თუ ოთხშაბათს სამირ ნასრი „არსენალის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, „მანჩესტერ სიტი“ მის ყიდვაზე ხელს აიღებს
„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა, იტალიელმა რობერტო მანჩინიმ თქვა, რომ თუ 24 წლის ფრანგი ფეხბურთელი, „არსენალის“ ნახევარმცველი სამირ ნასრი ოთხშაბათს „მეთოფეთა“ მაისურით ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას, „სიტი“ მის ყიდვაზე ხელს აიღებს.

ნასრიმ, შაბათს, „ემირეიტ სთედიუმზე“ „არსენალისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრაში ითამაშა („ლივერპულმა“ მოიგო 2:0), არადა, მისი ისტლენდზე გადაყვანის შესახებ მოლაპარაკებები თითქოსდა ბოლოში იყო გასული. სატრანსფერო თანხა, 22 მილიონი ფუნტი, შეთანხმებული გახლდათ და გარკვეული იყო ფეხბურთელის ხელფასიც. ერთადერთი, რამაც ბოლოს ტრანსფერი დააბრკოლა, ნასრის აგენტების მადა თუ თავად ვარსკვლავის სიძუნწე იყო - ვერაფრით გადაწყდა, რამდენი უნდა წაეღოთ შუამავლებს.

მანჩინიმ ნასრის საკითხზე „ბოლტონთან“ 3:2 გამარჯვების შემდეგ ილაპარაკა. მან თქვა, რომ ნასრის 24 საათში ყიდვის იმედი აქვს. ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ჰყავს თუ არა „სიტის“ შეგულებული ვინმე სხვა, იმ შემთხვევისთვის თუ ფრანგის ტრანსფერი ჩაიშლება. მათ მწვრთნელს შეახსენეს, რომ საკმარისია ნასრიმ ოთხშაბათს, უდინეში, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „არსენალის“ მაისურა თუნდაც ერთი წამით ჩაიცვას, რომ ის ისტლენდელთათვის გამოუსადეგარი გახდება - ამ სეზონში, ლიგაში, „სიტის“ შემადგენლობაში ვეღარ ითამაშებს.

„მოდი, ნურაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ... იმედი მაქვს, რომ 24 საათში ყველაფერს მოვაგვარებთ, - უპასუხა მანჩინიმ, - რასაკვირველია, ნასრიმ ჩემპიონთა ლიგაში „არსენალის“ სახელით რომ ითამაშოს, ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება. 40 დღეა ამ ფეხბურთელის გადმობირებას ვცდილობთ და ბოლოს და ბოლოს, პრინციპის ამბავია, საქმეს ხელი რომ მოვკიდეთ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ კიდეც. ვერც იმას გეტყვით ზუსტად, აქამდე რატომ არ მოგვარდა ყველაფერი“.

ბოლტონის „რიბოკ სთედიუმზე“ „მანჩესტერ სიტიმ“ შესანიშნავად ითამაშა, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და დაამტკიცა, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტია. მანჩინიმ თქვა, რომ მას ნასრის გარდა კიდევ ერთი ფეხბურთელის ყიდვის იმედი აქვს. მიმომხილველები დარწმუნებულები არიან, რომ იტალიელი ცენტრალურ მცველს ეძებს - „ბოლტონთან“ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ ჯოლიონ ლესკოტს უჭირს. ლოგიკურად, ცენტრალურმა მცველმა, რომელსაც მანჩინი შეიძენს ლესკოტის ადგილი უნდა დაიკავოს, ლესკოტი კი იჯარის წესით გაუშვან რომელიმე გუნდში. ისტლენდელთა თავკაცმა დასძინა:

„გუნდის დაკომპლექტება რომ დავასრულოთ, ერთი-ორი ფეხბურთელი კიდევ გვინდა. ნასრიზე უკვე მოგახსენეთ, თუმცა იმედი მაქვს, რომ ის ამ ზაფხულს უკანასკნელი არ იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდი ყველა რგოლში დაბალანსებული იყოს და სულელური გოლები აღარ გაუშვას. უმაღლესი დონის გუნდი საკუთარ თავს ასეთი გოლების გაშვების საშუალებას არ უნდა აძლევდეს. როდესაც მოწინააღმდეგეზე გაცილებით უკეთ თამაშობ, საშიშროება იმისა, რომ თამაში 3:3 დასრულდება აღარ უნდა არსებობდეს“.

„რიბოკ სთედიუმზე“ მანჩესტერელთაგან გოლები გაიტანეს დავიდ სილვამ, გარეთ ბერიმ და ედინ ჯეკომ. ეს სამი გოლი „სიტის“ დიდებული თამაშის შედეგი გახლდათ - თავდასხმაში ისტლენდელებმა კითხვის ნიშანი არ დატოვეს. ამის მიუხედავად, მასპინძლებმა ივან კლასნიჩმა და კევინ დევისმა ორი გოლით უპასუხებს სტუმრებს.

რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“ არგენტინელ ვარსკვლავს, კარლოს ტევესს, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში ისტლენდიდან წასვლას ცდილობდა, ის კვლავ გუნდშია და ბოლტონში მოედანზე მეორე ტაიმის ბოლოსკენ, თანამემამულე სერხიო აგუეროს ნაცვლად შევიდა. ეს გახლდათ მისი პირველი გამოჩენა ახალ სეზონში - შეგახსენებთ, რომ ტევესი „სიტიდან“ წასვლის საბაბად ოჯახისგან შორს ცხოვრებას ასახელებდა. თავიდან იყო ვარიანტი, რომ არგენტინელი თავდამსხმელი ბრაზილიურ „კორინთიანსში“ გადასულიყო, მაგრამ ის ჩაიშალა და როგორც მანჩინი ამბობს, აგვისტოს ბოლო დღეებამდე მისი სხვა რომელიმე კლუბში გადასვლის ვარიანტიც არ ჩანს.

„კარლოსი აქ არის და, მართალი გითხრათ, ვერ ვხედავ რაიმე მოძრაობას, რომელიც სიტუაციას შეცვლის. ტევესი ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ახალი წინადადებები მის ყიდვასთან დაკავშირებით კი არ მიგვიღია“.

„ბოლტონის“ მწვრთნელი ოუენ კოილი კი წაგების მიუხედავად უკმაყოფილო არ ჩანდა: „ჩემმა ფეხბურთელებმა თავდადებით იბრძოლეს, ტექნიკურად ითამაშეს და ცალკეულ ეპიზოდებში შესანიშნავი კომბინაციებიც გაათამაშეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს იყო შეხვედრა ელიტური, მდიდარი, საუკეთესო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდის წინააღმდეგ, შეიძლება ითქვას, რომ „ბოლტონმა“ დაამტკიცა, რომ ძლიერი გუნდია. ერთადერთი, რამაც უკმაყოფილების გრძნობა დამიტოვა, დაცვა იყო. მოწინააღმდეგეს სამიდან ორი გოლი ვაჩუქეთ, არადა როდესაც ასეთ დიდ გუნდს ხვდები, გოლს ნუღარ ჩუქნი. დაე, თავისი კლასითა და ბრძოლით გაჯობოს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნოტინგემში" სექტემბერში დანიშნული პოსტეკოღლუ შესაძლოა, დაითხოვონ
ჩაკვეტაძის "უოტფორდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს