"პინგვინები" პლეი ოფის მიღმა

AutoSharing Option
პრინციპური შეხვედრა გაიმართა რეგულარულ ჩემპიონატში "ვაშინგტონსა" და "პიტსბურგს" შორის. ეს უკანასკნელი აშკარა კრიზისში იმყოფება და აღნიშნულ შეხვედრას ხუთმატჩიანი წაგებათა სერიით შეხვდა.

უნდა აღინიშნოს, რომ "ვაშინგტონი" დღეისთვის თავისი საუკეთესო ბომბარდირის ნიკლას ბექსტრიომისა და მცველი მაიკ გრინის გარეშე თამაშობდა, მაგრამ ამან "პინგვინებს" ვერ უშველა, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს გარკვეული უპირატესობა ჰქონდათ.

"ვაშინგტონის" მოგება მეკარე ტომაშ ვოკოუნის დამსახურებაა, რომელმაც 30 დარტყმა მოიგერია და "შათაუტი" შეასრულა. თავად "კეპიტალზს" კი ერთი საგოლე კომბინაცია გამოუვიდა - პიტსბურგელები შუა ზონაში შეცდნენ და სამი ვაშინგტონელი ერთი მცველის წინააღმდეგ
გავიდა. დასარტყმელ პოზიციაზე ჩიმერა აღმოჩნდა, რომელსაც არ გაჭირვებია ფლერის კარის აღება.

"პიტსბურგი" ზედიზედ მეექვსე წაგების შემდეგ მეცხრე ადგილამდე ჩამოქვეითდა, მისი ადგილი კი პლეი ოფის ზონაში სწორედ "ვაშინგტონმა" დაიკავა. ამ გუნდებს ქულების თანაბარი რაოდენობა აქვთ, თუმცა დედაქალაქელებმა ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარეს. ამასთან, "პიტსბურგმა" გასვლითი ტურნე დაიწყო და უახლოეს დღეებში ბილსმას შეგირდებს რთული გასვლითი მატჩები აქვთ "ფლორიდასთან" და "ტამპა ბეისთან". "კეპიტალზი" კი სამ მომდევნო შეხვედრას შინ ჩაატარებს - "ტამპა ბეისთან", "კაროლინასთან" და "აილენდერსთან".

დღის მეორე მატჩში "ედმონტონი" შინ იღებდა "ნიუ ჯერსის" და ოვერტაიმში წააგო - 1:2. აღსანიშნავია, რომ "ეშმაკებმა" სეზონში მეთერთმეტედ გაიტანეს გოლი რიცხობრივ უმცირესობაში! გადამწყვეტი შაიბა კი პარიზემ მაშინ შეაგდო, როცა მის გუნდს ერთი კაცით მეტი ჰყავდა მოედანზე. ამ გოლმა "ნიუ ჯერსი" კონფერენციის მეექვსე ადგილზე აიყვანა.

ვაშინგტონი-პიტსბურგი 1:0
1:0, 0:0, 0:0
გოლი: 1:0 ჩიმერა-14 (ჰალპერნი-8, ჯ. უორდი-8).

ედმონტონი-ნიუ ჯერსი 1:2 (ო)
0:0, 0:1, 1:0, 0:1
გოლები: 0:1 კოვალჩუკი-17, 1:1 ჰემსკი-4 (პოტერი-12, ტ. ჰოლი-16), 1:2 პარიზე-15 (ელიაში-25, კოვალჩუკი-21).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული