თუმცა უკვე პარასკევს ღამით, ფაქტობრივად, ცნობილი იყო, რომ ლიგა და მოთამაშეთა პროფკავშირები ლოკაუტს თავიდან ვერ აიცილებდნენ.
ჰოკეის ეროვნული ლიგის კომისარმა გერი ბეტმენმა კლუბების მფლობელებთან ორსაათიანი სხდომის შემდეგ პრესკონფერენცია მოიწვია.
“არანაირი სიახლის მოწოდება არ შემიძლია. კლუბების მფლობელებთან შეხვედრისას, უბრალოდ, განვიხილეთ მიმდინარე პროცესები. გუნდების წარმომადგენლები ჩვენს პოზიციას სრულად იზიარებენ. ცხადია, რომ ახალი
დღეისთვის მოთამაშეთა ხელფასებზე ლიგის შემოსავლის 57 პროცენტი მიდის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი თანხაა.
ასევე, შემიძლია ვთქვა, რომ მოკლეხნიანი ლოკაუტიც კი, ფინანსური თვალსაზრისით, მათ უფრო ძვირად დაუჯდებათ, ვიდრე ჩვენს ახალ შეთავაზებაზე დათანხმება. ჩვენ ვთავაზობთ ხელფასების კლების სამწლიან გეგმას.
მთავარი სიახლე ის არის, რომ კლუბების მფლობელებთან შეხვედრისას მათ ერთხმად დაუჭირეს მხარი ლოკაუტის გამოცხადებას”, - განაცხადა მაშინ ბეტმენმა.
თავის მხრივ, პრესკონფერენცია მოიწვია კანადური ჰოკეის მთავარმა ვარსკვლავმა, “პიტსბურგის” კაპიტანმა სიდნი კროსბიმ. იგი მოყვა 283 მოთამაშის შეხვედრის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები უახლოეს ხანში მაინც მიაღწევენ კომპრომისს.
“როგორც ჩანს, ლიგამ მტკიცე პოზიცია არჩია ახალი ხელშეკრულების საკითხში - განსხვავებით პროფკავშირებისგან. დღეს ისე ჩანს, რომ სრულფასოვანი ჩემპიონატი, ალბათ, არ გაიმართება, მაგრამ სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს”, - განაცხადა კროსბიმ.
მაგრამ სიტუაციის შეცვლა არ მოხერხდა. NHL-ის ვიცე-პრეზიდენტის, ბილ დეილის თქმით, პროფკავშირებმა არ მიიღეს ლიგის წინადადება შემოსავლის გაყოფაზე და ბოლო მოლაპარაკება, რომელიც შაბათს გაიმართა, უშედეგო გამოდგა.
თუმცა ფუნქციონერმა დაამშვიდა გულშემატკივრები, რომ მოლაპარაკებები უახლოეს ხანში გაგრძელდება და იქნებ მოხერხდეს სეზონის გადარჩენა...
რა იქნება მომავალში? გამორიცხული არ არის, რომ განმეორდეს 1994-95 წლების სეზონის სცენარი, როცა ლოკაუტი 104 დღეს გაგრძელდა და რეგულარული ჩემპიონატი გაანახევრეს. შესაძლოა, გაფიცვა მხოლოდ მოსამზადებელ პერიოდს შეეხოს, თუმცა უკვე ელოდებიან, რომ ლიგის კომისარი გერი ბეტმენი მომავალ კვირას გამოაცხადებს საგამოფენო სეზონის გაუქმებას, რომელიც საკონტროლო მატჩებსაც მოიცავს.
თუ სეზონის გადარჩენა სურთ, მხარეებმა უნდა იჩქარონ. შექმნილი სიტუაცია არავის აწყობს - ფულს დაკარგავენ გუნდები, მოთამაშეები, მსაჯები და არენების მფლობელები.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს ლოკაუტი 2004 წელს გამოცხადდა და მხარეებმა ვერ შეძლეს 2004-05 წლების სეზონის გადარჩენა. მაშინ პროფკავშირი არ თანხმდებოდა სახელფასო ბიუჯეტზე ლიმიტის დაწესებას და ლიგას ხელფასების 24 პროცენტით შემცირებას სთავაზობდა.
არც ერთმა მხარემ არ დათმო და 16 თებერვალს სეზონი გაუქმდა. საბოლოოდ, NHL-მ მიაღწია ხელფასის ზედა ზღვრის დაწესებას, ხოლო ხელფასები ზუსტად 24 პროცენტით შემცირდა.
ამჟამად მთავარი საკამათო საკითხი გახდა ლიგის საერთო შემოსავლის განაწილება. აქამდე მოთამაშეები 57 პროცენტს იღებდნენ და ახლა, მაქსიმუმ, სამ პროცენტს თმობენ; ლიგა კი მათთვის 49 პროცენტს იმეტებს, ოღონდ ეს რიცხვი თანდათან 47 პროცენტამდე უნდა შემცირდეს.
* * *
ლოკაუტის გამოცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ გახდა ცნობილი ორი საინტერესო ტრანსფერის შესახებ: NHL-ის რუსმა ვარსკვლავებმა - ფორვარდმა ევგენი მალკინმა და მცველმა სერგეი გონჩარმა კონტრაქტები გააფორმეს ჰოკეის კონტინენტალურ ლიგაში მოთამაშე მაგნიტოგორსკის "მეტალურგთან".
ამ ჰოკეისტებს უკვე 20 სექტემბერს შეუძლიათ ყინულზე გასვლა, როცა "მეტალურგი" კჰლ-ის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩს ჩაატარებს "სალავატ იულიაევის" წინააღმდეგ.
"დროებითი სამსახური" იშოვა "დეტროიტის" ცენტრფორვარდმა პაველ დაციუკმაც. ის ლოკაუტის პერიოდში "აკ ბარსში" ითამაშებს. ასევე, სამშობლოში დაბრუნდებიან ჩეხი ფორვარდები - იარომირ იაგრი და ტომაშ პლეკანეცი. ისინი იმ კლუბში გადავლენ, სადაც იწყებდნენ საკუთარ კარიერას. ეს გუნდია "კლადნო". სხვათა შორის, 40 წლის იაგრი კლუბის თანამფლობელი გახლავთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"