ლევან ფანიაშვილი: "გაისად არბიტრი ჰონორარს 1000 ლარამდე აიღებს"

ეროვნულ ჩემპიონატში მსაჯთა მიმართ პრეტენზია და ინციდენტები გახშირდა. შესაბამისად, ამ თემამ წინა პლანზე გადაინაცვლა. მაინც რა ხდება - მსაჯობის დონეა დაბალი თუ სხვა მიზეზებთან გვაქვს საქმე. ამ საკითხებზე სალაპარაკოდ ფეხბურთის ფედერაციაში მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელ ლევან ფანიაშვილს მივმართეთ.

- ბოლო დროს, ბევრი საყვედური ისმის მსაჯების მიმართ. ზოგის აზრით, მსაჯობის დონე ასამაღლებელია, ზოგი კი არბიტრთა მიმართ პრეტენზიის საფუძველს ვერ ხედავს. თქვენ რას ფიქრობთ?

- არის შემთხვევები, როცა მსაჯები ცდებიან და პრეტენზიაც სამართლიანია, მაგრამ ისეც ხშირად ხდება, როცა ისინი სამართლიანად ირჯებიან, მაგრამ უკმაყოფილების მიზეზი ამა თუ იმ სათამაშო ეპიზოდის არასწორად აღქმაა. თუ ვინმე პრეტენზიით მოგვმართავს, ყოველთვის განვიხილავთ ხოლმე იმ მატჩს. თუ მსაჯის შეცდომაა, სათანადო სანქციას ვიყენებთ. ისეთი შემთხვევაც ბევრია, როცა მსაჯზე პრეტენზიები დაუსაბუთებელია. ეს კი დაძაბულ ფონს ქმნის მსაჯებისათვის, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არასასურველია. უფრო მეტიც, ზოგ სტადიონზე მსაჯებს არ აქვთ ნორმალურად მუშაობის საშუალება. ზოგ ქალაქში მსაჯს ეშინია, რომ შესაძლოა ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ. სამწუხაროდ, არის ასეთი სტადიონები, სადაც ამისი საშიშროება რეალურად არსებობს და ბოლო დროს მომხდარი ფაქტებიც ამაზე მეტყველებს. სტადიონებზე უსაფრთხოება მყარად დაცული უნდა იყოს. მსაჯს ცემის არ უნდა ეშინოდეს.

- როცა მსაჯები ცდებიან და თანაც ერთ მატჩში რამდენჯერმე, მათ მიმართ რა სანქციებს მიმართავთ?

- ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. ვიდეოფირს ვიხილავთ და მსაჯებთან ერთად ვაანალიზებთ. სანქციები კი ინდივიდუალურია. მსაჯის შეცდომა დამკვირვებლის მიერ დაწერილ შეფასებაში აისახება, რაც მატჩებზე რეფერების მომსახურების რაოდენობაზე მოქმედებს. თუ ბევრი შეცდომა აქვს მსაჯს, ის ქვედა ლიგაში გადაგვყავს ან რამდენიმე ტურს გამოვატოვებინებთ, რაც მათ ფინანსურ ანაზღაურებაზე აისახება. თუ მსაჯის შეცდომები რეგულარულ სახეს მიიღებს და მის მიღმა სხვა ინტერესებიც იკვეთება, მაშინ, ჩვენი სანქცია გაცილებით მკაცრია.

- ხშირად ისმის, მსაჯებს დაბალი ანაზღაურება აქვთ და ცდუნება მეტიაო. მაინც რამდენია უმაღლეს და პირველ ლიგაში მომსახურე მსაჯების ჯამაგირი?

- ერთ მატჩში, გადასახადების დაქვითვის შედეგად, უმაღლეს ლიგაში არბიტრი იღებს 290 ლარს, ასისტენტები 180 ლარს, მეოთხე მსაჯი კი 100 ლარს. პირველ ლიგაში არბიტრი 150 ლარს იღებს, ასისტენტები 106 ლარს, მეოთხე კი 70 ლარს.

- ევროპის ქვეყნების უმაღლეს ლიგებში როგორია ერთ მატჩზე მსაჯების ჰონორარი?

- რუმინეთში არბიტრი ერთ მატჩში 1000 ევროს იღებს, გერმანიაში 4000 ევროს, აზერბაიჯანში კი 800-900 ევროს.

- როგორც გაცხადდა მსაჯების ანაზღაურება გაიზრდება. მაინც როდიდან და რამდენად მოიმატებს?

- არის წინა პირობა, რომ ახალი წლიდან მსაჯების ჰონორარი გაიზარდოს. ჰონორარის გაზრდის შედეგად, არბიტრი უმაღლესი ლიგის ერთ მატჩზე 1 000 ლარამდე აიღებს, ასისტენტები კი, სავარაუდოდ, ამ თანხის ნახევარს. ამ საკითხით ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა დიდად არის დაინტერესებული და იმედია, ეს შესაძლებელი გახდება.

- ახლა სხვა თემებზე ვილაპარაკოთ. რამდენიმე დღის წინ, შვეიცარიაში, უეფას შტაბ ბინაში იყავით კურსებზე...

- ეს იყო სპეციალური კურსი იმ ახალგაზრდა მსაჯებისთვის, რომელთაც აქვთ პერსპექტივა, რომ გახდნენ ფიფას მსაჯები. კურსები 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სემინარებზე 4 მწვრთნელი იყო მიწვეული და ერთ-ერთი მე გახლდით. ამ პროგრამის მენეჯერია ივან კორნიუ, რომელიც უეფას სპორტული ცენტრის ხელმძღვანელია. კურსი თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. ინგლისურ ენაში სპეციალური მოსამზადებელი საათები იყო. კურსებს ისეთი ცნობილი პერსონები ხელმძღვანელობდნენ, როგორებიც ჰოლანდიელი იან კულენბერგი, ინგლისელი დევიდ ელერი, ასისტენტების მწვრთნელი ფილიპ შარპი იყვნენ.

სხვათა შორის, ფილიპ შარპი პიერ ლუიჯი კოლინას ასისტენტი იყო 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში. მსაჯების პრაქტიკული ვარჯიშების ექსპერტად სტივ ბენეტი იყო მოწვეული. ლექციები სხვადასხვა თემას მოიცავდა, მათ შორის ტოტალიზატორთან დაკავშირებულ კორუფციულ მატჩებს. ბრწყინვალე ლექცია ჩაატარა ენდი როქსბურგმა. თეორიული კურსის გარდა, სემინარის მონაწილეებმა საფრანგეთისა და შვეიცარიის სამოყვარულო ლიგებში თამაშები იმსაჯეს, ჩვენ კი მათ დამკვირვებლებად ვიყავით მივლენილი. 6 თვის შემდეგ ისევ შევიკრიბებით ნიონში ერთი კვირით და ეს უკვე შემაჯამებელი კურსი იქნება. ვინც წარმატებით გაივლის დასკვნით კურსს, უეფა დიპლომს გადასცემს. ყველა მსაჯი, რომელიც კურსს გაივლის, უეფას მონაცემთა ბაზაში შევა. ეს დიპლომი გარკვეული საფუძველია სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციებისთვის მომავალში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯთა სიაში წარსადგენად.

- ქართული მხარეც ხომ არ მივავლენთ მსაჯებს ასეთ სემინარზე?

- დიახ, ორი მსაჯი, ორი ასისტენტი უნდა გავგზავნოთ აპრილში. კანდიდატურები გვყავს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. მთავარი პრობლემა ინგლისურის ცოდნაა. ჩვენი მსაჯები უკვე ემზადებიან ინგლისურში, გარკვეულ დონეზე ფლობენ უცხო ენას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. დრო ჯერ კიდევ აქვთ და მათზეა დამოკიდებული, მოასწრებენ თუ არა ინგლისურის სათანადოდ შესწავლას.

- ევროპის ლიგის მატჩზეც იყავით მსაჯთა დამკვირვებლად...

- დიახ, დორტმუნდის "ბორუსიასა" და პსჯ-ს მატჩზე, მსაჯთა დამკვირვებლად მიმავლინეს. მატჩს, რომელიც 1:1 დასრულდა, შვედი მსაჯები ემსხურებოდნენ და კმაყოფილი დავრჩი. გარდა ამისა, სლოვაკეთისა და ნორვეგიის 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩზეც ვიყავი დამკვირვებლად. ნოემბერში, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფინეთისა და სან მარინოს ეროვნული ნაკრებების მატჩზე ვიქნები მივლენილი იმავე სტატუსით.

- როგორც გავიგეთ, ჩვენი მსაჯებისთვის უეფადან სპეციალური თანამედროვე აპარატურა ჩამოვიდა...

- დიახ, უეფა სამსაჯო კონვენციის ფარგლებში დაგვეხმარა და 5 საკომუნიკაციო სისტემა შეგვიძინა. შესაბამისად, უმაღლესი ლიგის ხუთივე წყვილის მატჩზე, მსაჯები ამ საკომუნიკაციო სისტემით იქნებიან აღჭურვილი და მატჩებს ისე მოემსახურებიან. საკომუნიკაციო სისტემის ამ კომპლექსში შედის ყურთსასმენები, რომლითაც მსაჯებს მატჩის მსვლელობისას ერთმანეთთან ექნებათ კავშირი. გარდა ამისა, გამოგვიგზავნეს ელექტრონული სასიგნალო დროშები, სპეციალურ ღილაკზე თითის დაჭერისას, სიგნალი არბიტრს გადაეცემა და ისიც სწრაფად აღიქვამს ასისტენტის რეაქციას. ამასთან "პოლარის" სპეციალური საათები შევიძინეთ, რომელიც მსაჯების ვარჯიშისთვის არის განკუთვნილი. საათი ზომავს და ჩიპში იწერს გულისცემას და სხვა მახასიათებლებს. ეს მსაჯებს ვარჯიშისა და მომზადების თვითკონტროლში გამოადგებათ და ამ მონაცემებს ჩვენც გავაკონტროლებთ.

- კიდევ ელოდებით აპარატურას?

- დიახ, რეგიონული ფედერაციებისთვის შევიძენთ ლეპტოპებს, პროექტორებს და საჭირო ტექნიკას, რათა მათ ვიდეომასალა გამოიყენონ ახალგაზრდა მსაჯების მოსამზადებლად. ეს ტექნიკა გვინდა შევიძინოთ თბილისის, აფხაზეთის, იმერეთის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციებისთვის. მსაჯები რეგიონებში უნდა გაიზარდონ და შევსება მივიღოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში