"ვინიპეგი" მეორე პერიოდში 2:0-ს იგებდა, მაგრამ სტუმრებმა ამავე 20-წუთეულში შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. მესამე პერიოდში კი გოლებს მხოლოდ "რეინჯერსი" იტანდა - 4:2. სტუმართაგან სამმა ჰოკეისტმა დააგროვა ორი ქულა - 1+1 ჰქონდათ დელ ზოტოსა და ბოილს, გაბორიკმა კი ორი საგოლე პასი მიითვალა.
"ვინიპეგმა" ამ წაგებით, პრაქტიკულად, დაკარგა პლეი ოფში მოხვედრის შანსი
რაც შეეხება "რეინჯერსს", მას მთლიანად რეგულარულში პირველობის კარგი შანსი აქვს, რადგან ქულებით გაუთანაბრდა დასავლეთის ლიდერ "სენტ ლუისს". ამ გუნდებს 5-5 მატჩი დარჩათ ჩასატარებელი რეგულარულის ბოლომდე.
"ანაჰაიმმა", პრაქტიკულად, დაკარგა პლეი ოფში მოხვედრის შანსი, მაგრამ მაინც მონდომებით ითამაშა და სატურნირო მდგომარეობა გაუუარესა "სან ხოსეს". "იხვების" რიგებიდან გამარჯვების გოლის ავტორი გახდა "ანაჰაიმის" სუპერვეტერანი ტეემუ სელიანე. ლეგენდარულმა ფინელმა 25-ე შაიბა გაიტანა და ეს ზღვარი მან მეთექვსმეტედ გადალახა თავის ბრწყინვალე კარიერაში.
დღის პირველი ვარსკვლავი გახდა "ვანკუვერის" მეკარე კორი შნაიდერი. "კენქასმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო საფეხბურთო ანგარიშით - 1:0. ორი დღის წინ კანადელებმა "ლოს ანჯელესი" დაამარცხეს, ახლა კი "კოლორადოს" არ გაატანინეს. კორი შნაიდერმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა - 43 დარტყმა მოიგერია და სეზონში მესამე შათაუტი ჩაიწერა აქტივში. ერთადერთი გოლი კი "ვანკუვერმა" პირველი პერიოდის ბოლოს გაიტანა, როცა ჰიგინსი რიცხობრივი უმცირესობისას გაიქცა და გამოიყენა იმპროვიზირებული ბულიტი.
"დალასის" ფორვარდმა მაიკლ რაიდერმა "ედმონტონთან" მატჩში სამი ქულა (2+1) დააგროვა და თავის გუნდს მოაგებინა. ამ მატჩის შემდეგ რაიდერი 35 გოლით რეგულარულის სნაიპერთა ტოპ-ათეულში შევიდა.
"ლოს ანჯელესი" და "კალგარი" პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტები არიან და მათ მატჩამდე სხვაობა მხოლოდ ერთი ქულა იყო "მეფეების" სასარგებლოდ. კალიფორნიელთა გამარჯვების მიზეზი გახდა "კინგზის" მეკარის ჯონათან კუიკის კარგი თამაში, რომელმაც ყველა დარტყმა მოიგერია. თუმცა "კალგარის" დარტყმების ძირითადი ნაწილი შორი მანძილიდან განხორციელდა, რამაც კუიკს საქმე გაუადვილა.
ამ მეკარისთვის ეს მეცხრე შათაუტია სეზონში და ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა ლიდერს - ბრაიან ელიოტს "სენტ ლუისიდან". კუიკის დამაჯერებელი თამაში მის პარტნიორებს გადაედოთ და მათ სამი უპასუხო შაიბის გატანა შეძლეს.
გასული დღის კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა ის იყო, რომ პლეი ოფში თამაში გაინაღდა "ნეშვილმა". მას ამ დღეს არ უთამაშია, მაგრამ სხვა მატჩები "მტაცებლებისთვის" სასურველი ანგარიშით დასრულდა.
ბარი ტროტცის გუნდმა ბოლო რვა სეზონში მეშვიდედ მოიპოვა სტენლის თასზე თამაშის უფლება.
ვინიპეგი-ნიუ იორკი 2:4
0:0, 2:2, 0:2
გოლები: 1:0 მაჩალეკი-2 (მაქსველი-5, მ. სტიუარტი-10), 2:0 ლიტლი-23 (ველერი-44, ლედი-21), 2:1 დელ ზოტო-8 (კელეჰანი-25), 2:2 კელეჰანი-28 (გაბორიკი-32, დელ ზოტო-30), 2:3 ბ. ბოილი-9 (ფედოტენკო-9, მაკდონაჰი-24), 2:4 სტეპანი-17 (გაბორიკი-33, ბ. რიჩარდსი-37).
კოლამბუსი-დეტროიტი 4:2
2:1, 2:0, 0:1
გოლები: 1:0 პროსპალი-14 (ნეში-26), 2:0 დორსეტი-11 (რ. იოჰანსენი-11), 2:1 ზეტერბერგი-22 (დაციუკი-45, ჰოლმსტრიომი-12), 3:1 ბრასარი-14 (ნიკიტინი-22, უმბერგერი-19), 4:1 უმბერგერი-15 (ატკინსონი-3, ნიკიტინი-23), 4:2 კრონვალი-15 (ლიდსტრიომი-23, დაციუკი-46).
კალგარი-ლოს ანჯელესი 0:3
0:1, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 უ. მიტჩელი-5 (კოპიტარი-42, ვოინოვი-12), 0:2 დ. ბრაუნი-20 (კოპიტარი-43, დაუტი-26), 0:3 ჯასტინ უილიამსი-19.
ედმონტონი-დალასი 1:3
0:1, 0:1, 1:1
გოლები: 0:1 რაიდერი-34 (რიბეირო-43, რობიდასი-17), 0:2 რიბეირო-18 (ლ. ერიქსონი-43, რაიდერი-27), 0:3 რაიდერი-35 (რიბეირო-44, ლ. ერიქსონი-44), 1:3 ჰემსკი-10 (რ. სმიტი-27, პოტერი-17),
ვანკუვერი-კოლორადო 1:0
1:0, 0:0, 0:0
გოლი: 1:0 ჰიგინსი-16 (პალსონი-13).
ანაჰაიმი-სან ხოსე 3:1
0:0, 1:1, 2:0
გოლები: 1:0 რაიანი-28 (სმიტ-პელი-4, ბონინო-12), 1:1 ქლოუ-15 (კუტური-30), 2:1 სელიანე-25 (სბისა-18, ს. კოივუ-24), 3:1 პერი-36.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"