IJF-ის ნომინაციები - ლაშა ბექაური 2019 წლის ახალბედად დასახელდა

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2019 წელი შეაჯამა, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოაცხადა და საუკეთესო ახალბედად 19 წლის ქართველი ლაშა ბექაური დაასახელა.

აი, რას წერს მსოფლიო ძიუდოს ოფიციალური ვებგვერდი ქართველ სპორტსმენზე:

"19 წლის ძიუდოისტს IJF მსოფლიო ძიუდოს ტურში დებიუტი ბაქოს გრანდ სლემზე ჰქონდა, როცა ის შეჯიბრებას მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ნემანია მაიდოვმა (სრბ) გამოთიშა.

არავინ ელოდა, რომ ახალ წლამდე სეზონის მეორე ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე გაიმარჯვებდა. თუმცა საქართველო განთქმულია ახალგაზრდა მედალოსნებით და ქართველი ახალბედა ძიუდოისტები რეგულარულად ხვდებიან ხოლმე პოდიუმებზე.

ბექაურმა ოქტომბერში მეორე ცდაზე მოიგო მსოფლიოს
ახალგაზრდული ჩემპიონატი. ამ გამარჯვებამ ის მსოფლიო რეიტინგში 36-ე პოზიციამდე დააწინაურა და 90 კგ წონით კატეგორიაში მასტერსზე მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.

კოში-გურუმას, ანუ მოგვერდის სპეციალისტმა ცინდაოს მასტერსის მესამე წრეში, ვინ-ვინ და, მსოფლიო ჩემპიონი ნოელ ვან ტ'ენდი (ნიდ) დაამარცხა. ეს უნიკალური მოვლენა იყო, რამეთუ ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონმა უფროსებში მსოფლიო ჩემპიონს მოუგო.

ბექაური ამაზე არ გაჩერებულა, მედლისკენ მიმავალ გზაზე ჩამოიცილა იაპონელი მურაო, მსოფლიოს ყოფილი ვერცხლისპრიზიორი თურქი ოზერლერი და ფინალში მსოფლიოს რეიტინგის პირველი ნომერი, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა.

ახალგაზრდა ქართველი ამჟამად რეიტინგში მე-11 პოზიციას იკავებს და ერთ-ერთი იმათგანია, ვისთვის თვალის მიდევნებაც 2020 წელს ძალიან საინტერესო იქნება."

სხვა ნომინაციები

წლის იპონი - კაგეურა კოკოროს მიერ გაკეთებული გდება ფრანგ სირილ მერეს წინააღმდეგ მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის ფინალში.

წლის მომენტი - მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი დარია ბილოდიდი გახდა მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ძიუდოისტი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა ზედიზედ ორჯერ მოიპოვა.

წლის საუკეთესო ძიუდოისტი - იტალიელი მანუელ ლომბარდი, რომელმაც 3 შეჯიბრების მოგება მოახერხა.

ნომინაცია "ბოლოს და ბოლოს" - ფრანკ დე ვიტმა (ნიდ) დომინიკელ მედიკსონ დელ ორბე კორტორეალს 2 მარცხის შემდეგ მოუგო.

ისტორიის შემქმნელი - ამ ნომინაციაში კრისტა დეგუჩიმ (კან) და ჟორჟე ფონსეკამ (პორტ) გაიმარჯვეს, რადგან თავიანთი ქვეყნის ისტორიაში პირველად მოიპოვეს ოქროს მედლები.

წლის მატჩი - მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის ფინალი საფრანგეთსა და იაპონიას შორის.

წლის საოცნებო მატჩი - ოლიმპიურ ჩემპიონ მაილინდა კელმენდისა (კოს) და მსოფლიო ჩემპიონ აბე უტას (იაპ) ორთაბრძოლა, რომელშიც 19 წლის იაპონელმა 28 წლის ლეგენდა დაამარცხა.

წლის ბრძოლა - ამ ნომინაციას ორი გამარჯვებული ჰყავდა  - ჯოშირო მარუიამასა და აბე ჰიფუმის დაპირისპირება და  კლარის აგბენენოუ ტაშირო მიკუს წინააღმდეგ.

წლის მოულოდნელობა - მსოფლიოს 202-ე ნომერმა, 27 წლის ბრაზილიელმა ალან კუვაბარამ, რომელიც გრანდ სლემის მონაწილედ შეჯიბრამდე 2 კვირით ადრე აარჩიეს, სამშობლოში ჩატარებული დიდი ტურნირი მოიგო. აღსანიშნავია, სპორტსმენისთვის ბრაზილიის გრანდ სლემი პირველი დიდი ტურნირი იყო.

altლაშა ბექაურმა ცინდაოს მასტერსის ფინალში ნიკა შერაზადიშვილი იპონით დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბექაური უკვე შემდგარი ძიუდოისტია, რასაც ტოკიოს ოლიმპიადაზე დაუმტკიცებს ყველას. მისი ყველაზე დიდი დადებითი თვისება ისაა, რომ უშიშარია ვითარცა უხორცო და ნერვები აქვს თუ არა ვერ გაიგებ. ახლა მთავარია სწორად წარიმართოს მისი ვარჯიშის პროცესი და შეუდგინონ შეჯიბრებებში მონაწილეობის სწორი გეგმა. შედეგებს ნუ გამოეკიდებით, მიზანი ოლიმპიადა უნდა იყოს და ყველა შეჯიბრი იმაზე უნდა გაითვალოს, როგორ წაადგება ის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსვლას.
ჟორა
26 დეკემბერი 2019 09:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული