ეშმაკების მეცხრე წაგება

AutoSharing Option
კვლავ უიღბლოდ ვითარდება რეგულარული ჩემპიონატი "ნიუ ჯერსი ნეტსისთვის". "ეშმაკებმა" დასავლური ტურნე გააგრძელეს და ამჯერად "ვანკუვერს" ესტუმრნენ. ტრავმის გამო აღმოსავლელებს ერთ-ერთი ლიდერი - ზაკ პარიზე ვერ დაეხმარა, თუმცა მის გარეშეც "დევილზმა" საკმაოდ აქტიურად დაიწყო მატჩი. შეხვედრა ორი ბრწყინვალე მეკარის - რობერტო ლუონგოსა და მარტინ ბროდოს დუელად უნდა ქცეულიყო. ამჯერად გამარჯვება კანადური კლუბის გოლკიპერს ერგო. ლუონგო გაუმკლავდა "ნიუ ჯერსის" სასტარტო შტურმს, რის შემდეგაც მისი თანაგუნდელები გააქტიურდნენ და ამჯერად ბროდოს მოუწია თავისი ოსტატობის გამოვლენა - ვეტერანმა ძმები სედინების შეტევები მოიგერია. პირველი პერიოდის დასრულებამდე
6 წუთით ადრე სტუმრების მცველმა მეტ ტაორმინამ საკუთარი კარის უკან დაკარგა შაიბა და მენი მალორტამ რაფი ტორესის მისამართით შეასრულა შესანიშნავი პასი, რასაც სტუმრების კარში პირველი გოლი მოჰყვა. პერიოდის ბოლომდე "დევილზმა" ორჯერ მიიღო რიცხობრივი უპირატესობა, მაგრამ ხეირიანი ვერაფერი შექმნა.

მეორე პერიოდი ახალი დაწყებული იყო, როცა "დევილზმა" მეორედ გამოიტანა საკუთარი კარიდან შაიბა. გოლი კესლერმა გაიტანა. ფორვარდი ზურგშექცევით იდგა ბროდოს კართან და "ბექჰენდით" შეაგდო შაიბა. ამის შემდეგ ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა სტუმრების რუსმა ვარსკვლავმა ილია კოვალჩუკმა - მისი დარტყმა ბოლო მომენტში მცველმა კიტ ბალარდმა შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ კოვალჩუკი უკვე მეოთხე მატჩია უქულოდ ტოვებს მოედანს.

ამას მოჰყვა მასპინძელთა კიდევ ერთი მოთამაშის გაძევება და "ეშმაკებმა" ისევ ვერ შეძლეს რიცხობრივი უპირატესობის რეალიზება. პერიოდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე "დევილზმა" მაინც გაიტანა გოლი, მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა. ენდი გრინის შორეული დარტყმის შემდეგ კლარკსონმა კარის წინ იბრძოლა და გაიტანა, მაგრამ არბიტრმა მეკარეზე თავდამსხმა დააფიქსირა.
მესამე პერიოდის დიდი ნაწილი "ნიუ ჯერსიმ" შეტევებში გაატარა. კოვალჩუკმა ისევ იაქტიურა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. "ვანკუვერი" კი კონტრშეტვებზე თამაშს ცდილობდა და ერთხელ სტუმრებს ჰენრიკ სედინი გაექცათ. მართალია, შვედმა მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა, მაგრამ ბულიტის უფლება მიიღო და თავად გამოიყენა ეს შანსი. "ნიუ ჯერსიმ" სეზონში მეცხრე მატჩი წააგო, "ვანკუვერის" კარის დარაჯმა რობერტო ლუონგომ კი კარიერაში 52-ე "მშრალი" მატჩი ჩაატარა.

"მედისონ სკვერ გარდენში" გაიმართა შეხვედრა "ნიუ იორკ რეინჯერსსა" და "ჩიკაგო ბლეკჰოქსს" შორის. ისევ გამოჩინა თავი "რეინჯერსის" პირველ სამეულმა. დუბინსკიმ, კელეჰანმა და ანისიმოვმა ჯამში ექვსი ქულა მიითვალეს. მათმა შედეგიანმა თამაშმა და ჰენრიკ ლუნდკვისტის 33 "სეივმა" ნიუიორკელებს ბოლო ხუთ მატჩში მეოთხე გამარჯვება მოაპოვებინა.

"ფილადელფიას" წარმატებული სტუმრობა გამოუვიდა "კაროლინას" მოედანზე. თავისი წამყვანი ფორვარდის დანიელ ბრიერის არყოფნაში დუბლი ჩაიწერა აქტივში სკოტ ჰარტნელმა, ამას კლოდ ჟირუს გოლი დაემატა და "მფრინავებმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს.

რეინჯერსი-ჩიკაგო 3:2
1:1, 0:0, 2:1
გოლები: 0:1 კოპეცკი-2 (კეიტი-10, შარპი-6), 1:1 დუბინსკი-6 (ანისიმოვი-5, კელეჰანი-8), 2:1 დუბინსკი-7 (კელეჰანი-9, ანისიმოვი-6), 2:2 პ. კეინი-4 (ტეუვზი-7, კეიტი-11), 3:2 კრისტენსენი-2 (პრუსტი-2, დელ ზოტო-3).

ფილადელფია-კაროლინა 3:2
1:0, 1:1, 1:1
გოლები: 1:0 ჰარტნელი-3 (ჯ. კარტერი-5, ლეინო-8), 1:1 დუაიერი-3 (სკინერი-5), 2:1 ჟირუ-7 (მ. რიჩარდსი-9), 3:1 ჰარტნელი-4 (ტიმონენი-4, ჯ. კარტერი-6), 3:2 კორვო-1 (ბ. სუტერი-2, ტ. რუუტუ-4).

ვანკუვერი-ნიუ ჯერსი 3:0
1:0, 1:0, 0:0
გოლები: 1:0 ტორესი-3 (მალორტა-4), 2:0 კესლერი-4 (რეიმონდი-3, სამუელსონი-6), 3:0 ჰ. სედინი-1 (ბულიტი).

აღმოსავლეთი
 თ მ წ ოწ ქ
1. ტამპა ბეი 10 7 2 1 15
2. მონრეალი 11 7 3 1 15
3. ფილადელფია 12 7 4 1 15
4. ვაშინგტონი 11 7 4 0 14
5. რეინჯერსი 11 6 4 1 13
6. პიტსბურგი 12 6 5 1 13
7. ბოსტონი 8 6 2 0 12
8. ატლანტა 11 5 4 2 12
9. ტორონტო 10 5 4 1 11
10. კაროლინა 11 5 6 0 10
11. აილენდერსი 11 4 5 2 10
12. ოტავა 11 4 6 1 9
13. ფლორიდა 9 4 5 0 8
14. ბაფალო 12 3 7 2 8
15. ნიუ ჯერსი 13 3 9 1 7

დასავლეთი
 თ მ წ ოწ ქ
1. ლოს ანჯელესი 11 8 3 0 16
2. ჩიკაგო 14 7 6 1 15
3. კოლორადო 11 6 4 1 13
4. სტ. ლუისი 9 6 1 2 14
5. დეტროიტი 9 6 2 1 13
6. ნეშვილი 10 5 2 3 13
7. ვანკუვერი 10 5 3 2 12
8. კოლამბუსი 10 6 4 0 12
9. დალასი 10 6 4 0 12
10. კალგარი 11 6 5 0 12
11. სან ხოსე 9 5 3 1 11
12. მინესოტა 10 4 4 2 10
13. ფინიქსი 10 3 4 3 9
14. ანაჰაიმი 12 4 7 1 9
15. ედმონტონი 9 3 4 2 8

ბომბარდირები
გოლი+პასი
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 19 (9+10)
კრის სტიუარტი (კოლორ) 16 (9+7)
პატრიკ შარპი (ჩიკ) 16 (10+6)
სიდნი კროსბი (პიტ) 15 (6+9)
ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 15 (5+10)
რაიან გეტცლაფი (ანა) 15 (4+11)
ბრედ რიჩარდსი (დალ) 14 (3+11)
გოლები
პატრიკ შარპი (ჩიკ) 10
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 9
კრის სტიუარტი (კოლორ) 9
მარიან ჰოსა (დეტ) 7
ფილ კესელი (ტორ) 7
დანიელ სედინი (ვან) 7
ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 7
ბრენდონ დუბინსკი (რეინ) 7
კლოდ ჟირუ (ფილ) 7
პასები
რაიან გეტცლაფი (ანა) 11
ბრედ რიჩარდსი (დალ) 11
ჰენრიკ სედინი (ვან) 11
ჯონ-მაიკლ ლაილსი (კოლორ) 11
დანკან კეიტი (ჩიკ) 11
ნიკლას ლიდსტრიომი (დეტ) 11
ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 10
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 10


ოქტომბრის რიცხვები
ჰოკეის ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ციფრებით შეაჯამა რეგულარული ჩემპიონატის პირველი თვე.
0 - სწორედ ამდენი საშინაო მოგება აქვთ ოქტომბერში "ნიუ ჯერსისა" და "ბაფალოს". მხოლოდ ამ გუნდებს არ გაუხარებიათ საკუთარი გულშემატკივრები გამარჯვებით.
1 - ერთი შაიბა გავიდა რიცხობრივი უმცირესობისას იმ დროს, როცა ერთი გუნდი სამი ჰოკეისტით ეთამაშებოდა მეტოქის ხუთეულს! "აილენდერსის" წევრმა ფრანს ნილსენმა კონტრშეტევაში გაქცევა შეძლო და ბულიტი მოიპოვა, რომელიც გოლში გარდასახა, მაგრამ "ფილადელფიამ" მაინც მოუგო ნიუიორკელებს - 6:1.
2 - საკუთარ მოედანზე ორი "მშრალი" მატჩი ჩაატარა "კაროლინამ". "ჰარიკეინზმა" პირველი საშინაო მატჩები ევროპული ტურნეს შემდეგ გამართა. პოლ მორისის გუნდმა ერთნაირი ანგარიშით - 0:3 წააგო "ვაშინგტონთან" და "პიტსბურგთან".
3 - ჯამში ამდენი შაიბა აქვს გაშვებული "ბოსტონის" მეკარე ტიმ ტომასს, რომელმაც ზედიზედ ორ მატჩში "შათაუტი" შეასრულა. ამერიკელი გოლკიპერი ოქტომბერში საშუალოდ 0.5 შაიბას უშვებდა.
4 - "კოლორადომ" NHL-ის ანტირეკორდი დაამყარა - რიცხობრივი უპირატესობისას ოთხი შაიბა გაუშვა.
5 - ერთ მატჩში ხუთი ქულა დააგროვა "სან ხოსეს" ფორვარდმა ჯო ტორნტონმა. 31 წლის მოთამაშის "მსხვერპლი" "ნიუ ჯერსი" გახდა, ტორნტონმა კი მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა - ხუთი ქულა მატჩში ჯერ არავის დაუგროვებია.
6 - სწორედ ასეთი მაქსიმალური სხვაობა დაფიქსირდა ანგარიშში. ექვშაიბიანი უპირატესობით "ფლორიდამ" "ტამპა ბეი" დაამარცხა.
7 - ერთ მატჩში ერთი გუნდისთვის გატანილი ყველაზე მეტი გოლი. "ვაშინგტონმა" ორჯერ გაიტანა ერთ შეხვედრაში შვიდი შაიბა - "ნიუ ჯერსისთან" (7:2) და "კალგარისთან" (7:2). ასეთივე შედეგიანობა აჩვენა "ედმონტონმა" "ჩიკაგოს" წინააღმდეგ - 7:4.
8 - ზუსტად ამდენჯერ აგებდა "ნიუ ჯერსი" მეორე პერიოდის შემდეგ და ეს კარგად აისახება სატურნირო ცხრილში.
10 - ჩიკაგოელი პატრიკ შარპი ათი შაიბით ერთპიროვნულად ლიდერობს ლიგის სნაიპერებს.
11 - ოქტომბერში გამართული 156 მატჩიდან მეკარეებმა 11-ჯერ შეძლეს "შათაუტის" შესრულება.
12 - ამდენი მატჩი ჩაატარა "ნიუ ჯერსის" მეკარე მარტინ ბროდომ. მან და "ვაშინგტონის" გოლკიპერმა მიხალ ნოივირტმა ოქტომბერში თავიანთი გუნდების ყველა მატჩში მიიღეს მონაწილეობა.
14 - "სან ხოსე შარქსმა" 14 შაიბა გაიტანა რიცხობრივი უპირატესობისას. "ზვიგენები" ამ მაჩვენებლით ლიდერობენ ლიგის გუნდებს შორის.
19 - "ტამპა ბეის" ფორვარდი სტივენ სტემკოსი 19 ქულით სათავეში უდგას ბომბარდირთა დავას და თუ ასეთ ტემპს შეინარჩუნებს, სავარაუდოდ რეგულარულ ჩემპიონატს დაახლოებით 160 ქულით დაასრულებს.
21 - განვლილი მატჩების მეორე პერიოდებში "ნიუ ჯერსიმ" 21 შაიბა გაუშვა და ეს იმაზე მეტია, ვიდრე გუნდმა სეზონის ყველა მატჩში გაიტანა.
33 - ამდენი შეხვედრა გადავიდა ოვერტაიმში და აქედან 11 ბულიტების სერიაში დასრულდა.
122 - ზუსტად ამდენ წუთს გრძელდება "ტორონტო მეიპლ ლივზის" "მშრალი" სერია. კანადურმა გუნდმა "ბოსტონისა" და "რეინჯერსის" კარში ვერ შეძლო შაიბის გატანა. "მეიპლ ლივზმა" ბოლო ექვს მატჩში მხოლოდ შვიდი გოლი შეაგდო.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული