მშვილდოსნობაში ერთადერთი ევროპელი ოლიმპიური ჩემპიონი ქალის - ქეთევან ლოსაბერიძის სამშობლოში რატომღაც განებივრებულნი არ ვყოფილვართ მშვილდოსანი მამაკაცებით, თუმცა, შესაძლოა, ეს ხარვეზი გამოსწორდეს. ყოველ შემთხვევაში, ლაშა ფხაკაძე ნამდვილად იძლევა ამის იმედს. მას უკვე შეეძლო ისტორიაში შესვლა, როცა შარშან, ყველასათვის უცნობს სულ ცოტა დააკლდა ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებამდე. ფხაკაძეს ხასიათიც ხელს უწყობს - მებრძოლია, თამამი, არ იცის მეტოქის რიდი, ხოლო საკუთარი თავის გაბრაზება, ანუ განწყობა მისი სტრატეგიული ჩვევაა. მან სულ რაღაც 3-4 წელიწადში მოასწრო ჩვენი ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბება. არადა, ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ რამდენჯერმე გააუმჯობესა ქვეყნის რეკორდი. ჯერჯერობით მისი პირადი მიღწევა 1304 ქულაა, რაც არაა ურიგო მაჩვენებელი. რაც მთავარია, ამ ნიშნულიდან უკვე შეიძლება ფიქრი ისეთ ნახტომზე, კვარცხლბეკამდე რომ აიყვანს. მისი მიზანიც ესაა - მოხვედრა ოლიმპიადაზე და იქ წარმატების მოპოვება.

დოსიე: დაიბადა 1994 წლის 24 მაისს თბილისში. საქართველოს თასის მფლობელი (2010, 2011 წწ.), საქართველოს ჩემპიონი უფროსებში (2012) და ახალგაზრდებში (2013). ქვეყნის რამდენიმეგზის რეკორდსმენი.

- როდის და როგორ დაიწყო მშვილდოსნობასთან თქვენი ურთიერთობა?

- 2009 წლის იანვარში სკოლაში მოვიდა ჩემი პირადი მწვრთნელი გია მაკიევი, რომელიც მშვილდოსნობის კლუბს ხსნიდა და მსურველებს ეძებდა. თავიდან სკოლაშივე ვისროდით - თემქაზე, 138-ე საჯარო სკოლის 3-მეტრიან დარბაზში, რადგან მეტის საშუალება არ იყო. მანამდე მამაჩემმა ტყვიის სროლაში მეცადინეობა თვითონვე შემომთავაზა - ის ყოფილი ძალოვანია, ერთხელ გამომცადა სროლაში და შედეგებიც მოეწონა, მაგრამ მერე მითხრა, რომ სროლაზე ფიზიკურად იმდენად ვერ დავიტვირთებოდი. მშვილდოსნობაზე მისვლა მშობლებთან არც შემითანხმებია, პირველი ვარჯიში ისე ჩავატარე. მომეწონა და მხოლოდ ამის შემდეგ ვთქვი სახლში. იმათაც, თუ მოგწონს, კი ბატონო - იარეო. მით უფრო, გადასახადი არ იყო.

ერთი თვე ისე ვივარჯიშე, მხოლოდ პირადი სიამოვნებისთვის ვისროდი, თორემ შეჯიბრებებზე არც ვფიქრობდი. არადა, მწვრთნელი თურმე ტურნირისთვის მამზადებდა. როცა მითხრა, შეჯიბრებაზე უნდა გაგიყვანოო, ძალიან გამიკვირდა. ეს იყო ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული ქვეყნის ახალგაზრდული პირველობა, მე კი 15 წლისა ვიყავი. მართალია, იქ არც ისე კარგად გამოვედი, მაგრამ ყველა აღნიშნავდა, რომ დებიუტისთვის არ იყო ცუდი. მას შემდეგ მშვილდი არც გამიგდია ხელიდან, ერთ წელიწადში კი უცხოეთშიც ვიასპარეზე - 2010 წელს გერმანიაში, ევროპის პირველობაზე ახალგაზრდებში. კარგად არც იქ გამოვსულვარ, რაც, ალბათ, სადებიუტო ფაქტორის ბრალია. ეტყობა, ემოციური დატვირთვა დიდი იყო, თორემ შიდა ტურნირებზე იმაზე უკეთეს შედეგებს ვაღწევდი.

- სპორტის სხვა სახეობები თუ გაინტერესებდათ?

- სპორტული გადაცემების, ოლიმპიადების თუ სხვა დიდი ტურნირების ცქერა ყოველთვის მიყვარდა და მუდამ ვოცნებობდი მედალზე, კვარცხლბეკზე, წარმატებაზე, ჰიმნზე. ძალიან მომწონდა ორთაბრძოლების სახეობები, მაგრამ 8 წლისა ავარიაში მოვყევი, ფეხზე ახლაც მაქვს მაშინდელი ტრავმა. მშვილდოსნობა ყველანაირად აკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნებს და ამიტომ დავრჩი, თუმცა სპორტის ბევრი სახეობა მიზიდავდა. ერთი წამითაც არ მინანია არჩევანი. მშვილდოსნობა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა და მისთვის ბევრი რამეც გადავდე გვერდით. მათ შორის - სწავლაც.

- სწავლაც? პირიქით მეგონა, რადგან ქართულის გარდა, ინგლისურადაც თავისუფლად, გამართულად საუბრობთ. პირადად ვიცი, რომ ნაკრებში კორეელი მწვრთნელის თარჯიმანიც იყავით.

- უცხო ენების შესწავლა ყოველთვის მიზიდავდა. ინგლისურში კარგა ხანს ვემზადებოდი - 6 წელიწადი, თუმცა ბოლოს მასწავლებელმა სპორტის გამო, პირდაპირ ვიტყვი - გამომაგდო, რადგან ძალიან ხშირად მიწევდა გაცდენა ტურნირებისა თუ შეკრებების გამო და ძალიან ჩამოვრჩი პროგრამას. ინგლისურს ცუდად არ ვფლობ და კორეელს მართლაც ვეხმარებოდი გუნდთან ურთიერთობაში. ახლაც უცხოეთში სულ მე ვასრულებ თარჯიმნის როლს. ამერიკაში ერთხელ სასტუმროში ადმინისტრატორმა მითხრა, თავიდან ამერიკელი მეგონე, სანამ შენიანებს თქვენს ენაზე არ დაელაპარაკეო.

სხვა ენებიდან რუსულს ვსწავლობ, ოღონდ ეს თავისთავად ხდება, ტურნირებზე კონტაქტების შედეგად, თორემ საგანგებოდ არ ვემზადებოდი. ამის მიუხედავად, რუსულენოვან სპორტსმენებთან ურთიერთობა არ მიჭირს. ენებს იოლად ვითვისებ, თუმცა ტექნიკური საგნები მეძნელებოდა. სამომავლოდ ვგეგმავ, კიდევ შევისწავლო რომელიმე ენა - ფრანგული, იტალიური, ესპანური ან სხვა. სკოლა დავამთავრე, მაგრამ ჯერჯერობით სწავლა არ გამიგრძელებია - სპორტიც ხელს მიშლის და ფინანსურადაც ბევრია საჭირო. არადა, ძმაც სტუდენტია, გადასახადი მასაც სჭირდება და ოჯახს ამდენის საშუალება არ აქვს. ამბობენ, რომ გაისად სპორტის აკადემია იხსნება და იქ მინდა ჩავაბარო. ვფიქრობ, მსაჯობას დავეუფლო, როგორც პროფესიას. სამომავლოდ მწვრთნელობასაც ვაპირებ, ბარემ ბოლომდე ამ სპორტში დავრჩები.

- ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი ტურნირი შარშანდელი სალიცენზიო შეჯიბრება იქნება, სადაც სრულიად უცნობ მშვილდოსანს ძალიან ცოტა დაგაკლდათ ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებამდე?

- ის შეჯიბრება ძალიან მტკივნეულად დამამახსოვრდა, რადგან ლიცენზია ხელში მეჭირა და ისევ გამოუცდელობამ დამაკარგვინა. ოღონდ ნერვიულობა არაფერ შუაშია, იქ უფრო ქართან მუშაობის გამოუცდელობა იყო. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. იმ დღეს ამერიკულ ოგდენში ძალიან ცვალებადი ქარი იყო - ერთი გასროლისას მარჯვნიდან მარცხნივ თუ ქროდა, შეიძლება, მეორეზე საპირისპირო მიმართულებით ყოფილიყო. მსგავსი რამ მანამდე არასოდეს მენახა. შეჯიბრების წინ კორეელმა მწვრთნელმა თათბირზე მე მთხოვა ამინდის პროგნოზის გადამოწმება. შედეგი დიდად არ მოეწონა და გაგვაფრთხილა, ძლიერი ქარი გველოდება და მზად იყავითო. ქარიან ამინდში სროლის მეტი გამოცდილება რომ მქონოდა, ვფიქრობ, თავისუფლად შეიძლებოდა, შვეიცარიელი აქსელ მიულერიც გამომეგდო. ვფიქრობ, მაშინ მაქსიმუმი გავაკეთე - იმ წუთებში მეტისთვის არ ვიყავი მზად. მოგვიანებით მომივიდა ხმები, რომ ჰოლანდიის, იტალიის გუნდების კორეელ მწვრთნელებს, რუს ევსეევს აღუნიშნავთ ჩემი ბრძოლისუნარიანობა. ახლახან გავიგე, ევსეევს ისიც კი უთქვამს, მასში მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონს ვხედავო.

- კორეელი მწვრთნელი თუ გია მაკიევი - ვინ იქონია უფრო დიდი გავლენა თქვენს აღმასვლაზე?

- როცა კორეელი ჩამოიყვანეს - 2010 წელს, მაშინ ერთ-ერთ ტურნირზე თანხის ეკონომიის მიზნით არ წამიყვანეს, მაგრამ ვივარჯიშე და იმავე წლის ბოლოს საქართველოს პირველობაზე უფროსებში 16 წლისამ ყველას მოვუგე. მათ შორის - კორეელის ნავარჯიშებ ხალხსაც. კორეელიც მას შემდეგ დაინტერესდა ჩემით და შეკრებაზეც წამიყვანა, თუმცა მას ტექნიკურად ზუსტად იგივე შენიშვნები ჰქონდა, რაც - მაკიევს. უბრალოდ, მასთან მეტი ყურადღება იყო - ისრებს თითქმის ყველა შეჯიბრებაზე ვიცვლიდით, შეკრებებზე დავდიოდით. მათ შორის - ესპანეთსა და ამერიკაშიც კი წავედით. ვფიქრობ, ასეთი რეჟიმი ოდნავ ხეირიან ნებისმიერ სპორტსმენს წაადგება. ტექნიკურად უფრო მაკიევმა მომამზადა. მართალია, 2012 წელს სულ სხვანაირად დამაწყებინა გამოსვლა, მაგრამ საფუძვლები, რაზეც სროლაა დამოკიდებული, უცვლელი დატოვა. ხარვეზები ნამდვილად მქონდა, კორეელსაც დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ საფუძველი მაკიევმა ჩაყარა. ამას კორეელსაც ვეუბნებოდი და წინააღმდეგი არც ის ყოფილა. უბრალოდ, მან წარმატების გზა გვიჩვენა - საამისოდ საჭიროა შრომა და პირობები. კარგი იქნებოდა, ახლაც მეტი შეკრებები გვქონდეს, თუმცა ვერც ფედერაციას გავამტყუნებ, როცა აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებს. კარგი იქნება, ფედერაციას თუ გაუზრდიან დაფინანსებას.

- ბოლო ტურნირებში არასტაბილური გამოსვლა რისი ბრალია?

- ამას ტექნიკურ მხარეს ვაბრალებ - ისრების ახალი კომპლექტი მქონდა და მორგება ვერ მოვასწარი. შესაბამისად, თავდაჯერებაც მაკლდა. შეჯიბრება საუკეთესო ვარჯიშია და პლეი ოფში თავს ძალას ვატანდი, რომ კარგად მესროლა. მგონი, გამომივიდა კიდეც - რუმინეთში უნგრელ არპაბ ბანდას მოვუგე, ვინც სლოვენიაში ევროპის ახალგაზრდულ თასზე ჩემპიონი გახდა, მერე კი რუსი გალსან ბაზარზაპოვიც გავაგდე, ვინც საკვალიფიკაციოში მეორე იყო. ორივე შეხვედრაში კარგად ვიბრძოლეთ - უნგრელს დამატებით სროლაში მოვუგე, რუსმა კი 1-2 გასროლა მაჩუქა ანუ დაბალი შედეგი აჩვენა, მაგრამ საჩუქარსაც გამოყენება უნდა.

- თქვენი ყველა მიღწევა საქართველოს ახალი რეკორდია. ამაზე როგორ რეაგირებთ - დიდ ყურადღებას აქცევთ?

- კარგი შედეგის მიღწევის სურვილი ყოველთვის მამოძრავებს, თუმცა, ვფიქრობ, წაგება უფრო კარგი გაკვეთილია. შეიძლება, წარმატებამ გარკვეული ხარვეზები გადაფაროს, არ მივაქციო მათ ყურადღება, მაგრამ წაგების ნებისმიერ შემთხვევაში ვაანალიზებ ჩემს გამოსვლას. ტურნირებზეც ყოველთვის ვეკითხები ცნობილ სპორტსმენებს - არ მერიდება, მივიდე თუნდაც ოლიმპიურ ან მსოფლიოს ჩემპიონთან და ვკითხო აზრი. იქნებ თავს ვაბეზრებ, მაგრამ მაინტერესებს ყველას აზრი და არასოდეს არავის უთქვამს, რომ სტაბილურად კარგად ისვრის. მშვილდოსნობაში აღმასვლას შეიძლება, მალევე მოჰყვეს დაღმასვლა და პირიქითო. აქ სტაბილურობის შენარჩუნება ძნელია და ამიტომ მგონია, რომ ჩავარდნა არაა კატასტროფა, რადგან ვიცი - ამას აღმასვლა მოჰყვება.

საქართველოს რეკორდი პირველად რომ დავამყარე, 17 წლისა ვიყავი და ძალიან გამიხარდა. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მივეჩვიე შედეგის ზრდას - ვიცი, რომ მაღალ მაჩვენებელზე უნდა ვიყო ორიენტირებული და ჩავარდნა არ უნდა მეპატიოს. არც ვპატიობ ჩემს თავს, მაგრამ ჩვეულებრივი ამბავია. ახლანდელ შედეგზე გაჩერებას არ ვაპირებ და მინდა, დავეწიო ლიდერებს. არ მიმაჩნია, რომ ეს შეუძლებელია - მთავარია, მონდომება და... ცოტა ხელშეწყობა.

ირაკლი თავაძე

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა