გუშინ, სერიის მეექვსე შეხვედრაში გაარკვიეს ურთიერთობა "ნიუ ჯერსიმ" და "ფლორიდამ". ფლორიდელები იგებდნენ სერიას 3:2 და მოგების შემთხვევაში ინაღდებდნენ მეოთხედფინალში თამაშს. არადა, პლეი ოფის წინ "ფლორიდას" "ნიუ ჯერსისთვის" იდეალურ მეტოქედ ასახელებდნენ, მაგრამ "პანტერებმა"
"ფლორიდამ" დაცვითი ტაქტიკა აირჩია და მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ 16 ზუსტი დარტყმა შეასრულა. "ნიუ ჯერსის" ანგარიშზე კი 42 დარტყმა მოდის. გარკვეული ხანი "ფლორიდას" 34 წლის მეკარე კლემენსენი უმკლავდებოდა მეტოქის საწყის შტურმს. "დევილზის" ლიდერები მას ვერაფერს უხერხებდნენ. სამაგიეროდ, გაუმართლა სტივ ბერნიეს, რომლის შემობრუნებით დარტყმა სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა კლემენსენისთვის.
"ნიუ ჯერსიმ" უპირატესობის გავრცობა მეორე პერიოდის დასაწყისში მოახერხა, როცა ილია კოვალჩუკმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და თითქოს "ეშმაკებს" იოლად უნდა მიეყვანა მატჩი გამარჯვებამდე, მაგრამ აქ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ - მასპინძლების გამოცდილმა მეკარემ მარტინ ბროდომ ორი უხეში შეცდომა დაუშვა და ორი შაიბა მიიღო საკუთარ კარში.
ამის შემდეგ ნერვული და ფრთხილი თამაში წავიდა. ორივე გუნდს ეშინოდა საბედისწერო შეცდომის დაშვების და რიცხობრივი უპირატესობის დროსაც შებოჭილად მოქმედებდა.
მატჩი ოვერტაიმში გადავიდა და იქ გადამწყვეტი აღმოჩნდა "ნიუ ჯერსის" სწრაფი კონტრშეტევა - კოვალჩუკმა შესანიშნავი პასი მიაწოდა ტრევის ზეიჯაკს, რომელმაც შეძლო კლემენსენის მოტყუება - 3:2.
"ფლორიდასა" და "ნიუ ჯერსის" დაპირისპირება მესამეა სტენლის თასის მერვედფინალში, რომელშიც ყველაფერი მეშვიდე მატჩში გადაწყდება. ბოლო შეხვედრა პარასკევს "პანტერების" მოედანზე გაიმართება.
ნიუ ჯერსი-ფლორიდა 3:2 (ო)
1:0, 1:2, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 ბერნიე-2 (რ. კარტერი-1, ჰაროლდი-2), 2:0 კოვალჩუკი-3 (ზაიაცი-3, სიკორა-1), 2:1 ვერსტიგი-3 (ვაისი-2, კულიკოვი-1), 2:2 ბერგენჰაიმი-3 (სტრაჩანი-1, გოკი-3), 3:2 ზეიჯაკი-3 (კოვალჩუკი-2, პარიზე-2).
სერია: 3-3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"