გადაწყვეტილია: შსს-ს სუპერლიგის მეორე წრიდან ბერძენი სპეციალისტი გიორგიოს კაცელიდისი გაუძღვება (ინტერვიუ)
როგორც ჩანს, შსს-ს საკალათბურთო კლუბის ხელმძღვანელობა სერიოზულად ფიქრობს ჩემპიონატში მაღალ შედეგებსა და ევროტურნირებში წარმატებულ გამოსვლაზე.

გადაწყვეტილია: გუნდს სუპერლიგის მეორე წრიდან გაუძღვება ბერძენი სპეციალისტი გიორგიოს კაცელიდისი. იგი ელინთა ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებლის, ილიას ზუროსის ასისტენტი იყო "პანელინიოსში", "ოლიმპიაკოსსა" და "ჟალგირისში". ლიტვურ კლუბში ბერძნული ტანდემი 2011 წლის შემოდგომიდან მუშაობდა, თუმცა დეკემბერში მათი და "ჟალგირისის" გზები გაიყარა.

როგორც უკვე გითხარით, კაცელიდისი კარიერას საქართველოში გააგრძელებს. ინტერვიუს ჩაწერისას ბატონმა გიორგიოსმა საინტერესო შთაბეჭდილება დატოვა. აბა, ბერძენი კაცი პირველ კითხვაზე თავიდან ბოლომდე ქართულად რომ გიპასუხებს, როგორ შეიძლება გაკვირვებული არ დარჩე:

- გამარჯობა. მოხარული ვარ თქვენთან ჩამოსვლით. ვეცდები გავამართლო ხალხის მოთხოვნა, ვინც მომიწვია და გავახარო გულშემატკივარი.

ამის შემდეგ გიორგიოს კაცელიდისთან ინტერვიუ ინგლისურ ენაზე განვარგძეთ.

- მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას ჩემი მოწვევისთვის და მენეჯერ ლევან მიქელაძეს დახმარებისთვის. საქართველოში მუშაობა ჩემთვის საინტერესო გამოწვევაა. როგორც ქართულად გითხარით, ვეცდები გავამართლო ყველას იმედი.

- მიზნად რა დაგისახეს?

- დავპირდი, რომ სამწვრთნელო შტაბთან და კალათბურთელებთან ერთად მაქსიმუმს გავაკეთებ მაღალი შედეგის საჩვენებლად. ასევე გპირდებით, რომ ჩვენი ახალგაზრდული გუნდი ითამაშებს ლამაზ კალათბურთს და ვიბრძოლებთ, რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგოთ.

- შემადგენლობაში ცვლილებებია. გუნდი სრულად როდის დაკომპლექტდება?

- ცვლილებები მართლაც არის. მიმდინარეობს მუშაობა შემადგენლობის გაძლიერებისთვის. გუნდი საბოლოო სახეს, სავარაუდოდ ამ კვირაში მიიღებს.

- საქართველოში ჩამოსვლამდე ჩვენი კალათბურთის შესახებ რა წარმოდგენა გქონდათ?

- ამა თუ იმ ქვეყნის კალათბურთზე აზრის შექმნა მისი მოთამაშეებითაა შესაძლებელი. ვიცნობ გიორგი შერმადინს, რომელიც საბერძნეთის "პანათინაიკოსში" თამაშობდა. სხვათა შორის, "პანელინიოსში" მუშაობისას ილიას ზუროსსა და მე გიორგის გადაბირება გვსურდა. კარგად ვიცი მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი ცინცაძე, ვლადიმერ ბოისა და ზაზა ფაჩულია. საქართველოში ბევრი ნიჭიერი კალათბურთელია, ზოგი ისეთი, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე არ უთამაშია. ტალანტებს კი მიხედვა, სწორი ფილოსოფიით აღზრდა უნდათ. განსაკუთრებით მაშინ სჭირდებათ სათანადო პირობები და ყურადღება, როცა სამოყვარულოდან პროფესიულ კალათბურთში გადადიან.

- ლიტვის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთისას დაუპირისპირდა. რა შთაბეჭდილება დატოვა ჩვენმა გუნდმა ბერძნებზე?

- თავიდან ინიციატივას ქართველები ფლობდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა. ასეთ შეჯიბრებებში გამოცდილება ბევრს წყვეტს. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად თამაშობდა და გამოუცდელობის მიუხედავად კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის მისამართითაც მინდა კომპლიმენტის თქმა. თქვენი ნაკრები კარგად გაწვრთნილი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა