ტვინშერყეულები

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ტვინის შერყევის პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება. ბოლო პერიოდში ამ მიზეზით რეგულარულ ჩემპიონატს ხანგრძლივი დროით გამოაკლდა რამდენიმე წამყვანი ჰოკეისტი.

დაახლოებით ერთი წლის წინ, 2011 წლის "ყველა ვარსკვლავის მატჩისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაზე NHL-ის კომისარმა გერი ბეტმენმა ტრადიციული პრესკონფერენცია ტვინის შერყევის შესახებ გრძელი მონოლოგით დაიწყო. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ძალიან აქტუალური თემა ყოფილა და ბეტმენის გამოსვლას დღეს ბევრი იხსენებს.

ზუსტი სტატისტიკის მოყვანა რთულია, რადგან NHL-ის კლუბები ხშირად არ ამხელენ ჰოკეისტთა ტრავმების რეალურ მიზეზებს, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ დაახლოებით ორი ათეული
ჰოკეისტი დღეისთვის თავის ქალის ტრავმის გამო არ თამაშობს. ზუსტი ციფრის დაფიქსირებას ხანდახან ხელს უშლის შეგნებულად დამაბნეველი ტერმინოლოგია.

მაგალითად, ზოგიერთი კლუბის ხელმძღვანელობა შემოიფარგლება ხოლმე ზოგადი ფორმულირებით: "სხეულის ზედა ნაწილის ტრავმა". მაგრამ გუნდების შემადგენლობის გადახედვისას რთული მისახვედრი არ არის, რომ სისტემური პრობლემა არსებობს, თანაც აქამდე არნახულ მასშტაბებში.

დაახლოებით ერთი თვის წინ ტვინის შერყევა მიიღო ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა კრის პრონგერმა "ფილადელფიადან". კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე გამოაცხადა, რომ ვეტერანი ვარსკვლავი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს, მოგვიანებით კი შეშფოთება გამოითქვა იმის გამო, რომ პრონგერს, შესაძლოა, კარიერის დასრულება მოუწიოს.

მიზეზი - სერიოზული "პოსტკონტუზიური სინდრომია". ეს ცნება თავის თავში აერთიანებს თავის ტკივილს, გულის რევას, უძილობას, შუქის მიმართ მგრძნობელობას, მეხსიერებისა და ორიენტაციიის დაკარგვას, დეპრესიასა და სხვა სისაძაგლეებს. თუ ექიმებმა იციან, რომ პრონგერი მინიმუმ ნახევარი წელი არ ითამაშებს, მაშინ ამ სიმპტომებიდან მას საკმაოდ შთამბეჭდავი კოლექცია ექნება.

მაგრამ მხოლოდ პრონგერით არ შემოიფარგლება ეს პრობლემა. იმავე "ფილადელფიას" გაურკვეველი ვადით გამოაკლდა NHL-ის საუკეთესო ბომბარდირი კლოდ ჟირუ. იგივე ითქმის ლიგის საუკეთესო სნაიპერზე, "ოტავას" ფორვარდ მილან მიხალეკზე. მისმა ძმამ - პიტსბურგელმა ზბინეკ მიხალეკმა ტვინის შერყევის გამო შვიდი მატჩი გამოტოვა.

"კაროლინაში" მკურნალობენ გასული სეზონის საუკეთესო ახალბედა ჯეფ სკინერი და მცველი იონი პიტკანენი. ვერაფრით იბრუნებს ოპტიმალურ ფორმას "რეინჯერსის" მცველი მარკ სტაალი. ვერ გადარჩა "ბაფალოს" მეკარე რაიან მილერიც, რომელმაც ნოემბერში შერყევის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა. და ა.შ.

და, რა თქმა უნდა, სიდნი კროსბი - მთავარი პრობლემაა. პლანეტის საუკეთესო ჰოკეისტი ახლახანს დაბრუნდა მწყობრში, თანაც თავის ჩვეულ, უმაღლეს დონეზე ათამაშდა და... ამას მოჰყვა ბოსტონელ დავიდ კრეისისთან შეჯახება, სათადარიგოთა სკამზე შეხლა-შემოხლა - და ბოლოს სიჩუმე. ისევ ტვინის შერყევის სიმპტომები, ისევ გაურკვეველი ვადით უთამაშებლობა, ახალი შეკითხვები კომისრის მისამართით, ახალი პრობლემები...

რაც მთავარია, ლიგამ თავი აარიდა ორი კითხვას - "რა ვქნათ?" და "ვინ არის დამნაშავე?" თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ NHL-მ უკვე ბევრი გააკეთა. ძალიან შეიცვალა წესები, რომლითაც მკაცრად ისჯებიან "ბინძური" ჰოკეისტები, რომელთა მთავარი სამიზნე მეტოქის თავი გახლავთ.

მოთამაშეთა უსაფრთხოების საკითხებში ლიგის ახალი ვიცე-პრეზიდენტი ბრენდან შენეჰანი უფლებამოსილია მკაცრად დასაჯოს წესის დამრღვევი. ტესტებს გადის ახალი ჩაფხუტები და სხვა დამცავი ატრიბუტები. მაგრამ მიღებული ზომების მიუხედავად, ტვინის შერყევის ფაქტები არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა. ამიტომაც, ხომ არ არის აუცილებელი ლიგამ უფრო რადიკალურ ზომებს მიმართოს?

* * *
კითხვა - "ვინ არის დამნაშავე?" - მთლად ერთმნიშვნელოვანი არ არის. თუ კონკრეტული ტრავმების წარმოშობის მიზეზებს დავაკვირდებით, ზუსტი პასუხის მიღება რთული იქნება. მაგალითად, პრონგერს ყვანჯი სახეში მაშინ მოხვდა, როცა მიხაილ გრაბოვსკი კარში ურტყამდა.

ჟირუ ყინულზე მაშინ დაეცა, როცა მეტოქისთვის შაიბის ართმევას ცდილობდა და წაქცეული თავით პირდაპირ შეეტაკა თავისიანს - მცველ სიმონდს, რომელმაც კლოდს კეფაში მოახვედრა მუხლი.

მილან მიხალეკიც საკუთარ პარტნიორს შეეჯახა. სკინერი მეტოქის ზონაში შეასკდა გიგანტ ენდი სატონს, რომელმაც "სუფთა" ძალისმიერი ილეთი შეასრულა. ახალგაზრდა კაროლინელს თავში არავინ დამუქრებია, უბრალოდ დაცემისას დაზიანდა. საინტერესოა, რომ ამ მატჩში სატონმა უხეშად ითამაშა ანდრეი პონიკაროვსკის წინააღმდეგ, რისთვისაც შვიდმატჩიანი დისკალიფიკაცია მიიღო. რაც შეეხება კროსბისა და კრეისის შეჯახებას, რთული სათქმელია თავში დარტყმა შეგნებული იყო თუ ჩეხი შაიბის დამორჩილებას ცდილობდა და უბრალოდ, ხელთ მოხვდა კანადელი.

მაგრამ ბევრი ისეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როცა ტვინის შერყევა მეტოქის უხეში თამაშიდან მოდიოდა. მაგალითად, "პინგვინების" "პოლიციელმა" მეტ კუკმა პრაქტიკულად დაასამარა ბოსტონელი მარკ სავარის კარიერს, როცა შეგნებულად ჩაარტყა იდაყვი საფეთქელში. მაგრამ, მეორეს მხრივ, ახლა კუკი მუდმივად მოჰყავთ ბეტმენის მიერ გატარებული ეფექტური ზომების მაგალითად. ახალი წესების შემოღების შემდეგ, პიტსბურგელი ფორვარდი ნამდვილი "ანგელოზი" გახდა.

შესაძლოა, ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ NHL-ში ჰოკეი უფრო სწრაფი გახდა და ჰოკეისტები ძალიან დიდი სიჩქარეებით ეჯახებიან ერთმანეთს. ამიტომაც არის წინადადება, რომ გააფრთოვონ მოედნები ევროპულ ზომებამდე. მაგრამ ამ იდეას სკეპტიკურად უყურებენ, რადგან NHL-მ ბევრი იშრომა იმისთვის, რომ მაყურებლისთვის მიმზიდველი პროდუქტი მიეღო და ახლა თამაშს მოსაწყენად ვერ გადააქცევს.

"ევროპულ მოედნებზე ჰოკეის თამაში ნაკლებად მიმზიდველია, - ამბობს "ვაშინგტონის" გენერალური მენეჯერი ჯორჯ მაკფი. - დიახ, ევროპაში ტექნიკის ძალიან მაღალი დონეა, მაგრამ გვერდიდან ეს ყველაფერი ორი კაცის თევზაობას ჰგავს".

თუ მოედნის გაფართოება და სხვადასხვა ხერხებით ჰოკეის შენელება - ერთადერთი გამოსავალია, მაშინ NHL-ს უბრალოდ მოუწევს გადაწყვიტოს საკითხი ბიზნესის მხრივ: რა უფრო მოსაწყენია - კარში ნაკლები დარტყმები და შეჯახებები თუ ჰოკეის კროსბის გარეშე? მანამდე კი ეკიპირებაში ახალი ტექნოლოგიები ერთადერთ სვლად მოჩანს, რომელიც ბეტმენმა შეიძლება ჰოკეისტებს შესთავაზოს. სხვა ყველაფერი უკვე გაკეთებულია.

კროსბი კი კვლავინდებურად არ თამაშობს. და ისევ ისმის კითხვა: საერთოდ ითამაშებს თუ არა?
გია თვალაბეიშვილი

NHL. რეგულარული ჩემპიონატი
ფლორიდა-კაროლინა 3:2 (ო)
1:1, 0:!, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 ბერნეგჰაიმი-7 (მატიასი-8, ჯოვანოვსკი-4), 1:1 გლისონი-1 (მაკბეინი-10, ტ. რუუტუ-8), 1:2 ლაროუზი-9, 2:2 გარისონი-10 (სამუელსონი-5, ჯოვანოვსკი-5), 3:2 ვერსტიგი-16 (უეისი-21, ბ. კემპბელი-23).

სტ. ლუისი-კოლამბუსი 6:4
2:1, 0:2, 4:1
გოლები: 0:1 მაკენზი-4 (ტიუტინი-12), 1:1 შატეენკირკი-5 (დ'აგოსტინი-6), 2:1 ოში-11 (ბექსი-10), 2:2 დორსეტი-7 (ტიუტინი-13, ნიკიტინი-11), 2:3 ლეტესტუ-5 (უმბერგერი-6, ბრასარი-4), 3:3 სტინი-11 (ოში-12, კოლაიაკოვო-8), 4:3 არნოტი-6 (პერონი-4, ლანგენბრუნერი-9), 5:3 პიეტრანჯელო-5 (ბექსი-11), 5:4 ბრასარი-3 (უმბერგერი-7, ტიუტინი-14), 6:4 ბერგლუნდი-8 (ლანგენბრუნერი-10, პერონი-5).

ჩიკაგო-კალგარი 4:2
1:0, 2:0, 1:2
გოლები: 1:0 მონტადორი-5 (მეიერსი-4, სტალბერგი-11), 2:0 ჰიალმარსონი-1 (მარიან ჰოსა-21, კრიუგერი-7), 3:0 პ. კეინი-9 (კეიტი-19, ტეუვზი-17), 3:1 ო. იოკინენი-11 (ტანგეი-17, გლენკროსი-9), 4:1 მარიან ჰოსა-15 (შარპი-18, ბოლანდი-5), 4:2 გლენკროსი-10 (იგინლა-12, ო. იოკინენი-16).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული