არსენ ვენგერმა კვლავ განაცხადა, რომ ჩემპიონობის იმედი არ გადაუწურავს და ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა
„არსენალმა“, რასაკვირველია, კვლავ დაკარგა ქულები, მისმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა კი კვლავ განაცხადა, რომ ჩემპიონობის იმედი არ გადაუწურავს და ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა.

ოთხშაბათს, მას მერე, რაც „მეთოფეებმა“ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ 3:3 ითამაშეს, „ჩელსიმ“ კი „ბირმინგემს“ 3:1 მოუგო, „არსენალსა“ და „ჩელსის“ 64-64 ქულა დაუგროვდათ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ 6-6-ით ჩამორჩებიან. კიდევ, ლონდონის გუნდებმა, ამ დღეს, ადგილები გაცვალეს - მეორეზე „ჩელსი“ გადავიდა, „არსენალი“ კი მესამეზე დაქვეითდა, რადგან გატანილ-გაშვებულთა სხვაობა აქვს უარესი.

ვენგერს კაპიტნის, სესკ ფაბრეგასის დაცვაც დასჭირდა. ესპანელმა ნახევარმცველმა ვერც ამჯერად ითამაშა ვარსკვლავივით, არადა, დღეს, ჩემპიონატის დამთავრებამდე ხუთი ტურით ადრე, ჩრდილოლონდონელებს სწორედ ვარსკვლავური თამაში სჭირდებათ, რათა ზედიზედ მეექვსე სეზონში არ დარჩნენ ტიტულის გარეშე. მწვრთნელმა თქვა:

„ჯერ არაფერი დასრულებულა. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. „ტოტენჰემთან“, მეორე ტაიმში ვეღარ ვივარგეთ, რაც დაღლის ბრალი იყო - კვირას „ლივერპულთან“ გვქონდა დაძაბული შეხვედრა. ოთხ დღეში ორი ასეთი თამაში მეტისმეტია. ძალთა აღდგენა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ იღბლის ამბავიც არის - შეიძლებოდა თავი აგვერიდებინა იმ პენალტისთვის, რომლითაც „ტოტენჰემმა“ ანგარიში გაგვითანაბრა.“

ლონდონური დერბი დიდებული სანახავი გამოდგა. 40 წუთის შემდეგ „მეთოფეები“ 3:1-ს იგებდნენ. მათგან თეო უოლკოტმა, სამირ ნასრიმ და რობინ ვან პერსიმ გაიტანეს, „სფურზიდან“ კი რაფაელ ვან დერ ვაარტმა უპასუხა. როგორც უკვე მოგახსენეთ, მეორე ტაიმში ანგარიში იმავე ვან დერ ვაარტმა პენალტით გაათანაბრა, მაგრამ ვენგერის აზრით შეხვედრის მთავარი გოლი, რომელმაც მასპინძლები გამოაცოცხლა და საბოლოოდ ფრემდე მიიყვანა, ტომ ჰადლსტოუნისა იყო. ეს გოლი 24 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა 44-ე წუთზე შეაგდო. ვენგერმა ბრძანა:

„ვფიქრობ, თამაშის ბედს „ტოტენჰემის“ მეორე გოლმა დაასვა უდიდესი დაღი. ჩვენ გვინდოდა შესვენებაზე ორგოლიანი უპირატესობით გავსულიყავით, თუმცა, რაც მოხდა, მოხდა. ჩვენ მებრძოლი სულის ხალხი ვართ და იმედს ბოლო დღემდე არ დავკარგავთ. კრიტიკასაც ტრადიციულად მაგრად დავუდგებით.

დღეს ისეთი თამაში იყო, რომ მოგება ორივე გუნდს შეეძლო. ჩვენ „უაით ჰართ ლეინზე“ გოლების გასატანად მოვედით და ვეთამაშეთ გუნდს, რომელსაც დიდებული თავდასხმა ჰყავს.“

თუმცა, ვენგერს ბოლოხანს აშკარად ეტყობა, რომ ნერვები ღალატობს. ამაზე რამდენიმე დღის წინ ყოფილი ინგლისელი მსაჯი გრემ პოლი წერდა და მართალი რომ იყო ოთხშაბათსაც დადასტურდა - ფრანგს „სფურზის“ ერთ-ერთ მწვრთნელ კლაივ ალენთან მოუვიდა შელაპარაკება. თუმცა, „არსენალის“ თავკაცი ცდილობს შექმნილ მდგომარეობაშიც ყურები არ ჩამოყაროს:

„ახლა, „ჩელსისაც“ გაუჩნდა შანსი, თუმცა მას „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და „ტოტენჰემთან“ აქვს სათამაშო. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისევ ჩვენზეა დამოკიდებული. დღევანდელი შეხვედრა კი ზოგადი დასკვნებისთვის არ გამოდგება. ჩვენ ძალიან იშვიათად ვუშვებთ სამ გოლს იმ შეხვედრებში, რომლებშიც სამი გოლი გაგვაქვს.“

ზემოთ ფაბრეგასი ვახსენეთ... ერთ-ერთი ესპანური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში „ბარსელონას“ აღზრდილმა თქვა, რომ ვენგერს ამდენ ხანს „ლა ლიგის“ არც ერთ ამბიციურ გუნდში არ გააჩერებდნენ. ეს სწორედ ის ინტერვიუა, რომლიდანაც კიდევ ერთი ციტატა გუშინაც გაგაცანით - სესკმა თქვა, ბოლოს და ბოლოს „არსენალმა“ უნდა გადაწყვიტოს, ტიტულები უნდა თუ მომავალი თაობის აღზრდაო. ვენგერის კომენტარი ასეთი გახლდათ:

„სესკის ინტერვიუმ შემაშფოთა, რადგანაც აშკარად ჩანს, რომ მის უკან ერთ-ერთი კლუბი დგას და სატრანსფერო სეზონის წინ სიტუაციას ამწიფებს. რაც იქ ეწერა ჩემზე, შეტევა არ იყო. სესკს ძალიან კარგად ვიცნობ, ასე რომ... ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია.“

„ტოტენჰემის“ თავკაცმა ჰარი რედნაპმა კი შეხვედრის შესახებ ასე თქვა: „დიდებული თამაში იყო, ფანტასტიკური. მეორე ტაიმში შანსები გვქონდა და მოგებაც შეგვეძლო. როდესაც 3:1-ს ვაგებდით, დავიძაბე, მაგრამ, საბედნიეროდ ძალები გამოვნახეთ და ანგარიში გავათანაბრეთ.“

"ჩელსი" დაბრუნდა

ინგლისის ჩემპიონთა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბირმინგემთან“ 3:1 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ თუ პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერი, „მანჩესტერ იუნაიტედი“, დარჩენილი ხუთი შეხვედრიდან ორს წააგებს, მისი გუნდი შეიძლება კვლავ დაეუფლოს ტიტულს. იტალიელმა სპეციალისტმა, რასაკვირველია, კარგად იცის, რომ ამისთვის „ლურჯებმა“ თავის წინ ხუთივე დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგონ.

ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად კვლავ „იუნაიტედი“ რომ რჩება, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს მთავარ კონკურენტებთან, „ჩელსისა“ და „არსენალთან“ სათამაშო აქვს... „ჩელსი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 8 მაისს სტუმრად, „ოლდ ტრეფორდზე“ ეწვევა, მანამდე კი, 1 მაისს, ლონდონის „ემირეიტ სთედიუმზე“ „არსენალისა“ და „იუნაიტედის“ დაპირისპირებაა.

ანჩელოტიმ თქვა: „ამ სეზონში ჩემპიონობას უფრო ნაკლები ქულა დასჭირდება ვიდრე შარშან. შარშან, ჩვენ 86 ქულა გვქონდა. წლეულს, „იუნაიტედს“ 80 ეყოფა - დარჩენილ ხუთ თამაშში 10 ქულა აქვს მოსაგროვებელი. თუმცა, გამოცდილება მკარნახობს, რომ ფეხბურთში, გადაჭრით, ბოლო წამამდე არაფრის თქმა არ შეიძლება. გუნდმა შეიძლება ტიტული ბოლო წამზე მოიგოს ან წააგოს.

ერთი თვის წინ რომ მეთქვა, ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ გვაქვსო, ალბათ, გიჟად ჩამთლიდნენ. დღეს სხვა ვითარებაა. დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ, რადგან მეორე ადგილზე გადავედით. ამიტომაც, დავიცადოთ და ვნახოთ, რა მოხდება დარჩენილ ხუთ ტურში. წინასწარ ვერაფერს ჩავუთქვამ. ჩვენ შევეცდებით ყოველ კონკრეტულ შეხვედრაში მაქსიმუმს მივაღწიოთ და რა გამოვა, ვნახავთ. დღეს ისე ჩანს, რომ ხუთ ტურში ექვსქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ, სჯობს ამ თემაზე საერთოდ არ ვიმარჩიელოთ.“

სალაჰი შობის დღესასწაულის მილოცვის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა
"დრო იწურება, გადარიცხეთ ფული უკრაინის დასახმარებლად!" - დიდი ბრიტანეთიდან აბრამოვიჩს ბოლო გაფრთხილება მისცეს
[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა