NHL. პლეი ოფი: "პინგვინებს" თამაში დაავიწყდათ

AutoSharing Option
პირველი საშინაო მატჩის სენსაციურად წაგების შემდეგ "პინგვინები" მათთვის უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

"კროსბის ეპოქაში" "პიტსბურგმა" მხოლოდ ორჯერ წააგო სერიის სასტარტო მატჩი საკუთარ მოედანზე: 2010 წელს "პინგვინზი" "ოტავასთან" დამარცხდა, მაგრამ შემდეგ მოიგო მეორე შეხვედრა და სერია ექვს მატჩში. გასულ სეზონში "პიტსბურგმა" შინ წააგო "ფილადელფიასთან" პირველი მატჩი, რასაც მოჰყვა ცნობილი განადგურება - 5:8. სერიაში საბოლოო მოგებაც ფილადელფიელებს ერგოთ.

ასე რომ, კლუბის ისტორიისა და სტატისტიკის მიხედვით, "ბოსტონთან" დაპირისპირების მეორე მატჩი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა: "პიტსბურგს" აუცილებლად სჭირდებოდა პირველ შეხვედრაში წაგებისთვის რეაბილიტაცია.

მატჩის წინ მასპინძლებს განწყობა
საბრძოლო ჰქონდათ; აცხადებდნენ, რომ აუცილებელი იყო ბალანსი შეტევასა და დაცვას შორის. სინამდვილეში კი "პინგვინებმა" სრული უმწეობა გამოავლინეს, მათი ვარსკვლავები კი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდად თამაშობდნენ.

უკვე 32-ე წამზე სიდნი კროსბიმ სარისკო გასწვრივი პასი გააკეთა მეტოქის ზონის ცისფერ ხაზთან ახლოს. შაიბა ბრედ მარჩანდმა ჩაჭრა და ერთი-ერთზე გასვლა მეკარესთან უპრობლემოდ გამოიყენა. ამის შემდეგ "პიტსბურგის" კარში შაიბა შესაშური რეგულარულობით შედიოდა.

მეორე გოლი, რომელიც ნათან ჰორტონმა ჩაიწერა აქტივში, მასპინძლების მეცველებმა - კრის ლეტანგმა და პოლ მარტინმა თავად გაიტანეს, მესამე შაიბის შემდეგ კი "პინგვინზის" მეკარე ტომაშ ვოკოუნი სათადარიგოთა სკამისკენ გაეშურა. ალბათ, არ შეიძლება ჩეხი მეკარის გაშვებულ გოლებში დადანაშაულება, მით უმეტეს, მარცხის მასზე გადაბრალება: სერიის ორ მატჩში "პიტსბურგის" ნაქებმა შეტევამ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, ასეთი შედეგიანობით კი კონფერენციის ფინალის მოგება შეუძლებელია.

ვოკოუნის ნაცვლად ყინულზე მარკ-ანდრე ფლერი გავიდა, რომელიც უკანასკნელად "პიტსბურგის" კარს ერთი თვის წინ იცავდა. ის ჩეხ კოლეგას არ ჩამორჩა და ასევე სამი შაიბა გაუშვა.

"პინგვინზს" კომბინაციური თამაში საერთოდ არ გამოსდიოდა. კროსბი და ევგენი მალკინი არაფერს აკეთებდნენ გუნდის განადგურებისგან გადასარჩენად, დაცვა აგრძელებდა ფანტასტიკური შეცდომების დაშვებას. საბოლოოდ, "ბოსტონის" დიდი ანგარიშით გამარჯვება სავსებით დამსახურებული იყო, რაც "პიტსბურგის" ჰოკეისტებმაც აღიარეს.

"პიტსბურგმა" მხოლოდ ერთხელ გადაარჩინა ისტორიაში სერია პირველი ორი საშინაო მარცხის შემდეგ. ეს მოხდა 1996 წელს, სტენლის თასის პირველ რაუნდში. თუმცა დენ ბილსმას ძლიერი და ჯიუტი "ბოსტონი", ალბათ, არ მისცემს მეტოქეს ასეთი "ქამბექის" შესრულების საშუალებას. თუმცა სასწაულებიც ხდება.

პიტსბურგი-ბოსტონი 1:6
1:4, 0:0, 0:2
გოლები: 0:1 მარჩანდი-3, 0:2 ჰორტონი-7 (კრუგი-2), 0:3 კრეიჩი-8 (ჰორტონი-10, ლუჩიჩი-9), 1:3 ბ. სატერი-2 (კუკი-4, პ. მარტინი-8), 1:4 მარჩანდი-4 (პ. ბერჟერონი-5, იაგრი-5), 1:5 პ. ბერჟერონი-4 (იაგრი-6, ბოიჩაკი-1), 1:6 ბოიჩაკი-5 (შ. ტორნტონი-4, გ. კემპბელი-4).
სერია: 0-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: უგოლო "პიტსბურგი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული