საქართველოში საწვრთნელი მატჩების გასამართავად რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე მოსკოვის "სპარტაკი" ჩამოვიდა
საქართველოში საწვრთნელი მატჩების გასამართავად რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე მოსკოვის "სპარტაკი" ჩამოვიდა, რომლის მწვრთნელთა შტაბი, კლუბის ხელმძღვანელები და მორაგბეთა უმრავლესობა ქართველია.

მოსკოველთა პირველი მეტოქე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" იყო. "ვისოლის" სარაგბო სტადიონზე გამართული მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა - 17:10. მიუხედავად იმისა, რომ ქართული გუნდი რუსულს ეთამაშებოდა, მოედანზე მხოლოდ ქართული ლაპარაკი ისმოდა.

მოსკოვის "სპარტაკმა" ახლახან რუსეთის თასის გათამაშებაში იასპარეზა და ახლა ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც სტარტს ორ კვირაში აიღებს.

"ლოკომოტივმა" კი საქართველოს ჩემპიონატში ბოლოს თითქმის ერთი თვის წინათ ითამაშა და მეექვსე ადგილი დაიკავა. მას შემდეგ გუნდი შვებულებაშია და სახელდახელოდ შეკრებილებმა სტუმრებთან გამკლავება სცადეს. არ გამოუვიდათ.

თამაში მოსკოველთა შეტევებით დაიწყო და პირველივე იერიში, რომლის ორგანიზებას სტუმრებმა ოთხი წუთი მოანდომეს, ლელოთი დასრულდა.

სპარტაკელებმა იერიშის მიმართულება ორჯერ შეცვალეს და უპირატესობას მარჯვენა ფრთაზე მიაღწიეს. მორკინალებმა რამდენიმე მოკლე დარტყმით მეტოქის 22-მეტრიან ზონაში შეაღწიეს, რაკში რკინიგზელები უხვად ჩაითრიეს და მარცხენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა შექმნეს.

ეს დროულად შენიშნა სტუმართა ცხრა ნომერმა ზურაბ თუთბერიძემ და ბურთი ხაზზე გაიტანა.

მოსკოველებმა ის ბოლომდე ჩაათამაშეს და ჩათვლის მოედანში უკნიდან ჩართულმა ფულბეკმა ალექსანდრე დიმიტრიუკმა შეაღწია. გარდასახვა მგეზავმა ანდრეი ლიზოგუბმა ვერ გამოიყენა - 5:0.

"ლოკომოტივმა" ანგარიშის გათანაბრება პირველივე მცდელობაზე მოახერხა. მატჩის მე-9 წუთზე "სპარტაკის" ლელოს მისადგომებთან რკინიგზელთა სასარგებლოდ საჯარიმო დაინიშნა. მასპინძლებმა შერკინება მოითხოვეს.

მძლავრი მიწოლის შემდეგ სტუმართა მორკინალები აირივნენ. ამით კარგად ისარგებლა ცხრა ნომერმა საბა ჭურღულიამ, რომელმაც მარცხენა, მოკლე ფრთაზე თავისი გუნდის რიცხობრივი უპირატესობა შენიშნა. მან ბურთი მგეზავ დავით კიკნაძეს გაატანა, რომელმაც მეტოქე ცრუ მანევრით ჩამოიცილა და ლელო მიითვალა. გარდასახვა მანვე დაარტყა, მაგრამ არაზუსტად - 5:5.

ამის შემდეგ თამაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. უპირატესობის მოპოვებას ორივე გუნდი მორკინალების დარტყმებით ცდილობდა, თუმცა სპარტაკელები თამაშის ხაზზე გაშლასაც ახერხებდნენ.

მორიგი იერიშისას, 26-ე წუთზე სტუმრებმა ისევ მარცხენა ფრთაზე შექმნეს რიცხობრივი უპირატესობა. კიდესთან ახლოს, გარემარბის პოზიციაზე მესამეხაზელი, ყოფილი ლოკომოტიველი ლაშა თავბერიძე აღმოჩნდა, რომელმაც ლელომდე 30 მეტრი ისე ირბინა, ხელი ვერავინ შეუშალა. ლიზოგუბმა გარდასახვა ამჯერად გამოიყენა - 12:5.

ანგარიშის გათანაბრების საშუალება "ლოკომოტივს" პირველი ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მიეცა. იერიში მოედნის ცენტრში კიკნაძემ წამოიწყო, მერე მორკინალებმა ჯაბა კიკვიძემ და დავით გასვიანმა განაგრძეს.

ამ უკანასკნელის შეჩერება მეტოქემ ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში შეძლო. ჭურღულიამ რაკიდან ბურთი მარცხენა, გრძელ ფრთაზე გაიტანა, თუმცა იქ რკინიგზელებმა "სპარტაკის" დაცვის ხაზის გაჭრა ვერ შეძლეს.

მერე შეტევის მიმართულება შეცვალეს. ბურთი შუამარბმა ნიკოლოზ ბერძულმა მიიღო, რომელმაც სამ მეტოქეს ოსტატურად აუარა გვერდი და ჩათვლის მოედანში შევიდა. კიკნაძემ გარდასახვა ვერ გაიტანა და მასპინძლებმა ტაიმი ორი ქულის სხვაობით წააგეს - 10:12.

მატჩის მეორე ნახევრისა და თავსხმა წვიმის დაწყება ერთი იყო. შედეგად, გუნდებს ცარიელი ტრიბუნების წინაშე მოუწიათ თამაში. ამასთან ერთად, ასპარეზობაც სანახაობრივად ნაკლებად მიმზიდველი გამოდგა. მორაგბეებს სველ მინდორზე ფეხი ხშირად უცურავდათ და შეცდომასაც მრავლად უშვებდნენ.

მიუხედავად ამისა, "სპარტაკმა" ერთი ლელოს გატანა მაინც მოახერხა. შეტევის ტაქტიკური მონახაზი არ შეცვლილა. 54-ე წუთზე მორკინალების დარტყმებს ბურთის მარცხენა, გრძელ ფრთაზე ჩათამაშება მოჰყვა, რომლის შემდეგაც ლელო გარემარბმა იუსტინ პეტრუშკამ გაიტანა. ლიზოგუბმა გარდასახვა ძალზე უხეიროდ დაარტყა, ისე, რომ ბურთი ხარიხას არ გადასცილებია - 17:10.

მატჩის გადასარჩენად დრო საკმარისად იყო დარჩენილი. "ლოკომოტივმა" სათამაშო უპირატესობის მოპოვება კი შეძლო, მაგრამ დაცვაში თავგანწირვით მოთამაშე ქართველ სპარტაკელებს ვერაფერი მოუხერხა და დამარცხდა.

ლოკომოტივი-სპარტაკი 10:17

ლოკომოტივი (15-9) კობერიძე (ნიკოლავა 41), ქავთარაძე, ბერძული, დ. ჭურღულია, პინაიშვილი, კიკნაძე, ს. ჭურღულია. (1-8) გასვიანი, სოსელია, ბელიაშვილი, გეგია (ნიშნიანიძე 41), ფოფხაძე, ბერიშვილი, ხულუაშვილი, კიკვაძე.

2ლ: კიკნაძე, ბერძული.

სინბინი: სოსელია

სპარტაკი (15-9) დიმიტრიუკი, ფრუიძე, ევსეევი, ლიზოგუბი, პეტრუშკა, კოკორინი, თუთბერიძე (გოგია 41). (1-8) კვანტიძე, ერისთავი, ხეჩიკოვი, მინაძე, კვერნაძე, ცირეკიძე, თავბერიძე, მალიაკინი.

3ლ: დიმიტრიუკი, თავბერიძე, პეტრუშკა. გ: ლიზოგუბი.

მსაჯი: სულხან ჩიხლაძე (ქუთაისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა