ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საჩხერის "ჩიხურა" ხუთშაბათს, 11 ივლისს, სტუმრად, "ფოლა ეშის" წინააღმდეგ ლუქსემბურგში გამართავს.
იმის გასაგებად, თუ რა ვითარებაა კლუბში, Sportall.ge საჩხერელთა მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს დაუკავშირდა.
- მოგესალმებით ბატონო სოსო. გვაინტერესებს რა მდგომარეობაა გუნდში ლუქსემბურგში გამგზავრებამდე ორი დღით ადრე?
- გუნდი ევროპა ლიგის პირველი ეტაპის მატჩისათვის მოსამზადებელ პროცესს გადის. "ჩიხურა" ბიძინა მახარობლიძემ დატოვა და ის კარიერას "ლოკომოტივში" გააგრძელებს. თუმცა, იგივე "ლოკომოტივიდან" ჩვენ რატი არდაზიშვილი შემოგვიერთდა. ტრავმა აქვს თორნიკე მუმლაძეს და ის "ფოლასთან" მატჩში ვერ დაგვეხმარება. დანარჩენი ფეხბურთელები მწყობრში არიან და სრული დატვირთვით ემზადებიან.
- რას იტყვით მოწინააღმდეგეზე, რამდენად რთული მეტოქეა "ფოლა"?
- ვნახეთ ამ კლუბის თამაში, შევისწავლეთ მათი ტაქტიკა. გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია, რომ გუნდი რამდენიმე ფეხბრუთელმა დატოვა, თუმცა ძირითადი ბირთვი შენარჩუნებული ჰყავთ.
"ფოლას" ძლიერი მხარეებიდან ფლანგებიდან შეტევებს გამოვყოფდი. ასევე, გუნდი ძალიან კარგად იყენებს სტანდარტულ მდგომარეობებს. ვერ ვიტყვი, რომ დაუმარცხებელი გუნდია და "ჩიხურას" ამ ბარიერის დაძლევა არ შეუძლია. მთავარია, თავისუფლად თამაშის საშუალება არ მივცეთ და მათი სუსტი მხარეები ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ.
აქვე, წარმატებები მინდა ვუსურვო ყველა ქართულ კლუბს, როგორც ევროთასების პირველ ეტაპზე, ისე დანარჩენ შეხვედრებში.
როგორც ზევით აღვნიშნეთ, შეხვედრა ხუთშაბათს, 11 ივლისს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.