რეგულარულის სამი ლაურეატი

AutoSharing Option
რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სეზონის რამდენიმე პრესტიჟული პრიზის მფლობელი გახდა ცნობილი.

კარიერაში მეორედ მოიპოვა საუკეთესო ბომბარდირის ტიტული (Art Ross Trophy) "პიტსბურგის" ფორვარდმა ევგენი მალკინმა.

ის ერთადერთი ჰოკეისტია ამ სეზონში, ვინც 100-ქულიან ზღვარს მიაღწია. რუსის ანგარიშზე 109 (50+59) ქულა მოდის.

მალკინი პირველად რეგულარული ჩემპიონატის ბომბარდირი 2008-09 წლების სეზონში გახდა. გარდა ამისა, ევგენიმ კარიერაში პირველად მიაღწია 50-შაიბიან ზღვარს და ლიგის ლიდერი გახდა ზუსტი დარტყმების რაოდენობით - 339.

კარიერაში ასევე მეორედ გახდა სეზონის საუკეთესო სნაიპერი "ტამპა ბეის" ფორვარდი სტივენ სტემკოსი - მან 60
გოლით დაასრულა რეგულარული ჩემპიონატი. 2007-08 წლების სეზონის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჰოკეისტმა 60-შაიბიან ზღვარს მიაღწია. ბოლოს ასეთი რამ "ვაშინგტონის" ლიდერმა ალექსანდრ ოვეჩკინმა (65 გოლი) შეძლო. სტემკოსმა ლიგის ლიდერობა გაიყო ფინიქსელ რადიმ ვრბატასთან გამარჯვების მომტანი გოლების რაოდენობით (12); ასევე პირველი იყო ოვერტაიმში გატანილი შაიბებით (5).

"სენტ ლუისის" მეკარეები - ბრაიან ელიოტი და იაროსლავ ჰალაკი William Jennings Trophy-ის მფლობელები გახდნენ.

"ბლუზმენების" გოლკიპერთა დუეტმა ყველაზე ნაკლები შაიბა გაუშვა რეგულარულში - 165. ელიოტმა და ჰალაკმა ასევე პირველი ადგილი დაიკავეს "შათაუტების" (15) რაოდენობით - მათ, შესაბამისად, ცხრა და ექვსი "მშრალი" მატჩი ჩაატარეს.

ელიოტი NHL-ის ლიდერი გახდა საშუალოდ გაშვებული შაიბებისა (1.56) და დარტყმების მოგერიების პროცენტით (94.0).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული