ტომას ვერმაელენის დაშავებამ "მეთოფეები" ახალი მცველის შეძენის აუცილებლობის წინაშე დააყენა და ყველაზე მეტად 25 წლის გერი კეჰილზე ალაპარაკდნენ
შაბათს, პრემიერლიგის პირველ ტურში, "ნიუკასლ იუნაიტედთან" შეხვედრაში "არსენალის" თავკაც არსენ ვენგერს შესაძლოა ცხრა წამყვანი ფეხბურთელი აკლდეს.

დაშავებულ "მეთოფეთა" რაოდენობა გასულ შაბათს, ლისაბონში, "ბენფიკასთან" შეხვედრაში გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ის შეხვედრა პორტუგალიის გუნდმა 2:1 მოიგო. იმ დღეს ჩრდილოლონდონელთაგან დაშავდნენ რობინ ვან პერსი, კიერან გიბზი და ტომას ვერმაელენი. დაშავებულთა სიაში მათ გარდა არიან: თეო უოლკოტი, ჯეკ უილშირი, აბუ დიაბი, ლორან კოშელნი და სამირ ნასრი. რაც შეეხება კაპიტან სესკ ფაბრეგასს, მასზე ამბობენ ფორმაში არ არისო, თუმცა სინამდვილეში რა ხდება, ყველამ კარგად იცის და ამ მომაბეზრებელი ამბის გამეორებას აქ არ ვაპირებთ.

"მეთოფეთა" მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ თქვა: "რატომღაც "ბენფიკასთან" დამარცხებაზე ბევრმა გაამახვილა ყურადღება. ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფეხბურთელები დაშავდნენ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სერიოზული არაფერია და ისინი მალე აღიდგენენ ჩვეულ ფორმას".

ტომას ვერმაელენის დაშავებამ "მეთოფეები" ახალი მცველის შეძენის აუცილებლობის წინაშე დააყენა. ყველაზე მეტად 25 წლის გერი კეჰილზე ალაპარაკდნენ. ვენგერმა შაბათს ჩრდილოლონდონური კლუბის მთავარი სკაუტი, სტივ როული "რიბოკ სთედიუმზე" გააგზავნა, რათა მას ენახა როგორ ითამაშებდა კეჰილი "ბოლტონისა" და ესპანური "ლევანტეს" ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც ბოლტონელებმა 1:0 წააგეს. მოგეხსენებათ, კრიტიკოსები "არსენალს" დაცვას ისედაც უწუნებდნენ და ვერმაელენის დაშავების შემდეგ ხომ საკითხმა საერთოდ განსაკუთრებული ელფერი შეიძინა. ერთი სიტყვით, ვენგერს აშკარად სჭირდება პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილების მქონე გამორჩეული ცენტრალური მცველი.

აქამდე "მეთოფეებს" "ევერტონისგან" ფილ ჯეგიელკას შეძენა უნდოდათ. ისინი ლივერპულელებს 12 მილიონ ფუნტს სთავაზობდნენ, მაგრამ პასუხად ცივი უარი მიიღეს - "ევერტონი" პოლონური წარმოშობის ინგლისელს 18 მილიონს აფასებს. თავის მხრივ, ოცდაათს მიღწეულ ფეხბურთელში ასეთი თანხის გადახდა ვენგერს აღარ მოუნდა. კიდევ, ჩრდილოლონდონელთა სამიზნეზე იყვნენ ბირმინგემელი სკოტ დანი და "ბლექბერნის" კრის სამბა.

კეჰილს ბოლტონელებთან გაფორმებულ კონტრაქტში უწერია, რომ მისი გამოსასყიდი თანხა 17 მილიონი ფუნტია. ალბათ, გასაგებია, რომ "არსენალს" ეს თანხაც ეძვირება, მითუფრო, რომ ფეხბურთელს თავის ახლანდელ კლუბში ბოლო წელიწადი დარჩა გასატარებელი. სხვა სიტყვებით "ბოლტონი" თავად არის მონდომებული, რომ კეჰილი გაყიდოს, თორემ გაისად ამ დროს ის თავისუფალი აგენტი გახდება და სადაც უნდა იქ წავა - ბოლტონელები პენისაც ვერ მიიღებენ.

მოგეხსენებათ, ვენგერს განსაკუთრებული სეზონი ეწყება - მის ხელში "არსენალს" უკვე ექვსი წელიწადია ჯილდო არ მოუგია და დიდი წნეხის ქვეშ არის მოქცეული. მეთოფეთა ვიცე-თავმჯდომარე დევიდ დინმა ამასთან დაკავშირებით თქვა:

"არსენ ვენგერი არ მალავს, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადი მის კარიერაში ურთულესი იყო. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ პრემიერლიგაში კონკურენცია გაიზარდა. გამრავლდნენ ფულიანი კლუბები, რომლებიც ყიდულობენ და ყიდულობენ ფეხბურთელებს. გარდა ამისა იმიტომ, რომ "არსენალი" თამაშის მაღალი ხარისხისა და შესანიშნავი სანახაობრივი ასპექტის მიუხედავად შედეგს ვერ აღწევს.

დღეს არსენი როგორც არასდროს მოწადინებულია. როდესაც მას ვუყურებ, ჩემს წინაშე დგას კაცი, რომელსაც ძველებურად სწყურია ტიტულების მოპოვება. მისი შესაძლებლობებისა მწამს. ცხოვრებაში კაცის თავიდან მოშორება ყველაზე ადვილია, მაგრამ რას მოიგებ ამით"?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა