10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება დანიასთან მატჩში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა 10 ივნისს დანიასთან ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი სტუმრად გამართა და ანგარიშით 1:5 დამარცხდა.

ეს ქართველი ფეხბურთელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა იყო. გთავაზობთ Sportall.ge-ს რედაქციის მიერ მომზადებულ შეფასებას 10-ბალიანი სისტემის მიხედვით.

გიორგი ლორია - 4.5 - საქართველოს ნაკრების მეკარის "სინდისზე" გაშვებული 5 გოლიდან, ალბათ, მხოლოდ მე-3 არის. იყო თუ არა ჯარიმა, ფაქტია, ლორიამ არადამაჯერებლად ითამაშა, ბურთი ვერ მოიგერია და გოლიც გავუშვით. ასევე, მეოთხე გოლის დროსაც მარცხენა მხარეს იყოს გადაწეული და ბურთის კარგად მოგერიება გაუჭირდა. სტატისტიკის მიხედვით, 5 სეივი ჰქონდა,
თუმცა არცერთი ყოფილა ისეთი, რომ ვთქვათ, კარი გადაარჩინაო. განსაკუთრებული შეცდომები არ ჰქონია, თუმცა, როცა მეკარე 5 გოლს უშვებს, ძნელია ვთქვათ, ცუდად არ უთამაშიაო.

გიორგი ნავალოვსკი - 4.5 - მარცხენა მცველი ხშირად მიდიოდა წინ, ცდილობდა თამაშის გამწვავებას. დანიელები არც მარჯვნიდან აკლებდნენ შეტევებს, თუმცა ძირითადად ჩვენი მარცხენა ფლანგიდან უტევდნენ, აწვდიდნენ. გაშვებული 4 გოლიდან (მე-5 გოლის დროს მოედანზე აღარ იყო) მისი ბრალი არცერთი არ ყოფილა. 2 შემთხვევაში უკან ჩამოსვლა დააგვიანდა, თუმცა ძალიან გაგვიმართლა და გოლი არცერთხელ არ გაგვიშვია. რა თქმა უნდა, მასაც ჰქონდა შეცდომები, თუმცა მსგავსი ინტენსიური შეტევის ფონზე, ცუდად ნამდვილად არ უთამაშია.

გია გრიგალავა - 4.5 - პირველ ტაიმში გია გრიგალავა საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ცენტრალურ მცველს არც კაცი გაუტარებია და არც ბურთი, მხოლოდ 1 შემთხვევაში დაასწრო კიაერმა. მეორე ტაიმში კი, მესამე გოლის შემდეგ ვეღარც გია დარჩა მოწოდების სიმაღლეზე. მეოთხე გოლის დროს დოლბერგს ვერ დაუფარა, ანკერსენის გარღვევისას ძალიან სუსტი იყო, ბოლო გოლის დროსაც უკეთ უნდა ემოქმედა. ნავალოვსკის მსგავსად, საერთო ჯამში ცუდად არ უთამაშია, მაგრამ...

გურამ კაშია - 3.5 - რთულია თქმა, თუმცა, შესაძლოა, გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის განმავლობაში ყველაზე ცუდად ამ მატჩში ითამაშა. ეტყობა გურამს ამერიკაში გადასვლა; ისიც ეტყობა, რომ ბოლოს თამაშიც არ უწევს. მე-3 ბურთის დროს ის და ლორია ვერ გაერკვნენ სიტუაციაში, მე-4 გოლის დროს აშკარად დააგვიანა, 2-3 ჯერ ადვილად გასცდნენ. სამწუხაროდ, კაშიასგან ვერ მივიღეთ ის, რასაც მისგან მიჩვეულები ვართ - დაცვის ეფექტური ხელმძღვანელობა.

ოთარ კაკაბაძე - 3.5 - კაშიას მსგავსად, ძალიან სუსტი შეხვედრა ჰქონდა. შეტევაში თითქმის ვერცერთხელ ვერ გაამწვავა სიტუაცია. პირველი გოლის დროს დოლბერგს ვერ შეუშალა ხელი, მესამე გოლის დროს შორიდან უყურებდა მოვლენებს. ოთარისგან საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი გაცილებით მეტს ელოდება და მარჯვენა მცველსაც რომ უკეთ შეუძლია თამაში, საიდუმლო არაა.

ჯაბა კანკავა - 4.0 - ყველაზე სუსტი რგოლი ამ შეხვედრაში ჩვენი ნახევარდაცვა იყო. დანიელებს არც ფლანგებიდან უჭირდათ შეტევა, არც ცენტრიდან. ამდენი ნახევარმცველის ფონზე ასეთი შედეგი არ უნდა დამდგარიყო. ფაქტია, კაპიტანმა სუსტად ითამაშა. რამდენიმე არასაჭირო სიტუაციაში შეცდომა დაუშვა და გაძევებასთანაც ახლოს იყო. პენალტი "აიკიდა" (შესაძლოა არც უნდა დანიშნულიყო, მაგრამ მაინც). ვხედავთ იმ ჟინს, რა განწყობითაც ჯაბა თამაშს იწყებს და ამთავრებს, ბოლომდე იბრძვის, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არაა.

ნიკა კვეკვესკირი - 4.0 - ასეთი სუსტი თამაში კვეკვესკირისგანაც მოულოდნელი იყო. გავრისკავთ და ვიტყვით, რომ ნიკა საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფეხბურთელია, ნაკრების ღერძი. თითქმის ყველა წარმატებულ თამაშში მისი წვლილი უდიდესი იყო, თუმცა დანიასთან ძალიან დაიჩაგრა. მესამე გოლის დროს დოლბერგი მიატოვა და საჯარიმოს ცენტრიდან ადევნებდა თვალს.

ლაშა პარუნაშვილი - 3.5 - ყველაზე სუსტი ჩვენს ნაკრებში სწორედ ლაშა პარუნაშვილი იყო. "ესბიერგის" ნახევარმცველმა მოედანზე საკუთარი ადგილი ვერ იპოვა. ეს მწვრთნელის ბრალიც არის, ალბათ, თუმცა, ფაქტია, პირველი ზუსტი პასი მეორე ტაიმში გააკეთა და რამდენიმე წუთში შეცვალეს კიდეც. ნიჭიერი ნახევარმცველია, კარგად შეუძლია თამაში, თუმცა ამ შეხვედრაში სრულიად ამოვარდნილი იყო წესრიგიდან, თუ მოედანზე არსებულ მოცემულობას ჩვენთვის წესრიგი ერქვა.

საბა ლობჟანიძე - 5.5 - საბამ ერთადერთი გოლი გაიტანა და უფრო დიდი სირცხვილი აგვარიდა თავიდან. ცდილობდა, დარბოდა, იბრძოდა, თუმცა ძალიან ძნელი იყო. ალბათ, მასთან სასაყვედურო ყველაზე ნაკლები გვაქვს, რაც შეძლო მარტომ, გააკეთა. 1 რეალური მომენტი ჰქონდა და ისიც გამოიყენა, მაგრამ იყო მომენტები, როცა შეტევაში არაზუსტ გადაცემას აკეთებდა.

ოთარ კიტეიშვილი - 5 - საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ კიტეიშვილი იყო. საგოლე შეტევისას სწორედ ოთარმა მოუგო საჰაერო ორთაბრძოლა მასზე 10 სანტიმეტრით მაღალ ანკერსენს. გარდა ამისა, დაცვაშიც ეხმარებოდა გუნდს, შეტევაშიც ცდილობდა ბურთის წაღებას და რამდენჯერმე გამოუვიდა კიდეც. შეეძლო გოლის გატანაც, თუმცა გვილიას ლამაზი პასის შემდეგ ძლიერად ვერ დაარტყა. ჰქონდა ტექნიკური წუნი.

ვალერიან გვილია - 5.5 - კიტეიშვილის მსგავსად, გვილიაც ერთ-ერთი ყველაზე კარგი იყო ჩვენს ნაკრებში. პირველი გოლის დროს კიაერთან წააგო ორთაბრძოლა, თუმცა ამ მომენტის გარდა, უხეში შეცდომა არ დაუშვია. ძალიან კარგი პასი გაუკეთა საბა ლობჟანიძესა და ოთარ კიტეიშვილს. მისთვის უცხო პოზიციაზე ითამაშა და რაც შეეძლო, გააკეთა.

გიორგი პაპუნაშვილი - 5 - ნახევარ საათზე მეტი დრო დაჰყო მოედანზე, თუმცა შემოსვლიდან 5 წუთში მე-3 გოლი გავუშვით და ნაკრებიც მოიშალა. პაპუმ რამდენჯერმე სცადა სიტუაციის გამწვავება. 2-3-ჯერ კარგად წაიღო ბურთი. გოლის გატანაც შეეძლო, მცირე მანძილით ააცილა კარს ბურთი. ალბათ, გაცილებით კარგი იქნებოდა მისი პირველივე წუთებიდან დაყენება.

ელგუჯა ლობჯანიძე: შეფასების გარეშე - ლობჯანიძე 74-ე წუთზე შემოვიდა მოედანზე. ფიზიკურად ძლიერმა ფორვარდმა რამდენიმე ბურთის მოგება შეძლო, კარგად ებრძოდა კრისტენსენს, თუმცა ბურთი ბევრჯერ არ მიუღია, არც მომენტი ჰქონია.

ლაშა დვალი: შეფასების გარეშე. 4:1-ს ვაგებდით, როცა მწვრთნელმა ამპლუით ცენტრალური მცველი დაცვის მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად შემოიყვანა მოედანზე და მატჩის ბოლომდე გოლის გაშვება მაინც მოვასწარით, თან მარცხენა ფლანგიდან განვითარებული შეტევით.

ვლადიმირ ვაისი: 2 მინუსით - ყველაზე სუსტი ამ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. უამრავი შეცდომა ჰქონდა სლოვაკს. თემურ ქეცბაიას ნაკრებს ვაკრიტიკებდით, რადგან 9 ფეხბურთელით დაცვას თამაშობდა გუნდი, თუმცა მაშინ ამდენ გოლს არ ვუშვებდით. ახლა 10 ფეხბურთელით ვიცავდით თავს და 5 გოლი გავუშვით. ვაისი იმიტომ მოგვწონს, რომ შეუძლია გუნდს კომბინაციური, შემტევი ფეხბურთი ათამაშოს. აშკარად არ გამოსდის დაცვითი ფეხბურთით გუნდის დალაგება. საჭიროა მეტი გაბედულობა, ასე შეშინებული გუნდი მწვრთნელს არ უნდა გამოჰყავდეს მოედანზე. რომ შეგვეტია, ბურთის დაჭერა გვეცადა, 5 გოლზე მეტს გავუშვებდითო, ვერ ვიტყვით. თუკი ვინმემ იმედები გაგვიცრუა, ეს ვაისი იყო. შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ არ ველოდით, რომ იმავეს გააკეთებდა. კიდევ ერთი, შორიდან ჩანს, რომ სლოვაკ მწვრთნელს გუნდის ფსიქოლოგიურად დამუხტვა არ გამოსდის და თამაშამდე აცხადებს კაპიტულაციას.

P.S. თქვენი შეფასება კომენტარებში დაგვიწერეთ.

alt"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

 

altდანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა


მკითხველის კომენტარები / 45 /
დააბრუნეთ ცხადაძე ნაკრებში უვიცია ეს ვაისი არ იცის როგორ ათამაშოს ნაკრები ფსიქოლოგიურად განაწყოს არ აქვს ტაქტიკა არანაირი დამუშავებული კომბინაცია უბრალოდ გაყავს გუნდი მოედანზე იმის იმედით იქნებ გაუვარდეს ყარაულის თოფივით
gaguuu
12 ივნისი 2019 14:33
5
ყოჩაღ ავტორს, დროა ესე და უფრო თამამად თქვათ ჟურნალისტებმა სათქმელი, ცოტა მაინც აურიეთ, სად ნახეთ ბატონო ვაისის კომბინაციური შემტევი ფეხბურთი, ერთა ლიგაზე ის ჩაკვეტაძის დამსახურება იყო
l
12 ივნისი 2019 14:32
0
ცხადაძის გაშვებას ბევრჯერ ინანებთ. ბელარუსს შეიძლება მოუგოს ჩაკვეტაძემ მაგრამ! კოსოვო მაგარი გუნდია.
გაგა
12 ივნისი 2019 14:28
3
დვალს ერთხელ არ მისცემია შანსი ცენტრალურ მცველად.
გიგა
12 ივნისი 2019 14:03
1
ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი უკეთ ათამაშებდა გუნდს.
გიგა
12 ივნისი 2019 13:58
9
ამათ შეფასებას ბაზარი აძლევთ, კაპიკია მათი ფასი.
დიმა
12 ივნისი 2019 13:52
0
მაკარიძე ჩააყენეთ კარში. კვირკველია ხოჭოლავა კაკაბაძე ტაბიძე დაცვაში. კანკავაა, კვეკვე , ჩამშლელ საყრდენად , აქეთ ჩაკვე შუაში ყაზაიშვილი. კვარაცხელია ან ლობჟანიძე კრაიზე. წინ დააყენეთ ოქრი . ეს ნაკრები თუ შეიკრიბა . ჩვენი მოგება გაუჭირდება დანიაზე უკეთესებსაც. ჯანო რო შევა ფორმაში დიდი ძალაა . ზარანდიაც და ხარაიშვილიც კარგები არიან. მაგრამ აქ ვინც დავწერე ამათგან 7 ტრამვიანი . სამი გაუგებარი მიზეზით არც ათამაშა ერთი არც გამოიძახა და ახლა ვინცაა იმ ხალხით ვერ ვაკეთებთ ვერაფერს და გი და რო თქვა. თავს დავდებ კვირკველია რო ყოფილიყო მინიმუმ სამი გოლი არ გავიდოდა. ის პროფესიონალია
Emiri
12 ივნისი 2019 13:50
6
ვაისის შეფასებაში 100% მართალი ხარ.
ქ. გ.
12 ივნისი 2019 13:42
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული