შესრულებული მისიის ისტორია
დიდიე დროგბა "ჩელსიდან" წავიდა. წავიდა რვაწლიანი ერთგული სამსახურისა და მას შემდეგ, რაც კლუბმა ევროპული ფეხბურთის მწვერვალს მისი დახმარებით უწია.

დიდიე თავის გადაწყვეტილებაზე საუბრობს.

- რა იქნება შემდგომ?

- მე ჯერ კიდევ მექნება დრო გადაწყვეტილების მისაღებად. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო შეწყვეტილიყო ჭორები, რომ მომდევნო სეზონში ისევ "ჩელსიში" ვითამაშებდი.

ყველას უნდა გაეგო, რომ ჩემთვის რვაწლიანი ეპოქა "სტემფორდ ბრიჯზე" დასრულებულია. "ჩელსი" იყო საუკეთესო, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მომხდარა როგორც ფეხბურთელის და როგორც ადამიანის.

აქ გატარებულმა დრომ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. აქ მე ბევრი მეგობარი მყავს მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში ეს საკმაოდ რთულია. ჩვენ ეს ისტორია ერთად დავწერეთ და მაქვს შეგრძნება, რომ ამას ვაკეთებდით ჩვენივე თავებისთვის, კლუბისა და გულშემატკივრებისთვის.

ახლა სულ სხვა მიზნები მჭირდება, რადგან აქ ყველაფერს მივაღწიე. ბედმა გამიღიმა, როცა რამდენიმე გადამწყვეტ მატჩში მოვახერხე გატანა. ეს შესანიშნავი გრძნობაა, მაგრამ ახლა რაღაც ახლის განცდა მინდა.

სად წავალ, ჯერ არ გადამიწყვეტია. მიუნხენში რაც მოხდა, ამაზე ლაპარაკი უფრო მეტად მსიამოვნებს, ვიდრე ამერიკაზე, ჩინეთზე და ასე შემდეგ.

- არ გაგიკვირდათ, როცა კლუბმა ახალი კონტრაქტი არ შემოგთავაზათ?

- მათ არაერთხელ შემომთავაზეს, მაგრამ ფული აქ დარჩენის წინაპირობად არასოდეს განმიხილავს. აქ ყოველთვის ბედნიერი ვიყავი იმით, რაც მქონდა. ჩემი ოჯახიც ბედნიერი იყო, მაგრამ არა ფულის გამო. ახლა კი უბრალოდ დრო მოვიდა. რვაწლიანი მცდელობის შემდეგ გავხდით საუკეთესოები ჩემპიონთა ლიგაში... მერე? აქ დარჩენა იქამდე შემეძლო, ვიდრე ვთამაშობდი, ვიდრე კლუბს ვჭირდებოდი.

იმის თქმა არ მინდა, რომ ახლა არ ვჭირდები, მაგრამ მე უკვე გადავწყვიტე. დავსხედით და დავილაპარაკეთ ამ თემაზე. ყველა მიხვდა, რომ ასე ჯობდა. ბოსმა გამიგო, რონი გურლეიმაც გამიგო და დირექტორთა საბჭომაც. მე ვიცი, რა ამაგი აქვს კლუბს ჩემზე და ისინიც ხვდებიან, რამდენი რამ გავიღე "ჩელსისთვის". ჩვენ ახალ ერას დავუდეთ საფუძველი და მოხარული ვარ, რომ მეც ამის ნაწილი ვიყავი.

სადაც უნდა წახვიდეთ, ამიერიდან "ჩელსი" ყველგან ეცოდინებათ. მინახავს აფრიკელი ბავშვები, რომლებსაც სწორედ "ჩელსის" მაისურები ეცვათ ქუჩაში. ეს ბრენდია და ჩვენ ამით ვამაყობთ.

- თქვენ ინგლისური ფეხბურთიდან წახვედით?

- დიახ, ვერც ერთ სხვა ინგლისურ კლუბში ვერ ვითამაშებ, რადგან მეტისმეტად მიყვარს აქაურობა. ძარღვებში ლურჯი სისხლი მიჩქეფს და ამას ვერაფერს მოვუხერხებ.

- დარჩებოდით თუ არა, ლიგა რომ ვერ მოგეგოთ?

- დიახ, რადგან მე ეს მისია უნდა შემესრულებინა.

- ასე თუ მოიქცეოდით 2008 წელს რომ გემარჯვათ?

- კონტრაქტთან დაკავშირებით მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო. მაშინ სხვა მიზნებიც მქონდა.

- რა თქვა კლუბის მესაკუთრემ თქვენს გადაწყვეტილებაზე?

- მან მითხრა, რომ ესმის და პატივს სცემს ჩემს არჩევანს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მისტერ აბრამოვიჩთან რამდენჯერმე ვისაუბრე.

იმედია, ურთიერთობას ამის მერეც შევინარჩუნებთ, რადგან ის შესანიშნავი ადამიანია და ჩემთვის მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა. მაგალითად ჩემს ოჯახს შეუქმნა კომფორტი და ხვალინდელი დღის იმედი მისცა. ეს კი, ჩემი წარმოშობის გათვალისწინებით, ძალიან ბევრია. პირადად ეს ყველაფერი ბავშვობაში ძალიან მაკლდა.

- მას შემდეგ, რაც რობერტო დი მატეომ მიაღწია, მისი მთავარ მწვრთნელად დანიშვნას ემხრობით?

- ვფიქრობ, "ჩელსიში" ჩემი და რობის მდგომარეობა განსხვავებულია. მან უნდა აუხსნას დირექტორებს, რა სურს. ამის მერე მათ ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ, რა იქნება უკეთესი მისთვის და კლუბისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, დარჩება თუ არა, ის "ჩელსის" ლეგენდაა სამუდამოდ.

- თავად თუ ფიქრობთ სამწვრთნელო კარიერაზე?

- ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს ის არ არის, რაზეც ვოცნებობ. სამწვრთნელო ასპარეზზე ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ასპექტია, რადგან თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზე არ არის, ძალიან გაჭირდება საუკეთესოობა.

- ამ "ჩელსის" თუ შეუძლია სამომავლოდ ტიტულების მოგება?

- რა თქმა უნდა შეუძლია. გუნდისგან გულშემატკივრებიც ელოდებიან ახალ მიღწევებს. ჩვენ მომავალი წარმატებებისთვის მხოლოდ საფუძველი ჩავყარეთ.

- თქვენზე ფილმი რომ გადაეღოთ, ვინ ითამაშებდა მასში?

- არ ვიცი. იუპ ჰაინკესმა ჩემზე თქვა, რომ კარგი მსახიობი ვარ და ალბათ თავად ვითამაშებდი.

- რომელი იყო "ჩელსიში" ყველაზე მძიმე მომენტი?

- ყველაზე ცუდი იყო "ლივერპულთან" ლიგის ნახევარფინალის წაგება, რადგან პირველად მაშინ მქონდა განცდა, რომ რაღაც ძალიან დიდის მიღწევა შეგვეძლო, მაგალითად ჩემპიონატში ან ლიგაში გამარჯვება.

- თუ არის გოლი, რომელიც სხვებზე მეტად გიყვართ?

- ძნელია არჩევა... მაგალითად, 2007 წელს ინგლისის თასის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან" "უემბლიზე" დამატებით დროში გატანილი. სხვების გახსენებაც შეიძლება.

- რას ფიქრობდით მაშინ, როცა მიუნხენში ბურთთან მიდიოდით?

- ეს იყო დაახლოებით ამ სტილში: "ჩვენ ეს გავაკეთეთ"! პეტრის კარში სამი პენალტი არ გავიდა. ისღა დამრჩენოდა, მივსულიყავი ბურთთან და გამეტანა. ვიცოდი, რომ ამას შევძლებდი, რადგან კარგი განწყობა მქონდა.

დოსიე

დიდიე ივ დროგბა ტელიბი

დაიბადა: 1978 წლის 11 მარტს

დაბ. ადგილი: აბიჯანი (კოტ დივუარი)

პოზიცია: ფორვარდი

საფეხბურთო კარიერა: ლე მანი (1997-2002) - 64 თამაში, 12 გოლი; გინგამი (2002-2003) - 45 თ, 20 გ; მარსელი (2003-2004) - 35 თ, 19 გ; ჩელსი (2004-2012) - 226 თ, 100 გ.

ნაკრები: კოტ დივუარი - 84 თამაში, 54 გოლი

საკლუბო ტიტულები: პრემიერლიგა (3), ასოციაციის თასი (4), ლიგის თასი (2), ჩემპიონთა ლიგა, ქომუნითი შილდი (2).

ინდივიდუალური: ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელი, კოტ დივუარის საუკეთესო ფეხბურთელი (2), აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი (2), პრემიერლიგის ოქროს ბურთი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა