ტალინში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი სუმოში, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა 10 მედლის მოპოვება მოახერხეს. მათ შორის 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალია.
ბოლო საშეჯიბრო დღეს, როდესაც კვარცხლბეკზე სუმოისტი ლაშა ჯელაძე ავიდა, ორგანიზატორებმა საქართველოს ძველი ჰიმნი ჩართეს, რასაც ჩვენი დელეგაციის პროტესტი მოჰყვა.
"სირცხვილი და თავის მოჭრა ესტონეთს! ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა აწ დასრულებული ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო მხარე, ოძეკი ბარუტოს სამშობლოში!
არეულად ატარებდნენ ორთაბრძოლებს... შიმპანი რაღაც გაუგებარ მოძრაობებს სთხოვდა მებრძოლებს... ხშირად ცდებოდნენ მსაჯები... დიქტორმა არ იცოდა კითხვა; დამახინჯებულად აცხადებდა მონაწილეების გვარ-სახელებს...
ყველაფრის დაგვირგვინება იყო ჩვენი ჩემპიონის, ლაშა ჯელაძის პატივსაცემად საქართველოს ძველი ჰიმნის აჟღერება.
ჩვენი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, თენგიზ რუხაძის სრულიად სამართლიანი მოთხოვნით, ძველი ჰიმნი შუა მსვლელობისას გააჩერეს, თუმცა სანაცვლოდ ამჟამინდელი ჰიმნის ჩართვა ესტონელებმა ვეღარ შეძლეს და შეურაცხყოფილებს მოუწიათ ქართველებს კვარცხლბეკის დატოვება", - ვკითხულობთ ქართული სუმოს ქომაგების Facebook-გვერდზე.