ჩემპიონი გავარდა

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში სტენლის თასს ახალი გამარჯვებული ეყოლება. გუშინ ბოსტონში გაიმართა ადგილობრივი "ბრუინზისა" და "ვაშინგტონის" სერიის მეშვიდე შეხვედრა, რომლის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა დაძაბული გამოვიდა და წინა პლანზე ორივე გუნდის მეკარეები იყვნენ.

სტუმრებმა თითქოს აგრესიულად დაიწყეს შეხვედრა. რამდენჯერმე შეაწუხეს "დათვების" მეკარე ტიმ ტომასი, მაგრამ მალე ინიციატივა "ბოსტონის" მხარეს გადავიდა და ახლა უკვე "კეპიტალზის" კარის დარაჯს, ბრეიდენ ჰოლტბის მოუწია აქტიური მუშაობა.

"ვაშინგტონი" თავის ჩვეულ სტილზე გადავიდა - თამაშის ჩაშლა და იშვიათი კონტრშეტევები. ერთ-ერთმა ასეთმა იერიშმა შედეგი მოიტანა -
პლეი ოფში პირველი შაიბა გაიტანა მეტ ჰენდრიქსმა - 1:0.

მეორე პერიოდში სტუმრებს უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, როცა რუსი ალექსანდრ ოვეჩკინი გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ კარიდან დროულად გამოსულ ტომასს შეეჯახა. ამასობაში "ბოსტონი" აგრძელებდა მატჩზე კონტროლსა და ჰოლტბის "დაბომბვას" (პირველი ორი პერიოდის შემდეგ დარტყმების შეფარდება იყო - 25:13 "ბრუინზის" სასარგებლოდ). ერთ-ერთ მომენტში "კეპიტალზის" ახალგაზრდა მეკარემ ბოიჩუკის დარტყმისას შაიბა ვერ დააფიქსირა და ტაილერ სეგუინმა დამატებაზე მცველებს აჯობა - 1:1.

მესამე 20-წუთეული უფრო აქტიურად "ვაშინგტონმა" ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ ჰამრლიკისა და ჩიმერას გაძევებების გამო ორჯერ რიცხობრივ უმცირესობაში მოუწია თამაში. კიდევ ერთი შანსი მიიღო ოვეჩკინმა, მაგრამ მისი დარტყმა ტომასმა მოიგერია.

საბოლოოდ შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, რომელიც დიდი ხანი არ გაგრძელებულა. მესამე წუთზე სტუმრებს კარგი კონტრშეტევა გამოუვიდათ - ტომასთან ერთი ერთზე გავიდა ნუბლი, მაგრამ მეკარის მოტყუება ვერ შეძლო. იქვე აღმოჩნდა ჯოელ უორდი, რომელმაც ბადეში შეაცურა შაიბა - 2:1.

ბოსტონი-ვაშინგტონი 1:2 (ო)
0:1, 1:0, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 ჰენდრიქსი-1 (ჯ. კარლსონი-2, ჩიმერა-1), 1:1 სუგეინი-2 (ბოიჩუკი-2, ფერენსი-3), 1:2 ჯ. უორდი-1 (ნუბლი-1).
სერია: 3-4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული