ყველა დროის ფინელი

AutoSharing Option
მართალია, მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში "ანაჰაიმი" სავარაუდოდ ვერ შეძლებს პლეი ოფში მოხვედრას, სამაგიეროდ, ამ გუნდის ლეგენდარული ფინელი ფორვარდისთვის ტეემუ სელიანესთვის ეს სეზონი უმნიშვნელოვანესი გამოდგა.

გუშინ, 41 წლის თავდამსხმელმა "კოლორადოსთან" მატჩში მორიგი გოლი გაიტანა და კარიერაში 1399-ე ქულა მიითვალა. ამით მან მე-19 ადგილზე გადაინაცვლა NHL-ის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში და რაც მთავარია, უკან ჩამოიტოვა თავისი ლეგენდარული თანამემამულე იარი კური. შესაბამისად, სელიანე ჰოკეის ეროვნული ლიგის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ფინელი ჰოკეისტი გახდა.

ჰელსინკიში დაბადებულმა კურიმ NHL-ში "ედმონტონის", "ლოს ანჯელესის", "რეინჯერსის", "ანაჰაიმისა" და "კოლორადოს"
შემადგენლობაში ითამაშა. ის "ედმონტონში" ყველა დროის საუკეთესო ჰოკეისტის უეინ გრეტცკის პარტნიორი იყო და ამ გუნდში ხუთჯერ მოიგო სტენლის თასი. კარიერა მან 1398 ქულით დაასრულა.

სელიანემ კარიერა 1992-93 წლების სეზონში "ვინიპეგში" დაიწყო. დღეისთვის მის ანგარიშზე 1329 მატჩში 659 გოლი და 740 პასი მოდის. მიმდინარე სეზონის 70 მატჩში ტეემუმ 22 გოლი და 37 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ევროპაში დაბადებულ მოთამაშეებს შორის სელიანეზე წინ მხოლოდ იარომირ იაგრი (1645 ქულა) და სლოვაკი სტენ მიკიტა (1467) არიან.
სხვათა შორის "კოლორადოსთან" მატჩში "ანაჰაიმის" კიდევ ერთი ფინელი ვეტერანისთვის იყო გამორჩეული - საკუ კოივუმ კარიერაში მეათასე შეხვედრა ჩაატარ.

"კოლორადოსთან" მარცხი "ანაჰაიმისთვის" ზედიზედ მესამე იყო. ამჟამად,. "იხვები" მე-12 ადგილზე არიან დასავლეთის ცხრილში და ცხრა ქულით დაშორდნენ პლეი ოფის ზონას.

კვირის სამი ვარსკვლავი
გასული კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა “ფილადელფიას” მეკარე ილია ბრიზგალოვი. რუსმა გოლკიპერმა თავის გუნდს სამიდან სამ მატჩში მოაგებინა, თავად საშუალოდ 0.65 შაიბას უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 97.9 პროცენტს იგერიებდა. ბრიზგალოვის ანგარიშზე ამ სამ მატჩში ორი "შათაუტი" მოდის.

მეორე ვარსკვლავია "ნიუ ჯერსის" ფორვარდი ილია კოვალჩუკი, რომელმაც გასულ კვირას 5 გოლითა და ოთხი შედეგიანი პასით გამოიჩინა თავი. რუსის მონაგარი 71 ქულას (30+41) შეადგენს.

კვირის მესამე ვარსკვლავმა, "სენტ ლუისის" მეკარე იაროსლავ ჰალაკმა ბრიზგალოვის მსგავსად სამიდან სამი მატჩი მოიგო. მისი სტატისტიკური მაჩვენებლებია - 1.00 გაშვებული შაიბა და მოგერიების 96.2 პროცენტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული