31 მაისს ანკარაში ახალგაზრდების დიდი საერთაშორისო ტურნირი "ჩემპიონები" დაიწყო
31 მაისს ანკარაში დაიწყო ახალგაზრდების დიდი საერთაშორისო ტურნირი "ჩემპიონები", რომელიც მუდმივად ძლიერი შემადგენლობით გამოირჩევა და სახელწოდებასაც ამართლებს - აქ მართლაც ბევრ მომავალ დიდ ჩემპიონს დაუწყია კარიერის მწვერვალისკენ სვლა.

იქ ჩვენებიც ყოველთვის კარგად გამოდიან, თუმცა გუშინდელი დღე ქართველი ახალგაზრდებისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა - ჩვენებმა მხოლოდ ერთი ბრინჯაო მოიპოვეს, რაც ბერძენ-რომაელთა შორის მოასპარეზე ფირუზ წულუკიძემ (66) შეძლო.

ამასთან, კიდევ რამდენიმემ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, თუმცა წააგეს და ხელცარიელნი დარჩნენ.

მათ გუნდურ ჩათვლაში ქულები კი მოგვცეს, მაგრამ ამგვარ შეჯიბრებებში მთავარი მაინც მედალია. თან გულდასაწყვეტია, რომ არც ისე მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენეს და მეტოქეებმა აჯობეს, მსაჯებს ამ კონკრეტულ წაგებებში ვერ დავადანაშაულებთ.

ფირუზ წულუკიძე ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონია, რაც ბოლო წლებში ჩვეულებრივი ამბავი გახდა - მას თანატოლებში პირველობას ვერავინ ეცილება.

ანკარაშიც მესამე ადგილისთვის მოასპარეზე ქართველებიდან ის ერთადერთი იყო, ვინც კონკურენტი ყველაფერში დაჯაბნა.

დამამშვიდებლის ფინალში მას ადგილობრივ ფალავანთან მოუწია პაექრობა და ცოტა დააკლდა, მსაჯთა მსახვრალი ხელიც არ იწვნია.

პაექრობამ რამდენჯერმე შეჩერდა თურქთა პროტესტის გამო, მეორე პერიოდში ერთ-ერთ ეპიზოდს არბიტრები ძალიან დიდხანსაც არჩევდნენ, თუმცა, საბედნიეროდ, წულუკიძის უპირატესობა იმდენად აშკარა იყო, მსაჯები ვერაფერში მიედავნენ და, პირიქით, მეტოქე დასაჯეს ქულით ცრუ პროტესტისთვის.

წულუკიძემ ყველაფერი გაუკეთა მოწინააღმდეგეს, რისი საშუალებაც მიეცა, მაგრამ განსაკუთრებით ძლიერად ჩოქბჯენიდან დატრიალებებში გამოიყურებოდა, რაც ჩვენი "აქილევსის ქუსლია" და ამ ტურნირზე სხვებისთვის სუსტ წერტილად იქცა - ჩოქბჯენიდან არც ერთხელ არ დაუკარგავს თავისი შანსი.

მეორე პერიოდის ზემოხსენებული ეპიზოდის განახლებისთანავე თურქმა ზუსტად იმ "ავაზას ნახტომით" მოუნდომა თავზე გადახტომა, რომელსაც უფროსებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (74) აკეთებს ასე კარგად, ადგილიდან ახტომით დიდი სიმაღლეც აიღო და თავზე უნაკლოდ გადაახტა, მაგრამ წულუკიძე მომზადებული დაუხვდა და თვითონ გადაისროლა იქით.

ბათუმელმა ფალავანმა პირველ შეხვედრაშიც დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა ისევ მასპინძელთა წარმომადგენელთან, მთლიანობაში, საკმაოდ გამართულად, ძლიერად ჭიდაობს და ცოტა გასაკვირია, უფრო მასშტაბურ წარმატებებს რატომ ვერ აღწევს.

შეგახსენებთ, რომ ის ბოლო წლებში მუდმივად შედის ეროვნული ნაკრების კანდიდატებში და უფროსებში საქართველოს პრიზიორიც სტაბილურად ხდება. ვიმედოვნებთ, შორს არაა ის დღე, როცა მთავარ გუნდში დაიმკვიდრებს ადგილს და ტავის ნიჭს ბოლომდე გამოიყენებს.

სამწუხაროდ, თურქეთი იმ ქვეყნების რიცხვში შედის, რომელთა ტერიტორიაზე გამართულ შეჯიბრებებს მსაჯთა არაობიექტურობა თან სდევს.

გასაგებ მიზეზთა გამო, ამ ტურნირის პირდაპირი რეპორტაჟისას ყველა შეხვედრის ნახვა ჭირდა, მაგრამ ჩვენებიდან ვისაც ვუყურეთ, ყველაზე უფრო თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ბუჯიაშვილი (55) შეგვეცოდა - ის ნამდვილად გახდა არბიტრთა მსხვერპლი.

ჩვენმა მწვრთნელებმა ბევრი კი იკამათეს, თან ისე აქტიურად, ვიფიქრე, ჯარიმას არ გამოჰკრან ხელი-მეთქი, მაგრამ ამაოდ - ჭიდაობის სამყარო თავისი უცნაური მსაჯობით კვლავაც აუღებელ ციხე-სიმაგრედ რჩება...

ბერძენ-რომაელთაგან ბრინჯაოსთვის ხვიჩა ჭითავამ (66) და კუკური კირცხალიამ (96) იჭიდავეს, "თავისუფალთაგან" - ნიკა ტატუაშვილმა (50).

სამწუხაროდ, შანსი ვერც ერთმა ვერ გამოიყენა. მაგალითად, ჭითავამ შეხვედრის დამატებით პერიოდში გადაყვანის ჩინებული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, როცა მეორე პერიოდში ჩოქბჯენიდან ვერ დაატრიალა მეტოქე.

არადა, სამჯერ აქაჩა ლეიბიდან, მაგრამ ვერ გადააგდო. კირცხალიაც ყველა კომპონენტში დაჩაგრა მასპინძელმა ალი ულვი ჩეთინმა. ტატუაშვილმა კი იბრძოლა ემრე დემირცანთან, მეორე პერიოდში ორჯერ ორქულიანზეც გადაატრიალა, მაგრამ თვითონაც იოლად უთმობდა ფანდებს და ეს პერიოდი 4:6 მაინც წააგო.

დასასრულს, იმასაც გეტყვით, რომ რატომღაც თურქები ამ ტურნირს ისევ ძველი წესებით ატარებენ, რაც ცოტა გასაკვირია.

არადა, ბერძენ-რომაელებმა ახალ წესებთან ადაპტაციის მიზნით თურქეთში ძირითადი შემადგენლობა წაიყვანეს, თუმცა ამ ეტაპზე მათი ჭიდაობა არ იგეგმებოდა.

ამ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო რამდენიმე ფალავანი ზედა წონაში გამოდის. მათ შორის - ჭითავაც.

ანკარის "ჩემპიონთა" ტურნირი 2 ივნისს დასრულდება და, იმედია, დარჩენილ ორ დღეში ჩვენები ბევრად უფრო წარმატებით იჭიდავებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ესპანეთის თასის 1/4-ფინალი - "ალბასეტე" "ბარსელონასაც" გამოაგდებს?
დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს
COPE: "რეალის" ფეხბურთელები ფანების ქმედებით იმედგაცრუებულები არიან
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
ერთი კატალონიური გუნდიდან მეორეში - ტერ შტეგენს მუნდიალამდე სათამაშო პრაქტიკა სჭირდება
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] ალისონი ისევ არადამაჯერებელია - "ლივერპულმა" "ენფილდზე" აუტსაიდერს ვერ მოუგო
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" "მონცასთან" ფრეს მიაღწია და ისევ ლიდერია
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
2 ივლისს ახალგაზრდა მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას იწყებენ
წვერის სკანდალი ჭიდაობაში გრძელდება - ამჯერად აზერბაიჯანში
ქართველი "ბერძენ-რომაელები" და "თავისუფლები" "ჩემპიონებში" იასპარეზებენ
ბაქო 2015-ის შეჯამება: მწარე რეალობა ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე
მოჭიდავე ფირუზ წულუკიძეს მუსულმანობის გამო ტერორისტებთან კავშირს აბრალებენ
ირაკლი გაბრიჭიძემ 20 წლამდე ძალოსანთა ევროპის პირველობაზე ატაცში ბრინჯაო მოიპოვა
შმაგი ბოლქვაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე სირცხვილისგან გვიხსნა
ახალგაზრდა ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" მსოფლიოს პირველობის პირველი დღე ჩააგდეს