ბელარუსს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს ართმევენ

AutoSharing Option
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას, ჩამოართვას ბელარუსს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება. ასეთი გადაწყვეტილება პარლამენტარებმა იმ მიზეზით მიიღეს, რომ ბელარუსში პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ და ამ ქვეყანაში ხშირად ირღვევა ადამიანთა უფლებები.

დეპუტატებმა მოუწოდეს ევროკავშირის ქვეყნების ჰოკეის ფედერაციებს, რათა მათ ზეწოლა განახორციელონ საერთაშორისო ფედერაციაზე. შედეგი უნდა იყოს ამა წლის მაისში, ჰელსინკში გასამართი კონგრესის სხდომაზე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის სხვა ქვეყანაში გადატანა, თუ, რა თქმა უნდა, იქამდე ბელარუსმა არ გაანთავისუფლა ყველა პოლიტიკური პატიმარი.

ცნობილია, რომ გასულ კვირას ევროსაბჭომ ბელარუსთან
მიმართებაში სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი სანქციების მიხედვით, შეზღუდვები დაუწესდათ მთელ რიგ მსხვილ ბელარუს ბიზნესმენებს, რომლებიც დაახლოებულნი არიან რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან. მათ ეკრძალებათ ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში ჩასვლა, ყადაღა დაედო მათ აქტივებს ევროპის ბანკებში.

მსოფლიოს ჩემპიონატის ჩამორთმევის პერსპექტივაზე საუბრისას ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს ამგვარი გადაწყვეტილება სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის იმიჯს. "ეს წმინდა წყლის პოლიტიზირებული პროცესია და მას სპორტთან არანაირი კავშირი არ აქვს", - ამბობს პრეზიდენტი. მისი თქმით, "ბელარუსმა დაიმსახურა ეს ჩემპიონატი".

ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელარუსის მთავრობა პირობას იძლევა - მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვის შეწყდება ოპოზიციის შევიწროება. ამ ინფორმაციის წყარო საერთაშორისო ფედერაციის ჩინოვნიკი კალერვო კუმოლა გახლავთ. მანვე იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ჩემპიონატის ორგანიზების უფლება არა დიქტატორ ლუკაშენკოს, არამედ ბელარუსის წარმატებულ ნაკრებს მიანიჭეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული