დღეს "ზესტაფონი" მშვენიერი სერიის გაგრძელებას უხერხულ მეტოქესთან, "ვიტ ჯორჯიასთან" შეეცდება
დღევანდელი მატჩებით ჩემპიონატის პირველი წრე დამთავრდება, მაგრამ სულის მოსათქმელად არავის ეცლება - ოთხ დღეში უკვე მომდევნო ტურია, კიდევ სამი დღეც და ამჯერად უკვე თასის საპასუხო მერვედფინალური შეხვედრებია, მერე კვლავაც სამდღიანი პაუზა და ისევ ჩემპიონატის კალენდარული ტური!

აი, ასეთი გრაფიკით მოუწევთ ჩვენს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებს ოქტომბრის "გაცილება" და ნოემბრის "დახვედრა" და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ორკვირიანი პაუზა. თუმცა, არა ყველასათვის - მოგეხსენებათ, რომ 11 ნოემბერს საქართველოს ნაკრებს ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი მოლდოვის ნაკრებთან და დიდი შანსია, რომ ჩვენი უპირველესი გუნდის ღირსება საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელთა არცთუ მცირე ნაწილმა დაიცვას. ყოველ შემთხვევაში, რატომღაც გვგონია, რომ ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია მოლდოველებთან ჩასატარებელ სპარინგ-მატჩში რამდენიმე ახალწვეულს მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას;

ამ პოტენციურ ახალწვეულებში კი, რაღა თქმა უნდა, საქართელოს ჩემპიონატის გამორჩეულ ფეხბურთელებს ვგულისხმობთ, - თავიანთი თამაშით საქართველოს ნაკრებში, სულ მცირე, გამოძახებას მაინც რომ იმსახურებენ. სანაკრებო სია ჯერ არ გამოქვეყნებულა, მანამდე კი დღევანდელი ტური უნდა "გადავაგოროთ", - ამ ჩემპიონატის დასაწყისიდან პირველად რომ ტარდება შუა კვირაში.

ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია

ჩემპიონი და ამ გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი მართლაც მშვენიერ ფორმაშია - ერთი-მეორეზე დამაჯერებელი და ზედიზედ ოთხი გამარჯვებით "ზესტაფონი" წინაც გაიჭრა და უშუალო კონკურენტებთან მეტ-ნაკლები ჰანდიკაპიც შექმნა.

ქომაგთა გარკვეული კატეგორია, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად უყურებდა ამ ზაფხულს გუნდში მომხდარ სამწვრთნელო ცვლილებას; თუმცა, დრომ გვიჩვენა, რომ კლუბის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ სავსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კანდიდატების ძებნა "აქეთ-იქი" კი არ დაიწყო, არამედ მანამდე მეორე მწვრთნელად მომუშავე გიორგი ჭიაბრიშვილს გამოუცხადა ნდობა.

ახალგაზრდა სპეციალისტიც თავის თანამოაზრე ასისტენტებთან ერთად დიდ ნდობას ჯერჯერობით ჩინებულად ამართლებს - სასურველ შედეგთან ერთად "ზესტაფონის" სათამაშო სტილიც ხომ აღფრთოვანებას იწვევს და ისე როგორც წინა, საჩემპიონო სეზონში, უმაღლეს ლიგაში ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს სწორედ ეს იმერული კლუბი უჩვენებს.

"ზესტაფონი" დღესაც შეეცდება მშვენიერი სერიის გაგრძელებას, თუმცა კი თავის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს უნდა შეხვდეს. შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს, რომ "ზესტაფონს" დღესდღეობით კვლავაც უარყოფითი ბალანსი აქვს "ვიტ ჯორჯიასთან" ურთიერთდაპირისპირებაში: 8 მოგება, 4 ფრე და 9 წაგება. თანაც, ამ ჩამორჩენის შემცირება წინა სეზონში მოახერხა, როცა ოთხიდან 3 მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.

წინა სეზონი ვახსენეთ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ოთხივე მატჩში მოედანს უგოლოდ არ ტოვებდა "ზესტაფონისა" და საერთოდ, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ნიკოლოზ გელაშვილი, რომელიც საფეხბურთო საზოგადოებამ სწორედ "ვიტ ჯორჯიაში" ასპარეზობისას გაიცნო.

ტორპედო-კოლხეთი

ზესტაფონის მსგავსად, მომთხოვნ და ამბიციურ ქომაგებს მეზობელ ქუთაისშიც არ უნდა ჰქონდეთ უკმაყოფილების საბაბი: ზედიზედ სამმა გამარჯვებამ "ტორპედოს" ის ადგილი მიუჩინა, სადაც ეს დიდი ტრადიციების მქონე გუნდი უნდა ყოფილიყო, ანუ ლიდერთა ჯგუფს ვგულისხმობთ და ქუთათურებიც ჯერჯერობით ამართლებენ კიდეც ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსს.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ გუნდს ერთობ წაადგა საკადრო ცვლილება: ახალი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით "ტორპედომ" ზედიზედ სამი მატჩი ისე მოიგო, რომ საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

"ტორპედოს" უკანახაზელთა და მეკარის, ომარ მიგინეიშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უმაღლეს ლიგაში დღესდღეობით ყველაზე ნაკლები გოლი სწორედ ქუთაისელებს აქვთ გაშვებული. იმის მიუხედავად, რომ დღეს არცთუ ხელწამოსაკრავი მეტოქე ჰყავთ, წყვილის ფავორიტად მაინც მასპინძლები მიგვაჩნია; თანაც, იმის გარდა, რომ კონკურენტებს არ უნდა ჩამორჩნენ, "ტორპედოს" მწვრთნელ-ფეხბურთელები თუ ქომაგები, ფიქრით მომავალი მატჩისკენ იქნებიან: კვირას ხომ "დიდი იმერული დერბი" გველოდება "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" მონაწილეობით!

დინამო-გაგრა

"დინამოს" მთავარი მწვრთენლი ალექს გარსია (ისე როგორც, მთელი გუნდი) ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებაო, ალბათ, რბილად ნათქვამი გამოგვივა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ზედიზედ ორი მარცხი ნამდვილად არ იქნებოდა "მისაღები" შედეგი იმ გუნდისათვის, ამ სეზონის დაწყების წინ (და, საერთოდაც) ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად რომ მიიჩნეოდა. მით უფრო, "დინამომ" ეს ორივე მატჩი იმ გუნდებთან წააგო, მეორე ეტაპზე საუკეთესოთა რვა გუნდში მოხვედრა,ფაქტიურად, გარანტირებული რომ აქვთ ("მეტალურგთან" და "ბაიასთან").

ვნახოთ, რამდენად შეძლებს "დინამო"ამ დროებითი, მაგრამ მაინც კრიზისული სიტუაციიდან მალე გამოსვლას; არადა, ხელაღებით იმის თქმა, რომ დღეს "დინამოს" გარანტირებული 3 ქულა "ელოდებაო", მართლაც ძნელია: ახალი მწვრთნელის, ზვიად ჯელაძის ხელმძღვანელობით "გაგრამ", როგორც იქნა, ნავსი გატეხა და წინა ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვა; ამას გარდა, დინამოელებს საკადრო პრობლემებიც აქვთ: "გაგრასთან" მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე კოშკაძე.

სიონი-მეტალურგი

დრო იყო, ქვემოქართულური "დერბი" მართლაც დიდ ინტრიგას გვპირდებოდა; თუმც, ახლა აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა: ფინანსურადაც და ყველანაირად შეჭირვებულ "სიონს" ძალიან ცუდი დროება უდგას და თამაშს-თამაშზე აგებს. მართლაც სამწუხაროა, რომ ბოლნისური გუნდი ასეთ სავალალო ვითარებაში იმყოფება და "სიონის" ახალგაზრდა მწვრთნელი ლევან ბაჯელიძე მხოლოდ და მხოლოდ თანაგრძნობას იმსახურებს.

სამაგიეროდ, მეორე ქვემოქართლური გუნდია აღმავლობის გზაზე და კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მეტალურგი" რეალურად უნდა მივიჩნიოთ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად. ერთადერთი, რამაც რუსთაველებს პრობლემები შეიძლება რომ შეუქმნათ, არცთუ გრძელი სათადარიგოთა სკამია, თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობა ამ საკითხს, დადებითად, ალბათ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადაჭრის.

წინა სეზონამდე ბოლნისელები ვერაფრით ახერხებდნენ რუსთავის "ოლიმპის" ("მეტალურგის") დამარცხებას, მაგრამ ნავსი გატეხეს და ორივე საშიანო მატჩი მოუგეს ბევრად უფრო კვალიფიციური ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ მეტოქეს. თუმცა, მსგავსი "გმირობის" გამეორება დღეს ნაკლებად სავარაუდოდ გვეჩვენება.

სატურნირო ცხრილი

გ თ მ ფ წ ბ ქ

ზესტაფონი 10 7 2 1 23-13 23

მეტალურგი 10 6 2 2 14-8 20

ბაია 10 6 1 3 15-7 19

ტორპედო 10 6 1 3 10-6 19

დინამო 10 6 1 3 20-12 19

მერანი 10 4 2 4 12-12 14

ვიტ ჯორჯია 10 4 2 4 10-12 14

გაგრა 10 4 1 5 12-13 13

დილა 10 3 1 6 14-16 10

კოლხეთი 10 2 3 5 7 13-9 4

სპარტაკი 10 1 4 5 6 15-7 6

სიონი 10 0 2 8 4 20-2 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ogafa
მერანი გაიმარჯვებს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება