ტურია ისეთი, ერთი "ბომბა-მატჩი" ხომ გველოდება, ამას გარდა არანაკლები მნიშვნელობა აქვს თითქმის ყველა შეხვედრასაც
ზედიზედ ორჯერ არასრული ტური ჩატარდა და იმედი დავტოვოთ, რომ უამინდობა ხვალ მაინც არ შეგვიშლის ხელს. ყოველ შემთხვევაში, პარასკევ-საღამოს მონაცემებით, არც ერთ ხვალინდელ თამაშს გადადება არ ემუქრება;

არადა, ტურია ისეთი, ერთი "ბომბა-მატჩი" ხომ გველოდება, ამას გარდა არანაკლები მნიშვნელობა აქვს თითქმის ყველა შეხვედრასაც. ეგ კი არა, იმის დიდი ალბათობაც არის, რომ პირველად ამ სეზონის დაწყებიდან ვირტუალურ ცხრილში, ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს! თუმცა, არა მხოლოდ ვირტუალურში - "ტრადიციულ ცხრილშიც" (განსაკუთრებით, ქვედა ნაწილში) სერიოზული გადაადგილებებია მოსალოდნელი.

მოკლედ, საინტერესო ტურის მოლოდინში ვართ და ერთადერთი რაც გვაფიქრებს, ჩვენი ფეხბურთელების ფუნქციონალური მდგომარეობაა: მართლაც არანორმალურად გადატვირთული კალენდრიდან გამომდინარე (გუნდების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას დეკემბერში ყოველ მესამე-მეოთხე დღეს უწევს თამაში), ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენია ეს ურთულესი ეტაპი ყველამ რომ სტაბილურად გაიაროს. მით უფრო, რომ უმაღლესი ლიგის 12 გუნდიდან, ალბათ, ორი-სამი კლუბის მწვრთნელს თუ ექნება იმის ფუფუნება, თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხბურთელების უმტკივნეულო როტაცია მოახდინოს.

ტორპედო-მეტალურგი

ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში ჩატარდება და რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ ჩემპიონატის ორი გამორჩეული გუნდის პაექრობას "ნეიტრალური" გულშემატკივარი თვალს ვერ მიადევნებს.

ალბათ, ზედმეტია იმის ახსნა, თუ რამხელა სატურნირო მნიშვნელობა აქვს სეზონის ფავორიტთა ამ დაპირისპირებას, თანაც, აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთი განსაკუთრებული ნიუანსიც: "ტრადიციულ" ცხრილში ქუთათურები თუ მეტ-ნაკლებად სოლიდური სხვაობით (5 ქულით) უსწრებენ რუსთაველებს, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით ვირტუალურ ცხრილზე. აი, იქ კი "მეტალურგი" მართლაც კომფორტულ მდგომარეობაშია და კობა ჟორჟიკაშვილის გუნდიც ყველანაირად შეეცდება ზამთრის პაუზამდე დარჩენილ სამივე ურთულეს შეხვედრაში რაც შეიძლება მეტი ქულა აიღოს.

არადა "მეტალურგმა" ჩემპიონატში ბოლო ორი მატჩი ფრედ დაასრულა, სამაგიეროდ შუა კვირაში უპრობლემოდ გადალახა თასის მეოთხედფინალური ბარიერი. აი, მასპინძელთა ბანაკში კი საპირისპირო განწყობაა: ოთხშაბათს "ტორპედომ" უმძიმესი სათასო მატჩი ჩაატარა ზესტაფონში, სადაც მართლაც დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა. თუმცა, გია გეგუჩაძის გუნდზე აუგს ვერავინ იტყვის - ამ სეზონის, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მატჩში "ტორპედოს" ფეხბურთელებმა წარმატების მისაღწევად სული და გული ჩადეს, მაგრამ 7 დეკემბერს საფეხბურთო ფორტუნამ ქუთაისელებს ზურგი შეაქცია.

არა უშავს: ამიერიდან "ტორპედო" მთლიანად ჩემპიონატზე იქნება კონცენტრირებული; თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ სამივე კონკურენტისაგან ("დინამო", "ზესტაფონი", "მეტალურგი") განსხვავებით, პირველი ეტაპის ბოლომდე ბევრად უფრო ხელსაყრელი კალენდარი სწორედ "ტორპედოს" აქვს.

ზესტაფონი-სიონი

ქუთაისური დაპირისპირებისა არ იყოს, ალბათ, ზესტაფონშიც გადაჩვეული იქნებიან მატჩების დღის სინათლეზე ცქერას; ჰო, ასეა: სეზონის დაწყებიდან, ცოტა არ იყოს, ძნელად გვახსენდება ისეთი შემთხვევა, ქუთაისში ან ზესტაფონში შეხვედრა საღამოთი, პროჟექტორების "თანხლებით" რომ არ ჩატარებულიყო. თუმცა, ვეჭვობთ, რომ ამ წყვილში მატჩის დაწყების დროს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს: ბოლნისური კლუბის მიმართ დიდი სიმპათიის მიუხედავად, წყვილის უპირობო ფავორიტად ხომ მასპინძლები მიჩინევიან.

და ეს, მისი მიუხედავად, რომ სულ ახლახანს "ტორპედოსთან" ჩატარებულმა მართლაც უმძიმესმა სათასო დაპირისპირებამ "ზესტაფონის" ფეხბურთელთა უდიდესი ფიზიკური (გნებავთ, ემოციური) ენერგია წაიღო - უმაღლეს ლიგაში თუ რომელიმე გუნდში ხდება წამყვან ფეხბურთელთა უმტკივნეულო და სრულფასოვანი შეცვლა, სწორედ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდზე ითქმის.

სხვანაირად ვერც იქნება: ახალგაზრდა სპეციალისტის დამოძღვრილ გუნდს ახალ წლამდე ხომ სხვებთან შედარებით ბევრად მეტი მატჩი აქვს ჩასატარებელი (ორი გამოტოვებული შეხვედრა, პლუს სუპერთასის მატჩი). აღარაფერს ვამბობთ მეტოქეებზეც: "ზესტაფონს" სათამაშო აქვს თბილისის "დინამოსთანაც", რუსთავის "მეტალურგთანაც" და სტუმრად "მერანთანაც". ისე, "ზესტაფონი" ორივე ცხრილში მეორე ადგილზეა, მაგრამ სინამდვილეში ორივეგან პოტენციური ლიდერია - კონკურენტებთან შედარებით ნაკლები მატჩ(ებ)ი აქვს ჩატარებული.

დინამო-კოლხეთი

პირდაპირი ტელერეპორტაჟის და "საღამოს მატჩის" გარეშე არც ამ ტურში დავრჩებით: "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ძველისძველი მეტოქეების დაპირისპირებას შემოგვთავაზებს. "ზესტაფონი" - "სიონისა" არ იყოს, ამ წყვილსაც უპირობო ფავორიტი ჰყავს: ფორმააკრეფილი "დინამო" ბოლო მატჩებში მეტოქეებს უპრობლემოდ ამარცხებს, თანაც ისე, რომ საკუთარ კარს "მშრალად" ინახავს".

საერთოდაც, გუნდს 22 ოქტომბრის მერე აღარ წაუგია ("ბაიასთან" მარცხის შემდეგ) და ალექს გარსიას გუნდიც დაახლოებით იმ ფეხბურთს უჩვენებს, ამ ზაფხულს ევროპის ლიგის მატჩებში რომ გვანებივრებდა. ეგაც რომ არ იყოს, "დინამოს" მეპატრონე იქნება, კლუბის ხელმძღვანელობა, სამწვრთნელო შტაბი თუ თითოეული ფეხბურთელი, ალბათ, ყველას სურვილია, ეს წელიწადი გუნდმა ლიდერის რანგში (თუნდაც, "ტრადიციულ" ცხრილში) დაასრულოს.

ისე, ნუ გამოვრიცხავთ, რომ ამ ხვალინდელ მატჩში "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა თავის გუნდის რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დასვენების საშუალება რომ მისცეს - ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიან კლუბს სამიოდ დღეში ხომ ზესტაფონში სტუმრობა უწევს.

"კოლხეთმა" კი ბოლო სამ მატჩში მოპოვებული ერთადერთი ქულით საგრძნობლად გაირთულა საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის შანსი. თუმცა, ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ: დავით მახარაძის გუნდს პირველი ეტაპის ბოლომდე, ერთის გარდა, ყველა დარჩენილი მატჩი უშუალო კონკურენტთან აქვს...

სპარტაკი-გაგრა

"ტურის მატჩი" ქუთაისში გაიმართება, მაგრამ არანაკლებ პრინციპული შეხვედრა უნდა ჩატარდეს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზეც"; ის შემთხვევაა, როცა იტყვიან ხოლმე - ექვსქულიანი მატჩიაო! თუმცა, "სპარტაკისა" და "გაგრას" დაპირისპირებას შესაძლოა ბევრად უფრო მეტი "ფასიც" დაედოს: ცხინვალელთა გუნდის გამარჯვების შემთხვევაში ხომ ზემოთ არაერთხელ ნახსენები ვირტუალური ცხრილი გვარიანზე მეტად შეიცვლება!

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მოვლენების მსგავსი განვითარების შემთხვევაში, "სპარტაკი" თავის ხვალინდელ მეტოქეს ცხრილში ადგილსაც გაუცვლის და, რაც მთავარია, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან ურთიერთდაპირისპირებაში უპირატესობაც ექნება. "სპარტაკის" ბოლოდროინდელი წარმატებული ასპარეზობა მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ ხაჩიძის დამსახურებაცაა, უმაღლეს ლიგას წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ სწორედ "გაგრასთან" მატჩში (პირველი წრის შეხვედრას ვგულისხმობთ) რომ დაუბრუნდა.

ბოლო დროს ვერც "გაგრაზე" იტყვის ვინმე, რომ ამ ახალგაზრდულ გუნდს კრიზისი აქვსო - ასევე ახალგაზრდა სპეციალისტის ზვიად ჯელაძის შეგირდები ჩემპიონატშიც ინარჩუნებენ საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის შანსს და თასზეც წარმატებულად ასპარეზობენ. ყოველ შემთხვევაში, ზედიზედ მეორედ თასის ნახევარფინალში გასვლა პატარა ამბავი, ალბათ, არ უნდა იყოს.

სატურნირო მდგომარეობა

გ თ მ ფ წ ბ ქ

1. დინამო 15 10 2 3 31-14 32

2. ზესტაფონი 14 10 2 2 29-14 32

3. ტორპედო 15 10 1 4 20-11 31

4. მერანი 14 8 2 4 19-13 26

5. მეტალურგი 15 7 5 3 20-15 26

6. ბაია 16 7 2 7 18-15 23

7. გაგრა 16 5 3 8 16-21 18

8. ვიტ ჯორჯია 15 4 5 6 13-20 17

9. სპარტაკი 15 4 4 7 14-22 16

10.კოლხეთი 15 3 4 8 13-23 13

11. დილა 15 3 2 10 17-25 11

12. სიონი 15 1 4 10 10-27 7

ვირტუალური სატურნირო მდგომარეობა

გ თ მ ფ წ ბ ქ

1. მეტალურგი 10 6 2 2 14-9 20

2. ზესტაფონი 8 6 1 1 17-7 19

3. დინამო 9 4 2 3 17-12 14

4. მერანი 9 4 1 4 9-10 13

5. ტორპედო 9 4 1 4 6-8 13

6. ბაია 9 3 1 5 8-9 10

7. ვიტ ჯორჯია 10 2 3 5 4-12 9

8. გაგრა 10 2 1 7 7-15 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა