სამი ძმა ყაზბეგიდან - ძმური დინასტიები ქართულ საჭიდაო სამყაროში [PHOTO]

AutoSharing Option
ქართულ თუ მსოფლიოს სპორტს ოჯახური დინასტიების არაერთი მაგალითი ახსოვს. მათ შორის - წარმატებული ძმებისაც, რომლებსაც დიდ ასპარეზზე ერთად თუ ცალ-ცალკე უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები მოუპოვებიათ.

გუნდურ სახეობებში ძმები ძალიან ხშირად თანაგუნდელებად გვევლინებიან, ინდივიდუალურ სახეობებში კი ხშირად ერთმანეთის მეტოქეობაც უწევთ.

ქართულ საჭიდაო სახეობებში ძმური დუეტები ბევრი არა, მაგრამ მაინც გვყავს. ასე მაგალითად, თავისუფალ ჭიდაობაში ახლო წარსულში ერთბაშად სამი ძმა მოვიდა ყაზბეგიდან: დავით, ირაკლი და გიორგი მარსაგიშვილები. ისინი სოფელ არშადან მოვიდნენ დიდ სპორტში, რაც მათი მამის - ლევან მარსაგიშვილის დიდი დამსახურებაა: სახლში სავარჯიშო დარბაზი
ჰქონდა მოწყობილი და შვილებს ვარჯიშს აძალებდა, თუმცა არა მარტო ჭიდაობაში, არამედ - ფეხბურთსა და სხვა სახეობებშიც.

Sportall.Ge
ფოტოზე: დავით მარსაგიშვილი

Sportall.Ge
ფოტოზე: ირაკლი მარსაგიშვილი

Sportall.Ge
ფოტოზე: გიორგი მარსაგიშვილი

მამა ცდილობდა, შვილები სპორტულად, ჯანმრთელად აღეზარდა და ეზიარებინა ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის, ამ მიზნის მისაღწევად კი სპორტის სახეობას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. უბრალოდ, ყოფილმა მოჭიდავემ ყველაზე კარგად ჭიდაობა იცოდა და, ალბათ, ამის დამსახურებაა, რომ სამივე შვილი ჭიდაობას გაჰყვა.

Sportall.Ge
ფოტოზე: დავით და ირაკლი მარსაგიშვილები

მამას იმედები ყველაზე მეტად უმცროსმა - დათომ გაუმართლა, ვინც ეროვნულ ნაკრებში ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პირველობასა და ოლიმპიადაზე კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. თუმცა ორივე ბრინჯაო მისთვის დანაკარგი უფრო იყო, ვიდრე - მონაპოვარი, რადგან იმ კონკრეტულ შეჯიბრებებზე გაცილებით მეტს იმსახურებდა და პატარა შეცდომის გამო გახდა იძულებული, ბრინჯაოთი დაკმაყოფილებულიყო.

Sportall.Geგანსაკუთრებით დასანანი ლონდონის ოლიმპიადაზე მისი წაგება იყო, სადაც უაღრესად ხელსაყრელ ბადეში მოხვდა. ასპარეზობა ჩინებულადაც დაიწყო, მაგრამ ნახევარფინალში საჭიდაო სამყაროსთვის მაშინ ჯერ კიდევ უცნობ პუერტორიკოელ ხაიმე ესპინალისთან წააგო.

არადა, თავიდან უგებდა და თითქოს ოლიმპიადის ფინალში გასვლა ძალზე რეალური იყო...

სამწუხაროდ, მას აკლია სტაბილურობა, ხასიათის სიმტკიცე და უმეტესად ვერ ახერხებს, მთელი ტურნირი თავიდან ბოლომდე მაღალ დონეზე ჩაატაროს.

ამიტომ მის კარიერას ლამის მუდმივად გასდევს ასეთი შტრიხი: რაც უნდა კარგად ჭიდაობდეს, შეჯიბრების მიმდინარეობისას ერთხელ მაინც გამოურევს "ჩაგდებულ" შეხვედრას, როცა კარგავს კონცენტრაციას და ისეთ მეტოქესთან წააგებს, ვისთან მოგებაც ცალი ხელით შეუძლია.

ესაა მიზეზი, რომ მან ვერ მიაღწია იმდენს, რამდენსაც მისი მონაცემები იმსახურებდა.

თუმცა ამაში დიდი როლი ტრავმებმაც ითამაშეს, რაც ბედისწერად გასდევს მის კარიერას - ნაირ-ნაირი ოპერაციის გამო ძალიან ბევრი გაუცდა, ძალიან ბევრი დრო დაკარგა და დღესაც ერთ-ერთ ასეთ ნაოპერაციებ ტრავმას იშუშებს.

დღეს ამ ძმური ტრიოდან აქტიურ სპორტულ კარიერას მხოლოდ დათო აგრძელებს, სხვებმა კი დაასრულეს ჭიდაობა.

სამაგიეროდ, ამასობაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ახალი ძმური დუეტი მიადგა - ავთანდილ და ნიკოლოზ კენჭაძეები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევიდან.

ჯერ ისინი ახალგაზრდები არიან და მთელი კარიერა წინ აქვთ, თუმცა ასაკობრივ გუნდებში უკვე მოიპოვეს გარკვეული შედეგები. ჯერჯერობით მათ შორის უფრო წარმატებული უფროსი ძმა - ავთოა, რომელმაც 20-წლამდელებში ევროპის მესამეპრიზიორობა მოასწრო, 23-იანებში კი ევროპის წლევანდელი გამარჯვებულია.

ეგ კი არა, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდული გუნდის წევრი იყო, როცა ორი წლის წინ საქართველოს ჩემპიონი უფროსებში გახდა, შედეგად კი მსოფლიოს ჩემპიონატზეც იჭიდავა. თუმცა სტატისტი არც ნიკაა და 20-წლამდელებში ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონია, ოღონდ ეგაა, რომ ძმები ძირითადად ერთ წონაში - 74-ში ჭიდაობენ და ერთმანეთთან მეტოქეობაც უწევთ.

Sportall.Ge

ფოტოზე: მარცხნივ ავთო კენჭაძე, მარჯვნივ ნიკა კენჭაძე

ავთო უკვე გადავიდა უფროსებში და ეროვნული ნაკრებში 74 კილოგრამის პირველი ნომრობისთვის დაძაბულ ბრძოლაში შედეგიანადაც იბრძვის, ნიკოლოზი კი ჯერ ბოლო სეზონს ატარებს ახალგაზრდულ გუნდში.

ოჯახური სამეული გვყავდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშიც, ოღონდ იქ ძმები და ბიძაშვილი გამოდიოდნენ: მიხეილ და ირაკლი ქაჯაიები ძმები არიან, იაკობ ქაჯაია კი მათი ბიძაშვილია.

ისინი წყალტუბოდან მოვიდნენ დიდ სპორტში, მათ შორის ყველაზე წარმატებული კი იაკობი გამოდგა. თუმცა - ისიც ახალგაზრდულ ასაკში, თორემ უფროსებში გადასვლის შემდეგ რატომღაც ჩაიკარგა. ყოველ შემთხვევაში - ჯერჯერობით მაინც... არადა, თავის დროზე მასზე დიდ იმედებს ვამყარებდით, ახალგაზრდებში იმდენად შეუჩერებელი იყო.

Sportall.Ge

ეროვნულ ნაკრებში ფეხი მიხეილმაც მოიკიდა - მაშინდელ 96-ში, თუმცა დიდი შედეგებისთვის არ მიუღწევია. მოგვიანებით ის სერბეთში გადავიდა და ახლა მათი სახელით ჭიდაობს, ირაკლიმ კი დაანება თავი სპორტს.

Sportall.Ge
ფოტოზე: მიხეილ ქაჯაია

ახლო წარსულში ძმების დუეტი ძიუდოშიც გვყავდა - დავით და მინდია ბოდაველები, ახლა კი ასეთი სამი წყვილია: ვანო და ბაგრატ ნინიაშვილები თეთრიწყაროდან, ამირან და ჯაბა პაპინაშვილები კასპიდან და ლაშა და ბექა შავდათუაშვილები გორიდან.

ამათგან ამირან პაპინაშვილი ბევრად უფროსია სხვებზე, რომლებიც ჯერ ასაკობრივ გუნდებში რჩებიან.

Sportall.Ge
ფოტოზე: ამირან პაპინაშვილი

ბუნებრივია, ყველაზე გამოცდილიც ეროვნული ნაკრების ეს ლიდერია: ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამეპრიზიორი, სხვადასხვა რანგის შეჯიბრებათა მოგებაზე რომ არაფერი ვთქვათ...

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეროვნულ ნაკრებში 60 კილოგრამში მას უმცროსი ძმა - ჯაბა შეცვლის, რაც თაობათა ცვლის ლოგიკური პროცესიც იქნება: 29 წლის ამირანი უკვე უახლოვდება კარიერის დასასრულს, ჯაბა კი ახლა იწყებს მას. ის ამ შემოდგომაზე ახალგაზრდებში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ეროვნული ნაკრების კარზეც დააკაკუნა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ჯაბა პაპინაშვილი

სავარაუდოდ, უახლოეს წლებში ძმების სპორტულ დაპირისპირებასაც ვიხილავთ, ჯერჯერობით კი ოფიციალურად ერთმანეთს არ შეხვედრიან.

ძმები ნინიაშვილები წლეულს ისევ ასაკობრივ ნაკრებში გამოდიოდნენ, თუმცა უფროსმა - ვანომ უკვე დაამთავრა გამოსვლა ახალგაზრდებში.

Sportall.Ge
ფოტოზე: ვანო ნინიაშვილი

ამათგან სპეციალისტებს თავიდანვე უფრო მეტად უმცროსი ძმის - ბაგრატისა ეიმედებოდათ და მას შედეგებიც უკეთესი აქვს: ჭაბუკებში მსოფლიოს ორი წლის წინანდელი ფინალისტი და იმავე წლის ბრინჯაოსმედალოსანი, ახალგაზრდებში მსოფლიოს წლევანდელი მესამეპრიზიორი...

Sportall.Ge
ფოტოზე: ბაგრატ ნინიაშვილი

მათი ერთ წონაში ხილვის ალბათობა ჯერჯერობით მცირეა, შედეგებს კი რაც შეეხება, ვნახოთ, რა სიურპრიზს გვიმზადებენ სამომავლოდ...

ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა; ასევე, 2018 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, ლაშა არაერთგზის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია.

Sportall.Ge

ტიტულებით ბექა ძმას ვერ შეედრება, თუმცა რამდენიმე მედალი ახალგაზრდებში აქვს მოპოვებული: ახალგაზრდულ ევროპის თასზე ორჯერ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო საქართველოს ჩემპიონატში - ვერცხლის მედალი.


Sportall.Ge
ფოტოზე: მარჯვნიდან ბექა შავდათუაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და მისი მეუღლე
მკითხველის კომენტარები / 4 /
ოღონდ ლაშა როგორ არის არაერთგზის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი?!
გიორგი
17:41 06-04-2018
0
თავა, დათო ყველაზე პატარაა, უფროსი ირაკლია და მწვრთნელია წიდაობის, გიორგი შუათანაა და მამა მასზე ყველაზე მეტ იმედს ამყარებდა, მაგრან დათომ გაუსწრო შედეგებით. რაღაც პერიოდი მწვრთნელი იყო. ახლა ამერიკაშია. დათო კი, როგორც წერ, მორიგი ტრავმის შედეგს იმკის
ლალა
16:57 30-11-2017
0

სიახლეები პოპულარული