ფოთის "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელად გელა სანაია დანიშნეს, მაგრამ კლუბში ჯერ არ ადასტურებენ
კვირას ფოთის "კოლხეთმა" ლანჩხუთში რუსთავის "მეტალურგს" 3:1 მოუგო. სტადიონზე არ ჩანდა კოლხების დამრიგებელი სოსო ფილია. როგორც გვითხრეს, გუნდში ხელმძღვანელობა შეიცვალა, ახალ დირექტორად ზაალ კუჭუხიძე დაინიშნა, ფილია კი ცუდი შედეგების გამო გაუშვეს.

რუსთაველებთან მატჩამდე, ანუ 11 ტურის შემდეგ ფოთელები 9 ქულით მე-11 ადგილზე იყვნენ ორად ორი გამარჯვებით ("გაგრასთან" და "სიონთან") და 8 საუკეთესოში მათი მოხვედრა საეჭვო იყო.

"მეტალურგთან" სათამაშოდ გუნდი მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა დავით მახარაძემ გაიყვანა. მატჩის შემდეგ "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმაც და ფეხბურთელებმაც გვითხრეს, რომ მოგებას სოსო ფილიას უძღვნიდნენ.

თურმე, გუნდი ფილიას გაშვებას ეწინააღმედეგებოდა და ამის შესახებ თავისი აზრი ღიად დააფიქსირეს. თუმცა ყველა ამბობს, რომ ფილიას მხარდაჭერა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იწუნებენ გელა სანაიას, რომლის დანიშვნაც "კოლხეთის" ახალ ხელმძღვანელებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ.

სანაია ცოტა ხნის წინ უმუშევარი იყო, ახლა კი უცებ გაახსენდათ ნიჭიერი ახალგაზრდა სპეციალისტი, რომელმაც თბილისის "ლოკომოტივსა" და "სამტრედიაში" თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა. ის ორი კვირის წინ პირველი ლიგის ხობის "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ახლა კი ფოთელებმა მიიწვიეს.

სხვათა შორის, სანაია კოლხების "მეტალურგთან" მატჩს გუნდის ხელმძღვანელებთან, პრეზიდენტ თენგიზ სარიშვილთან და დირექტორ ზაალ კუჭუხიძესთან ერთად ადევნებდა თვალს.

მწვრთნელის საკითხზე "კოლხეთის" პრეზიდენტმა თენგიზ სარიშვილმა კომენტარი არ ისურვა, თუმცა შევიტყევთ, რომ სანაიასთან კონტრაქტის გაფორმება 7 ნოემბერს იგეგმება.

სოსო ფილიას თქმით კი, იგი შეუძლოდ იყო და ლანჩხუთში ამიტომ არ იმყოფებოდა, გუშინ კი გუნდი ავარჯიშა. გვითხრეს, ამ გაურკვევლობას წერტილი უახლოეს დღეებში დაესმევაო.

მწვრთნელის თაობაზე კომენტარისგან "კოლხეთის" ახალდანიშნულმა დირექტორმა ზაალ კუჭუხიძემაც შეიკავა თავი, სხვა თემებზე კი ვილაპარაკეთ.

- მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: "კოლხეთი" ეკონომიკის სამინისტროს ბალანსიდან ფოთის თვითმმართველობას გადმოეცა, რადგან ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დაინტერესებულნი არიან, რომ "კოლხეთმა" წარმატებით ითამაშოს. ამას გარდა, სტადიონის სარეკონსტრუქციოდ სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს. ცხადია, ქალაქის ბიუჯეტიდან საამისოდ გარკვეული თანხები გამოიყოფა.

- იქნება თუ არა ეს დაფინანსება სისტემატური? აქამდეც ხომ სულ იმაზეა ლაპარაკი, დაფინანსდება თუ არა გუნდი, ამ გაურკვევლობის გამო კი "კოლხეთი" სტაბილურ ვითარებას ვერ ეღირსა. ამას წერტილი ხომ უნდა დაესვას.

- რა თქმა უნდა, ეს თანხა ქალაქის ბიუჯეტში ჩაჯდება. ამას გარდა, ქალაქის მერი მუშაობს, რათა "კოლხეთის" დაფინანსებაში პორტიც ჩაერთოს.

- წლებია, ეს მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ გუნდში ისევ გაურკვევლობაა.

- საქმე ისაა, რომ პორტთან დაკავშირებით ვითარება შეიცვალა, ახალი პარტნიორი, გადამზიდავი კომპანია "მაერსკი" შემოვიდა, რომელიც თანახმაა, სეზონის განმავლობაში "კოლხეთს" 100 ათასი დოლარით დაეხმაროს. მათ უკვე შეიძინეს ახალი ფორმები და შეკრება დაგვიფინანსეს. ამას გარდა, სტადიონის მშენებლობაშიც გვერდში დაგვიდგებიან. თავის მხრივ, სერიოზულ დახმარებას გვპირდებიან ბიზნესწრეებიც.

- სოსო ფილიას წარუმატებლობის მიზეზი გუნდის ფინანსური გასაჭირია, არსებობს კი გეგმა, რომ, ვთქვათ, ხუთ წელიწადში "კოლხეთზე" გარკვეული თანხა დაიხარჯოს და კლუბმა ყოველი ახალ სეზონის დაწყებამდე ამაზე არ იმკითხაოს?

- ეს გეგმა იქნება. მე ორი კვირის დანიშნული ვარ და უკვე ვმუშაობ იმ საკითხზე, რომ "კოლხეთი" ქალაქის ბიუჯეტმა და პლუს ბიზნესმენებმა სტაბილურად დააფინანსონ. ჩვენი მიზანი სწორედ ესაა, გუნდი სტაბილურად უნდა დაფინანსდეს.

- შევიტყვეთ, რომ მოედნის გარდა, მთლიანად "ფაზისის" რეკონსტრუქცია იგეგმება.

- მოედანზე საფარს მთავრობისა და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი გეგმით აგებენ, ფოთის ხელმძღვანელობა კი განათების სისტემას, ტრიბუნების განახლებას და ახალი ტაბლოს დამონტაჟებას დააფინანსებს. უნდა შეიცვალოს სანიაღვრე არხები და სარწყავი სისტემა, საბოლოოდ კი, ფოთში საქართელოში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი უნდა მოეწყოს. ამას გარდა, ფეხბურთის ფედერაცია 3,5 ათასი ინდივიდუალური სკამით დახმარებას დაგვპირდა. ეს პატარა ამბავი არ იქნება.

- სავარაუდოდ, რა იქნება კლუბის წლიური ბიუჯეტი?

- ეს მალე გაირკვევა.

- როდისღა? პირველი წრე უკვე დამთავრდა.

- დამიჯერეთ, მალე. დავალიანებებიც უკვე გასტუმრებულია და წინსვლა აუცილებლად იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის