10, პარენტო-13), 1:1 ჰეხტი-2 (პომინვილი-17, ვანეკი-15), 1:2 როლსტონი-3 (ულსტრიომი-1, ბეილი-4).

ჩიკაგო-ფინიქსი 1:4
0:1, 0:1, 1:2
გოლები: 0:1 ლენგკოუ-4 (რეი უიტნი-12, დოუნი-9), 0:2 დოუნი-7 (ბოდკერი-4, ლენგკოუ-8), 0:3 ვრბატა-12 (რეი უიტნი-13), 0:4 რეი უიტნი-8 (ჰანჟალი-10, ვრბატა-9), 1:4 შარპი-11 (პ. კეინი-17, მარიან ჰოსა-15).

ვინიპეგი-ოტავა 4:6
0:1, 2:2, 2:3
გოლები: 0:1 მ. მიხალეკი-13 (ალფრედსონი-5, ფოლინო-7), 1:1 ველერი-2 (ლიტლი-6, ბაფლინი-12), 2:1 ბურმისტროვი-5 (გლესი-7, ფერი-1), 2:2 ზ. სმიტი-5 (კონდრა-4), 2:3 მ. მიხალეკი-14 (კ. ფილიპსი-5, კონდრა-5), 3:3 ე. კეინი-11 (ბოგოსიანი-9), 4:3 ე. კეინი-12 (ფლუდი-3, ლიტლი-7), 4:4 სპეცა-9 (ე. კარლსონი-21, კ. ფილიპსი-6), 4:5 ზ. სმიტი-6 (გონჩარი-15, დაუგავინსი-3), 4:6 ფოლინო-7 (ვინჩესტერი-4, გრინინგი-5).

კალგარი-ნეშვილი 1:0
1:0, 0:0, 0:0
გოლი: 1:0 დ. სმიტი-1 (ბროდი-3, იგინლა-5).

ვანკუვერი-კოლამბუსი 4:1
2:0, 0:0, 2:1
გოლები: 1:0 დ. სედინი-7 (ედლერი-14, სალო-8), 2:0 ბუტი-4 (ჰიგინსი-6, ჰამჰუისი-11), 2:1 პალსონი-1 (ტიუტინი-10, ვერმეტი-8), 3:1 კესლერი-5 (ბაროუზი-4, დ. სედინი-20), 4:1 ბაროუზი-8 (კესლერი-9, ბიეკსა-8).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული