რუსული გამოცემა Sovetsky Sport-ი საქართველოს ნაკრების მცველ გია გრიგალავასთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.
აღნიშნულ დიალოგში გია საქართველოს ნაკრების თემაზე, საკუთარ კარიერასა და სხვადასხვა დეტალზე საუბრობს.
- გასულ სეზონში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეთ, ბოლო ტურში "დინამოს" წინააღმდეგ. დაიწყო ახალი სეზონი და პირველივე შეხვედრაში ისევ "დინამო" დაამწუხრეთ. ეს დამთხვევაა?
- დიახ, ბოლო დროს ისე ხდება, რომ მხოლოდ მათ წინააღმდეგ გამაქვს გოლები. მოსკოვის "დინამო" ჩემს საყვარელ გუნდად იქცა (იცინის).
- საკმაოდ რთული იყო შუნინის კარში იმ გოლის გატანა, თქვენ წინ ხომ ამდენი ფეხბურთელი იყო...
- დიახ, თუმცა ვიცოდი, რომ ჩვენი ფეხბურთელები თავიანთ "კაცებს" გაიყოლებდნენ და ასეც მოხდა, გათავისუფლდა სივრცე, დავარტყი და გავიტანე.
- ბავშვობაში თავდამსხმელად თამაშობდით. შემოგრჩათ შემტევის უნარ-ჩვევები?
- ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ახლა წინ იშვიათად მივდივარ. თუმცა, თანამედროვე ფეხბურთში მცველების მიერ გატანილი გოლები არავის უკვირს. ზოგიერთ გუნდში თავდამსხმელებზე მეტი გააქვთ.
- მამათქვენი მორაგბე იყო და სსრკ-ის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა. თქვენ რატომ აირჩიეთ ფეხბურთი?
- ჩვენ საცხოვრებლად როსტოვში გადავედით, რუსეთში კი რაგბი ისეთი პოპულარული არაა, როგორც საქართველოში. ამიტომ ფეხბურთი ავირჩიე და მამაც მხარს მიჭერდა.
- 19 წლის ასაკში სტაჟირება "აიაქსში" გაიარეთ. ვინმე ვარსკვლავთან ერთად მოგიწიათ ყოფნა?
- რომ არ მოგატყუოთ, გვარები არ მახსოვს. იქ მხოლოდ 2 კვირა გავატარე.
- კონტრაქტის გაფორმება რატომ ვერ შეძელით?
- ისინი "აიაქსის" მეორე გუნდში თამაშს მთავაზობდნენ, ამ დროს კი რუსეთიდან ძალიან კარგი შემოთავაზება მივიღე. მალევე გავაფორმე კონტრაქტი "მოსკვასთან".
- თქვენ რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში გაქვთ ნათამაშები...
- არ მიყვარს ამის გახსენება. ერთი შეხვედრა ჩავატარე ფარერების წინააღმდეგ და 0:1 წავაგეთ. არადა, კარგი ფეხბურთელები გვყავდა: ალან ძაგოევი, ალეკსანდრ კოკორინი, არტიომ ძიუბა.
- ეს 2009 წელს მოხდა, 2011 წელს კი საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტეთ. გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო დაგჭირდათ?
- მაშინვე დავთანხმდი. როგორც კი შემოთავაზება მივიღე, მაშინვე ავდექი და ჩემებთან, სამშობლოს სახელით სათამაშოდ წავედი.
- თუმცა, რუსეთის ნაკრები ხომ უფრო ძლიერი გუნდია. არ გჯეროდათ, რომ რუსეთის გუნდში მოხვდებოდით?
- იცით რა, მე თუ მკითხავთ, მაშინ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთზე უკეთესი იყო. მე ვგულისხმობ ინდივიდუალურ ოსტატობასა და კლუბებს, სადაც ფეხბურთელები თამაშობდნენ.
- მით უმეტეს, საქართველოს ნაკრებმა ჯერ ვერცერთ მნიშვნელოვან ტურნირზე ასპარეზობა ვერ მოახერხა. ახლო მომავალში ამ მხრივ ცვლილებებას ხომ არ ელოდებით?
- ძალიან მინდა 2020 ევროპის ჩემპიონატზე თამაში. აქვე, ვთვლი, რომ ცუდი შანსები ნამდვილად არ გვაქვს. თუ ჯგუფიდან ვერ გავალთ, მომავალი წლის მარტში პლეი-ოფი გველოდება, რადგან ერთა ლიგაზე ჩვენი ჯგუფი მოვიგეთ.
გია გრიგალავა 1989 წელს ქუთაისში დაიბადა. საკლუბო კარიერის მანძილზე გიას "როსტოვში", "მოსკვაში", "ვოლგაში", "კრილია სოვეტოვში", "ანჟიში", "პაფოსში", "ეთნიკოსსა" და "არსენალში" უთამაშია. რუსეთის პრემიერლიგაში 143 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომლებშიც 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ასევე, გრიგალავამ ეროვნულ ნაკრებში უკვე 26 შეხვედრა ჩაატარა.