შეგახსენებთ, რომ მან წინა შეკრებაზე, ბოლო სპარინგისას, ფეხი იტკინა. როგორც კვლევამ აჩვენა, მენისკი ნაწილობრივ დაზიანებულია. ის გუნდთან ერთადაა ყვარელში, მაგრამ ფეხი ისევ აწუხებს და, ცხადია, ვერც სრული დატვირთვით ვარჯიშობს, ინდივიდუალური გეგმით ემზადება. ნაკრებში იმედოვნებენ, რომ ლაშას ჩემპიონატამდე დარჩენილ 10 დღეში ტკივილი კიდევ უფრო ჩაუცხრება.
ის მსოფლიოს პირველობაზე ნამდვილად იჭიდავებს, მაგრამ აქედანვე შეგუებულნი არიან, რომ გამაყუჩებლებით მოუწევს ტატამზე გასვლა. ვარაუდობენ, რომ
შავდათუაშვილის ფაქტორი გუნდში ისედაც დიდია, მაგრამ ყველაფერს გუნდური ტურნირის ინტერესიც ემატება. ეს შეჯიბრება წლეულს უფროსებში პირველად ჩატარდება შერეული პრინციპით, ანუ ვაჟებისა და ქალების გაერთიანებული გუნდი გამოვა - 3 ვაჟი და ამდენი ქალი, მასში კი 73 კილოგრამიც შედის. ამ წონაში ლაშას ღირსეული შემცვლელი არ გვყავს.
ვიქონიოთ იმედი, რომ 30 აგვისტომდე (ჩემპიონატი ბუდაპეშტში 28-ში იწყება, მაგრამ შავდათუაშვილი 30-ში იჭიდავებს) მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გამოსწორდება. საბედნიეროდ, ვაჟთა გუნდში ტრავმირებული სხვა არავინაა.
* * *
ამ ჩემპიონატზე ქალები სწორედ გუნდური შეჯიბრების გამო მიჰყავთ, თორემ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გია თენაძე არც გეგმავდა იქ გამოსვლას. მონაწილეც მხოლოდ ოთხი გვეყოლება - მარტო იმ წონებში, რომელიც გუნდურში შედის: მარიამ ჯანაშვილი (57), ნინო ოძელაშვილი, ესტერ სტამი (ორივე - 70) და ელენე ქებაძე (+78).
უკვე გადაწყდა, რომ ამ კვარტეტიდან სტამი მხოლოდ გუნდურში იჭიდავებს - არსებითად, ის ამისთვის დააბრუნეს სპორტში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"