"ოლიმპი" შინ "ზესტაფონთან" დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ძალიან მალე რუსთავურ კლუბს ექსჩემპიონად მოვიხსენიებთ
სეზონის დამთავრებამდე ხუთი ტურით ადრე ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი "ოლიმპი" ერთპიროვნულ ლიდერ "ზესტაფონს" უკვე 9 ქულით ჩამორჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუ სასწაული არ მოხდა, ძალიან მალე რუსთავული კლუბი ექსჩემპიონად უნდა მოვიხსენიოთ.

მართლაც ძნელი წარმოსადგენია, დარჩენილ ხუთ ტურში "ზესტაფონმა" ამხელა უპირატესობა გაფლანგოს; თან, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ სეზონში ჩემპიონობას თუ რომელიმე გუნდი იმსახურებს, სწორედ "ზესტაფონი" - ორი კვირის განმავლობაში ორივე უშუალო კონკურენტსაც მოუგო და საერთოდაც, უმაღლესი ლიგის გუნდებიდან ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთსაც უჩვენებს.

აღარაფერს ვამბობთ იმ არცთუ უმნიშვნელო ფაქტზორე, რასაც მთავარი მწვრთნელისა თუ ფეხბურთელების კვალიფიკაცია ჰქვია - გია გეგუჩაძე ორწელიწადნახევარია, კლუბის ხელმძღვანელობისგან სრული ნდობით სარგებლობს და ამ სეზონში მართლაც საჩემპიონო შემადგენლობა ჰყავს.

იმერული კლუბის მოსალოდნელ ტრიუმფზე მომავალშიც დავწერთ, ისევე როგორც იმ მიზეზებზე, თუ რატომ ვერ შეძლო "ოლიმპმა" ჩემპიონობის შენარჩუნება; თუმცა ამ შემთხვევაში ბევრი რამის თქმა ახლავე შეიძლება: სეზონის განმავლობაში მწვრთნელს სამჯერ რომ შეცვლის, ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე 13 შეხვედრაში ხუთჯერ რომ დამარცხდება (აქედან სამჯერ - ზედიზედ) და ნებისმიერ წარუმატებლობას მსაჯების მიკერძოებას დააბრალებს, ის გუნდი ჩემპიონობას ნამდვილად არ იმსახურებს! თანაც, როგორ ფიქრობთ, მხოლოდ მსაჯების "შეთქმულებაა" რუსთავული კლუბის ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიზეზი? თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე... ჟურნალისტების ბრალიც ყოფილა, ამ ბოლო დროს "ოლიმპს" უმოწყალოდ რომ "ჩაგრავენ".

და კიდევ: "ოლიმპის" ფეხბურთელები ყოველ მატჩში ყვითელ და წითელ ბარათებს რომ იღებენ და ამ გუნდის სასარგებლოდ მსაჯები პენალტს რომ არ ნიშნავენ, ყოველივე ამას ჟურნალისტებს ნურავინ დააბრალებს. საერთოდაც, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს, წაგებასაც ღირსეულად ატანა სჭირდება; ყველას დასანახად მსაჯებს რომ ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებ, მერე ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც გექნება, და ამის გამო ფეხბურთელებს წითელი ბარათით დასჯიან, ესეც ჟურნალისტების ბრალია? ან, იქნებ, იმაში დაგვადანაშაულონ ქართული მასმედია, უპრინციპულეს მეტოქესთან, ფაქტობრივად, საჩემპიონო მატჩში ანგარიში 1:2 რომ გახდა, "ოლიმპს" მოწინააღმდეგის კართან ერთი ხიფათიც რომ არ შეუქმნია; ან, შესაძლოა, მეორე არანაკლებ უცნაური ფაქტია ჟურნალისტების ბრალი: "ოლიმპი" თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო, მაგრამ არც ერთი ცვლილება არ განხორციელებულა...

ლოგიკა და ზედმეტი ემოცია

მშვენიერი ამინდი, წინა მატჩებთან შედარებით არცთუ ცოტა გულშემატკივარი და, რაც მთავარია, ჩემპიონობის ორი კანდიდატის შეხვედრა - ფაქტობრივად, ყველა წინაპირობა არსებობდა იმისთვის, უკომპრომისო პაექრობა რომ გვენახა, თუმცა მეტოქეები აშკარად სხვადასხვა განწყობით მოვიდნენ ამ პრინციპულ და გადამწყვეტ დაპირისპირებამდე: "ზესტაფონს" თექვსმეტმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, "ოლიმპმა" კი უკანასკნელი ოთხი შეხვედრიდან სამი წააგო და მხოლოდ ერთი მოიგო.

კიდევ ერთი, თანაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორიც უნდა ვახსენოთ: "ზესტაფონი" ოპტიმალურზე-ოპტიმალური (გნებავთ, უძლიერესი) შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე, მასპინძლებს კი, როგორც "ტრადიციასავით" ექცათ მეორე ეტაპზე, კვლავაც აკლდათ დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები (რევაზ ქემოკლიძე, დავით ბოლქვაძე). თუმცა, "ოლიმპს" მატებაც ჰქონდა: გუნდს დისკვალიფიკაციამოხდილი მარჯვენა მცველი გიორგი მურველაშვილი და საყრდენი ნახევარმცველი ლუკა რაზმაძე დაუბრუნდნენ.

გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ ორივემ ჩინებულად ითამაშა: რუსთაველთა გუნდის 22 წლის დებიუტანი მურველაშვილი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და შეტევებშიც ხშირად ერთვებოდა; 27 წლის ლუკა რაზმაძეც ერთ-ერთი გამორჩეული იყო ენერგიული თამაშით და, ცოტა არ იყოს, გასაკვირვიც იყო ამ ფუტკარივით მშრომელი ნახევარმცველის ზედმეტი ემოციები მატჩის დასასრულს, რის გამოც წითელი ბარათი დაიმსახურა.

არანაკლებ გასაკვირი იყო "ოლიმპის" კიდევ ერთი ლიდერის, გუნდის კაპიტნის, 26 წლის ალექსანდრე კვახაძის მეტისმეტი ემოციურობა (უფრო აგრესიას რომ წააგავდა) მსაჯების მიმართ იმ ეპიზოდში, როცა რაზმაძე მოედნიდან გააძევეს. ჰოდა, ამ უპრინციპულესი მატჩის ახალგაზრდა არბიტრმა ერთწუთიან მონაკვეთში მოედანი კვახაძესაც დაატოვებინა! არადა, კვახაძე მეშვიდე სეზონს ატარებს უმაღლეს ლიგაში, რაზმაძე - მეცხრეს, და ვერ გაგვიხსნებია შემთხვევა, ამ ორ გამოცდილ, ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე გამორჩეულ ფეხბურთელს მსაჯების მიმართ ასეთი აგრესია გამოეხატოთ.

მოკლედ, მასპინძლებმა მატჩი 9 ფეხბურთელით ჩაამთავრეს, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა: "ზესტაფონმა" დამსახურებულად გაიმარჯვა და ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. იმერულმა გუნდმა (ზესტაფონიდან ჩამოსული ერთგული გულშემატკივრების ქომაგობა რუსთავშიც რომ არ აკლდა) ძლიერი მოწინააღმდეგე პირველ ტაიმში აშკარად დაჯაბნა (რაც ორ გატანილ გოლში გამოიხატა), მეორე ტაიმის დასაწყისშიც რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, შემდეგ აბსოლუტურად ეფექტიანი ტაქტიკური შეცვლებით თამაშის ტემპიც დააგდო და საბოლოოდ საქმე ლოგიკურ დასასრულამე მიიყვანა.

სოლიდური ჰანდიკაპი

ჩემპიონატის ორი გამორჩეული გუნდის მატჩი რამდენიმე წამის დაწყებული იყო, სეზონის ერთ-ერთი უსწრაფესი გოლი რომ ვიხილეთ! არადა, შეტევა "ოლიმპმა" წამოიწყო, თუმცა სტუმრებმა ეს იერიში განმუხტეს და გიორგი ონიანმა გრძელი პასით ნიკოლოზ გელაშვილი მოძებნა. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ორთაბრძოლაში მეურვე გიორგი რეხვიაშვილს აჯობა და "ოლიმპის" საჯარიმოში შეჭრილმა კარში ზუსტადაც დაარტყა.

არადა, ამ ეპიზოდში რიკოშეტი იყო, თორემ გრიგოლ ბედიაშვილს შეეძლო ეს ბურთი მოეგერიებინა. სტუმრებმა თავიდანვე სოლიდური ჰანდიკაპი შექმნეს და ასეთი შოკისმომგვრელი დასაწყისის გამო "ოლიმპის" ფეხბურთელებს გარკვეული დროც დასჭირდათ თამაშის "დასალაგებლად". მოედანზე ხისტი თამაში გაჩაღდა, თუმცა თორნიკე გვანცელაძე პირველ ტაიმში ფეხუბრთელებს მხოლოდ სიტყვიერად აფრთხილებდა.

მსაჯი შემთხვევით არ გვიხსენებია: ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მასპინძლები ორჯერ ითხოვდნენ პენალტს, მაგრამ არბიტრმა ორივე ეპიზოდში რუსთაველთა საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი მაისურაძის დარტყმული ბურთი, მასპინძელთა აზრით, გიორგი ონიანს ხელზე მოხვდა (ოღონდ, ეს უფრო საჯარიმოს მისადგომებთან იყო), მაგრამ მსაჯი იქვე იმყოფებოდა და "ოლიმპის" ფეხბურთელთა თხოვნა-პროტესტი ამაო გამოდგა. ისე, როგორც მომდევნო ეპიზოდში, როცა მეტოქის საჯარიმოში გიორგი ონიანისა და ვაკო ტყემალაძის ორთაბრძოლისას ეს უკანასკნელი წაიქცა, მაგრამ...

ამასობაში კი "ზესტაფონი" სწრაფ კონტრშეტევებს ახორციელებდა და განსაკუთრებით შოთა გრიგალაშვილი აქტიურობდა; სტუმართა 24 წლის ნახევარმცველმა მარცხენა ფლანგიდან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბედიაშვილმა საიმედოდ ითამაშა; აი, გრიგალაშვილის მომდევნო აქტიურობას კი სტუმართა მეორე გოლი მოჰყვა, თანაც, გოლსაც ხომ გააჩნია?!. გრიგალაშვილის მორიგი დარტყმა ბედიაშვილმა კუთხურზე მოიგერია, ჰოდა, სწორედ ეს სტანდარული გამოდგა მასპინძელთათვის კატასტროფის ტოლფასი: საჯარიმოდან გადმოვარდნილი ბურთი ირაკლი ძარიას მიუვიდა და იმ საღამოს "ზესტაფონის" შემადგენლობაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა 30 მეტრიდან შორეულ "ცხრიანში" უდავოდ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა!

"ზესტაფონი" ამით არ დაკმაყოფილებულა და პირველი ტაიმის ბოლომდე სტუმრებმა კიდევ ერთი, ფაქტობრივად, ასპროცენტიანი მომენტი შექმნეს: ძარია-გელაშვილის ჩინებულ კომბინაციას თორნიკე აფციაური აგვირგვინებდა, მაგრამ სტუმართა კაპიტანმა ახლო მანძილიდან ბურთის ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხა.

მანამდე "ოლიმპს" ჰქონდა გატანის კარგი შანსი, მაგრამ ენერგიულმა ილია პავლიაშვილმა დაახლოებით ათი მეტრიდან არაზუსტად დაარტყა. ტაიმის მიწურულს კი მასპინძლებმა შტურმი მოაწყვეს და ორი ხელსაყრელი მომენტიც შექმნეს: ტყემალაძის ეფექტური პასის მერე რაზმაძე სტუმართა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ როინ კვასხვაძემ თავისი კლასი ამ ეპიზოდშიც დაამტკიცა. ამას კი ირაკლი მოდებაძის სახიფათო თავური მოჰყვა, მცირეოდენ არაზუსტი რომ გამოდგა.

ყურადღების ცენტრშია... არბიტრი!

მეორე ტაიმის დასაწყისიც კინაღამ პირველის მსგავსი აღმოჩნდა: სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს და აფციაურის მართლაც ჩინებული პასის მერე ჯაბა დვალი მახვილი კუთხიდან ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა. დვალს კიდევ ერთ ეპიზოდში შეეძლო თავის გამოჩენა, როცა გრიგალაშვილის პასით მეკარესთან პირისპირ დარჩა;

გრიგალაშვილის შორეული დარტყმაც აღსანიშნავია, სტუმართა ორიგინალურად გათამაშებულ სტანდარტულს რომ მოჰყვა. ფაქტობრივად, მეორე ტაიმის საწყისი 15 წუთი მოედანზე სტუმრები დომინირებდნენ და ამადაც იყო გასაკვირი, "ოლიმპის" შემადგენლობაში ვერც ერთი ცვლილება რომ ვერ ვიხილეთ. რა თქმა უნდა, მწვრთნელ(ებ)-ის კომპეტენციაში ჩარევას არ ვაპირებთ, მაგრამ საკუთარ აზრს მოგახსენებთ: სათადარიგოთა სკამზე მჯდომ ფეხბურთელთაგან რამდენიმეს (გიორგი ქავთარაძე, გიორგი ჭელიძე, სანდრო იაშვილი) თამაშის გამწვავება რომ ეხერხება, ფაქტია. თუმცა "ოლიმპს" სამარქაფოების დახმარება არ დასჭირვებია და დაახლოებით მე-60 წუთიდან უკვე სრულ უპირატესობას დაეუფლა.

მასპინძლებმა ჯერ შორეული დარტყმებით სცადეს გოლის გატანა: დენის დობროვოლსკის დარტყმა არაზუსტი გამოდგა. ალექსანდრე კვახაძემ კი სტუმართა მეკარეს ვერ აჯობა. ასეთი აქტიურობა მასპინძლებს მალე დაუფასდათ კიდეც: მეტოქის საჯარიმოში მყოფი რაზმაძე კარგად გაერკვა სიტუაციაში და ბურთი მურველაშვილს დაუგდო, ამ უკანასკნელმაც საკმაოდ რთული მდგომარეობიდან ზუსტი თავურით "ოლიმპს" თამაშის გადარჩენის შანსი მისცა! მატჩის დამთავრებამდე 22 წუთი რჩებოდა, მაგრამ ყველას გასაოცრად "ოლიმპს" მეტოქის კართან რაიმე ხიფათის მაგვარიც კი არ შეუქმნია; ერთადერთხელ იყო, რევაზ გეწაძემ შორიდან რომ დაარტყა და მორჩა!

სამაგიეროდ, მეორე ტაიმში ყურადღების ცენტრში არბიტრი მოექცა; თორნიკე გვანცელაძის ზოგიერთი გადაწყვეტილება, შესაძლოა, მართლაც საკამათო იყო, მაგრამ ვერ დავეთანხმებით მათ მოსაზრებას, ვინც მიიჩნევს, რომ არბიტრის შეცდომებმა მატჩის შედეგზე გავლენა იქონია.

მსაჯის მიერ დამატებული მეორე წუთი იყო, მოედნის ცენტრში ლუკა რაზმაძისა და ბუბა დაუშვილის ორთაბრძოლას მასპინძელთა დაჯარიმება რომ მოჰყვა. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი იყო, მაგრამ სწორედ ამ დროს უმტყუნა ნერვებმა ჯერ რაზმაძეს, მერე კი - კვახაძეს...

23.04. რუსთავი. ფოლადი. 1500 მაყურებელი

ოლიმპი-ზესტაფონი 1:2

0:1 გელაშვილი (1. ონიანის პასით), 0:2 ძარია (34), 1:2 მურველაშვილი (68, რაზმაძის პასით)

ოლიმპი ზესტაფონი

4-3-2-1 4-1-3-2

ბედიაშვილი რ. კვასხვაძე

მურველაშვილი ალადაშვილი

კვახაძე გ. ონიანი

რეხვიაშვილი ხიდეშელი

დობროვოლსკი ელიავა

ტყემალაძე დაუშვილი

რაზმაძე აფციაური

ი. მაისურაძე ძარია

პავლიაშვილი გრიგალაშვილი

გეწაძე დვალი

მოდებაძე გელაშვილი

მწვრთნელი მწვრთნელი

თ. მაისურაძე გ. გეგუჩაძე

ოლიმპი

სათადარიგოები: ბათიაშვილი, ქავთარაძე, იაშვილი, ბახტაძე, გ. ჭელიძე, ჯაფარიძე, კანდელაკი

ზესტაფონი

65. აფციაური-ბაბუნაშვილი

75. გელაშვილი-წინამძღვრიშვილი

84. დვალი-ბენაშვილი

სათადარიგოები: მამალაძე, ფოფხაძე, გრუიცა, ჭანკოტაძე

გაფრთხილება: დობროვოლსკი (55), ონიანი (57), ალადაშვილი (64), მურველაშვილი (78), მოდებაძე (81), კვახაძე (90)

გაძევება: რაზმაძე (90), კვახაძე (90)

არბიტრი: თ. გვანცელაძე (სამტრედია)

"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება