"ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" შეხვედრის დამთავრების შემდეგ გასახდელებისკენ მიმავალ გვირაბში "ჩელსის" მცველ ეშლი კოულს ჩხუბი აუტეხავს
ორშაბათს, "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" უკიდურესად დაძაბული შეხვედრის დამთავრების შემდეგ გასახდელებისკენ მიმავალ გვირაბში "ჩელსის" 30 წლის მცველ ეშლი კოულს ჩხუბი აუტეხავს.

შეგახსენებთ, რომ თამაშს თავიდან მანჩესტერელები იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა იყოჩაღეს და ანგარიში ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ კი, შეცვლაზე შესული ვეტერანი ვარსკვლავის, 33 წლის ფრენკ ლემპარდის დარტყმული პენალტით გაიმარჯვეს კიდეც.

ლემპარდმა, რომელსაც წინა ორი პენალტიის დროს ხელი მოეცარა, შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე გაიტანა. სტუმრები მატჩის ბოლო 32 წუთის განმავლობაში უმცირესობაში იყვნენ - ორი გაფრთხილების გამო მოედნიდან გაელ კლიში გააძევეს - და საბოლოოდ, მიმდინარე ჩემპიონატში პირველი მარცხი იწვნიეს.

"სიტის" შეხვედრის არბიტრ მარკ კლეტენბერგთან პირველ ტაიმშივე გაუჩნდა პრეტენზია. მსაჯმა სტუმართა სასარგებლოდ არ დანიშნა თერთმეტმეტრიანი, რომლის გატანის შემთხვევაში ანგარიში 2:0 გახდებოდა და დასავლეთლონდონელებს თამაშის შემოტრიალება ერთიორად გაუძნელდებოდათ.

როგორც ვთქვით, ასე არ მოხდა, "ლურჯებმა" ბოლო 10 დღეში ზედიზედ მესამე მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგეს და საფინალო სასტვენის შემდეგ ზეიმით შევიდნენ გვირაბში, სადაც ეშლი კოულს "სიტის" ოთახთან გამომწვევი ქცევა დაუწყია. მცველი, დაახლოებით ამას ყვიროდა - "წაიღეთ რაც გეკუთვნოდათო" რამაც ისტლენდელების გაღიზიანება და საპასუხო რეაქცია გამოიწვია. პრეს-კონფერენციაზე "სიტის" მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა:

"არ ვიცი რა თქვა კოულმა, ინგლისურ ჟარგონს ასე კარგად ვერ ვფლობ, მაგრამ, "ჩელსის" მოთამაშეები თავისი ყველა შეძახილითა და ქცევით ადასტურებდნენ, რომ ჩვენ უძლიერესი გუნდი გვყავს. მათი დიდი ეიფორია სწორედ უძლიერესის დამარცხებამ გამოიწვია და, მე თუ მკითხავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო".

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა "ლურჯების" გამარჯვების გოლის ავტორმა, ფრენკ ლემპარდმაც, რომელმაც გასახდელებთან ამტყდარი შეხლა-შემოხლა დაძაბული მატჩის ემოციით ახსნა.

"ხანდახან ადამიანებს ზედმეტი მოსდით. როდესაც ერთმანეთს დიდი ფეხბურთელები, დიდი გუნდები ხვდებიან და დათმობა არავის უნდა, ემოცია ზღვარს გადადის. ასეთ ინციდეტებში ადრეც მოვყოლივარ და მინდა გითხრათ, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ორივე გუნდი ერთმანეთს დიდ პატივს სცემს და აფასებს".

ზემოთ არ გვითქვამს: ანგარიში ისტლენდელთა 21 წლის იტალიელმა ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ გახსნა, "ჩელსის" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, 28 წლის რაულ მეირელეშმა კი გაქვითა.

რაც შეეხება ლემპარდს, მოგეხსენებათ, გაზეთებმა სწორედ იმ დღეს დაწერეს, რომ მისი შეძენა "რეალის" თავკაცს, "ჩელსის" ყოფილ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს სურს. მას მერე, რაც დასავლეთლონდონელებს სათავეში ანდრე ვილაშ-ბოაში ჩაუდგა, ლემპსი "ლურჯების" ძირითადში ვეღარ ხვდება და მისი ტრანსფერის თემაც ბუნებრივად წამოვიდა წინა პლანზე. ლემპარდმა თქვა:

"მე "ჩელსიში" მინდა თამაში და ვგრძნობ, რომ როდესაც მოედანზე ვარ, მაქსიმუმს ვაკეთებ. დიდი ხნის განმავლობაში შესანიშნავ ფორმაში ვიყავი და რეგულარულად მათამაშებდნენ. ახლა, შემადგენლობაში ხან ვარ, ხან არა. რა შემიძლია ვიღონო? მესმის, უკვე 33 წლის გავხდი, მაგრამ ჯერ კიდევ მსურს და შემიძლია თამაში. კონტრაქტის თანახმად "სტემფორდ ბრიჯზე" კიდევ 18 თვე უნდა გავატარო და მე ამ ვადის ბოლომდე ამოწურვას ვაპირებ".

მანჩინიმ დასძინა, რომ შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი პირველ ტაიმში იყო, როდესაც ჟოზე ბოსინგვამ საჯარიმოში დავიდ სილვა წააქცია, მსაჯმა კი თერთმეტმეტრიანი დარტყმა არ დანიშნა.

გამარჯვებამ "ჩელსი" "სიტის" შვიდ ქულამდე მიუახლოვა. "ლურჯების" გახარებულმა მწვრთნელმა, ვილაშ-ბოაშმა თქვა: "შვიდქულიანი ჩამორჩენა, როდესაც პირველობისთვის ამდენი გუნდი იბრძვის, არაფერია. ახლა ბევრი რამ ჩვენი ფორმის სტაბილურობაზე იქნება დამოკიდებული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა