საქართველოს ჩემპიონები მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ
მიმდინარე სეზონში "ზესტაფონმა" უსიამოვნებებიც გადაიტანა და კარგი დღეებიც ნახა, მთლიანობაში კი, ბევრი ცვლილების მიუხედავად, კლუბში სამუშაო ვითარებაა და საქართველოს ჩემპიონები მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ.

ფეროელებმა ბოლო ორი მატჩი მოიგეს - ჩემპიონატში რუსთავის "მეტალურგს" სძლიეს, თასზე კი - ფოთის "კოლხეთს". "ზესტაფონის" თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილი ტურის მწვრთნელად დავასახელეთ. ასეც რომ არ ყოფილიყო, მასთან სალაპარაკო თემები ისედაც საკმაოდ დაგროვდა.

- სეზონის სტარტმა უკვე განვლო. როგორი გამოდგა ეს პერიოდი "ზესტაფონისთვის" და როგორია გუნდის ამჟამინდელი კონდიციები?

- იდეალურ მდგომარეობაში რომ არ ვართ, ეს შედეგებიდანაც კარგად ჩანს, თუმცა მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ და გვაქვს იმედი, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. სეზონის დასაწყისი ჩვენთვის საკმაოდ რთული გამოდგა, მაგრამ ზოგიერთ შეხვედრაში ურიგოდ ნამდვილად არ გამოვიყურებოდით, ახლა მთავარია, სტაბილურობას მივაღწიოთ და ხარვეზები დროულად აღმოვფხვრათ.

- გვერდს ვერ ავუვლით გორის "დილასთან" სენსაციურ 0:4-ს. რა იყო ამ მწარე მარცხის მიზეზი?

- როგორც ჩანს, ასეთი სხვაობით ლოგიკურად დავმარცხდით. ეს ნაწილობრივ მეტოქის შეუფასებლობის, ნაწილობრივ კი გადაღლილობის ბრალი იყო. შედეგი ჩვენთვის იმდენად მიუღებელია, რომ მიზეზების ძებნა არც გვიღირს, ფაქტია, რომ რაც მოხდა, ლოგიკურად მოხდა. ვისარგებლებ შემთხვევით და აღფრთოვანებასა და პატივისცემას გამოვხატავ "დილასა" და განსაკუთრებით მისი მთავარი მწვრთნელის გია ცეცაძის მიმართ. ამ კაცმა ძალიან სიმპათიური გუნდი შეკრა, რომელიც შედეგიანადაც თამაშობს და გულშემატკივარს ნამდვილი ქართული, შემტევი ფეხბურთით ახარებს.

- ყველაზე ხარისხიანი ფეხბურთი კი, ალბათ, რუსთავის "მეტალურგთან" ითამაშეთ.

- დიახ, ეს მატჩი ამ სეზონში ჩვენთვის ჯერჯერობით საუკეთესო იყო. ეს ის შემთხვევაა, როცა ერთ გუნდს ყველაფერი გამოსდის, მეორე კი ვერაფერს უპირისპირებს. საკმაოდ ძლიერ მეტოქეს დამაჯერებლად ვაჯობეთ და საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია შევძელით.

- უკვე შეხვდით ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტ "დინამოსაც".

- საინტერესო მატჩი გამოვიდა, მაგრამ საევროთასო შეხვედრებით ორივე გუნდი გადაქანცული იყო და მაინცდამაინც მაღალი დონის ფეხბურთი არ ყოფილა. არაოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშეთ და ამის კვალობაზე ნორმალურ შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ როცა გამარჯვებას მატჩის ბოლო წამებზე უშვებ ხელიდან, ყოველთვის გულდასაწყვეტია.

- ვიცით, რომ "ზესტაფონის" მთავარი მიზანი ჩემპიონობის შენარჩუნებაა, თუმცა, ალბათ, არც თასისთვის ბრძოლაზე იტყვით უარს.

- რა თქმა უნდა. თასიც საკმაოდ პრესტიჟულია და ამ ტურნირზეც სრული მობილიზებით ვითამაშებთ.

- რამდენად დამაკმაყოფილებელია თქვენთვის პირველ მერვედფინალურ მატჩში ფოთის "კოლხეთთან" შინ მიღწეული 2:1?

- ეს ანგარიში დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ მჯერა, ფოთშიც დადებით შედეგს მივაღწევთ. დასანანი ის არის, რომ "კოლხეთთან" ორბურთიანი უპირატესობით დამაჯერებლად ვიგებდით, მეორე ტაიმში კი "ზესტაფონი" მოდუნდა და საკმაოდ სიმპათიურ მოწინააღმდეგეს ერთი ბურთის გაქვითვის საშუალება მისცა.

- ბოლო დღეებში მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბში - გიორგი ყიფიანი დაგემატათ, გურამ ასპინძელაშვილი და დავით ჯანელიძე კი "ტორპედოში" წავიდნენ.

- გულით მინდოდა, მათ ჩემთან ერთად გაეგრძელებინათ მუშაობა, მაგრამ სხვაგვარად გადაწყვიტეს და მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. გიორგი ყიფიანი კომპეტენტური სპეციალისტია, იზიარებს ჩემს საფეხბურთო იდეებს და მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება. "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბს დაემატნენ ასევე დემურ გიორგობიანი, რომელიც, ამავდროულად, ბავშვთა აკადემიის კურატორიც იქნება, და მეკარეთა მწვრთნელი ოთარ ბოჭორიშვილი. ისინიც საკუთარი საქმის პროფესიონალები და სამწვრთნელო შტაბის სრულუფლებიანი წევრები არიან.

- სავარაუდოდ, როდის შევა "ზესტაფონი" ოპტიმალურ ფორმაში?

- შევეცდებით, პროგრესი სეზონის პირველ ნახევარშივე შეგვეტყოს, გუნდის ნამდვილი სახე კი ზამთრის შეკრებისას ჩამოყალიბდება. ჩვენი გათვლით, ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპზე "ზესტაფონი" საუკეთესი თვისებების გამოვლენას შესძლებს.

- ალბათ, შემადგენლობაში ცვლილებებიც არ უნდა გამოვრიცხოთ.

- გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და გარკვეული სიახლეები ყოველთვის საჭიროა. ზამთრამდე ამ შემადგენლობას კარგად დავაკვირდებით და საბოლოოდ ჩამოგვიყალიბდება აზრი იმის შესახებ, რომელ პოზიციებზე გვესაჭიროება კვალიფიციური ფეხბურთელების დამატება და ვისთან მოგვიწევს დამშვიდობება.

მოკლედ, ცვლილებები აუცილებლად იქნება, მანამდე კი თავის გამოჩენის შანსს ყველა ფეხბურთელს მივცემ და მათ მოედანზე უნდა დაამტკიცონ, რომ "ზესტაფონში" თამაშს იმსახურებენ.

- კონკრეტულად რომელიმე რგოლის თამაშით ხართ უკმაყოფილო?

- ყველაზე დიდი პრეტენზია დაცვის ხაზის მიმართ მაქვს. ეს პრობლემა სასწრაფოდ მოსაგვარებელია. ზამთარში სრული დატვირთვით ვარჯიშს განაახლებს გიორგი ხიდეშელი, რომელიც ჩვენთვის დიდი ძალაა, ნელ-ნელა ფორმაში შედის ედიკ საჯაიაც, რომლის გამოცდილებაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- მიმდინარე ჩემპიონატი რამდენად საინტერესოდ მიმდინარეობს?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი დაძაბული ჩემპიონატი დიდი ხანია, არ გქვონია. უმაღლეს ლიგაში ერთი ხელწამოსაკრავი გუნდიც კი არ თამაშობს და თითოეული ქულის მოპოვებას დიდი ოფლისღვრა სჭირდება. მოკლედ, ძალიან საინტერესო და დაძაბულ სეზონს ველოდები, რომელიც, იმედი მაქვს, "ზესტაფონის" გამარჯვებით დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უძლევი
ჭიაბრიშვილი: "შედეგი ჩვენთვის იმდენად მიუღებელია, რომ მიზეზების ძებნა არც გვიღირს..." აბა რა გიღირს?! ამ სამარცხვინო წაგების მიზეზებს თუ არ მოძებნი,მაშინ როგორ აღმოფხვრი ამ მიზეზებს??? შემდგომშიც რომ წააგებს გუნდი იგივეს იტყვი? :( ხალიჩის ქვეშ მიზეზების შეფარცხვა ვერაფერი მწვრთნელობა არის!
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა