მოულოდნელი გამოდგა აღმოსავლეთის მატჩის შედეგი: "პიტსბურგის" "გოლების მანქანამ" ვერც ერთხელ ვერ გაუტანა ტუუკა რასკს, რომელმაც 29 დარტყმა მოიგერია.
პირველი პერიოდის შუაში, სტენლის თასის წლევანდელი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირმა, "ბოსტონის" ფორვარდმა დავიდ კრეიჩიმ გახსნა ანგარიში, რაშიც მას მასპინძლების მცველი პოლ მარტინი დაეხმარა. კრეიჩი საშუალო მანძილიდან ურტყამდა და შაიბა მარტინს ციგურში მოხვდა, რის გამოც, რიკოშეტზე დროულად რეაგირება ვერ მოასწრო "პინგვინების" კარის დარაჯმა ტომაშ ვოკოუნმა.
მოვლენათა ასეთი განვითარებით შოკირებული პიტსბურგელები
მესამე პერიოდში კრეიჩიმ დუბლი გაიფორმა და პლეი ოფში თავის 45-ე მატჩში 45-ე ქულა დააგროვა, ხოლო, როცა "პიტსბურგის" მცველების მიერ მივიწყებულმა ნათან ჰორტონმა მესამე შაიბა გაიტანა, გამარჯვებულის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი იყო.
* * *
დასავლეთი კონფერენციის ფინალის პირველ მატჩში "ლოს ანჯელესმა" პირველი პერიოდის ბოლოს გახსნა ანგარიში - მან "ჩიკაგოს" მეკარის კორი კროუფორდის წინდაუხედავი თამაშის წყალობით გამოიჩინა თავი, მაგრამ ამის შემდეგ, "ბლეკჰოქმა" არა მხოლოდ ანგარიშის გათანაბრება, არამედ წინ გასვლაც მოახერხა. მასპინძლებმა ერთშაიბიანი უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს.
ძალიან ბევრი მუშაობა მოუწია "კინგზის" მეკარე ჯონათან კუიკს, რომელმაც 36-დან 34 დარტყმა მოიგერია, მაგრამ მისი მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან მასპინძლები დროულად მიხვდნენ, რომ მეტოქის ზონის პერიმეტრიდან დარტყმები შედეგს არ მოიტანდა. "ბლეკჰოსის" ჰოკეისტები აქტიურად ამოქმედნენ "ლოს ანჯელესის" კარის სიახლოვეს და კუიკს დარტყმის მომენტის აღქმაში უშლიდნენ ხელს - სწორედ ეს გახდა პირველ მატჩში წარმატების საწინდარი.
პიტსბურგი-ბოსტონი 0:3
0:1, 0:0, 0:2
გოლები: 0:1 კრეიჩი-6 (ჰორტონი-8, ფერენსი-1), 0:2 კრეიჩი-7 (ჰორტონი-9), 0:3 ჰორტონი-6 (ლუჩიჩი-8, გ. კემპბელი-3).
სერია: 0-1
ჩიკაგო-ლოს ანჯელესი 2:1
0:1, 2:0, 0:0
გოლები: 0:1 ჯასტინ უილიამსი-5, 1:1 შარპი-8 (ოდუია-2, ჰანზუში-6), 2:1 მარიან ჰოსა-6 (კიტი-9, ბიკელი-2).
სერია: 1-0
გრეტცკი და მესიე "რეინჯერსს" უმიზნებენ
ჰოკეის ეროვნული ლიგის ორი ლეგენდა - უეინ გრეტცკი და მარკ მესიე "ნიუ იორკ რეინჯერსში" მუშაობით დაინტერესებას გამოთქვამენ, - წერს "ნიუ იორკ პოსტზე" დაყრდნობით NHL-ის ოფიციალური ვებგვერდი. თავად კლუბში ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთეს. შეგახსენებთ, რომ "რეინჯერსში" მთავარი მწვრთნელის თანამდებოდა მას შემდეგ განთავისუფლდა, რაც ხელმძღვანელობამ რამდენიმე დღის წინ, ჯონ ტორტორელა დაითხოვა.
მესიე ნიუიორკული კლუბის ლეგენდაა, რომელმაც 1994 წელს, 54-წლიანი შესვენების შემდეგ მოაპოვებინა "რეინჯერსს" სტენლის თასი. ის, ამჟამად, ამ კლუბის გენერალური მენეჯერის გლენ სატერის სპეციალური თანაშემწის მოვალეობებს ასრულებს.
გრეტცკი, რომელიც "ედმონტონში" მესიესთან ერთად სატერის ხელმძღვანელობით გამოდიოდა, უკვე მუშაობდა NHL-ში მთავარ მწვრთნელად - ის "ფინიქსს" ედგა სათავეში (2005-09).
მესიე და გრეტცკი ერთად "რეინჯერსშიც" თამაშობდნენ - 1996-97 სეზონში, როცა ისინი სტენლის თასის ნახევარფინალში გავიდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: ჩემპიონი მაინც გავიდა