საქართველოს ჩემპიონატის პლეი ოფი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბულ ბრძოლებში წარიმართა
საქართველოს ჩემპიონატის პლეი ოფი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბულ ბრძოლებში წარიმართა.

თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონმა თბილისის "ლოკომოტივმა" რუსთავის "ხარები" 19:12 დაამარცხა.

შეხვედრა, რომელსაც სპეციალურად მოწვეული ირლანდიელი მსაჯი ჯონათან პიქი სჯიდა, ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. თუმცა ნელ-ნელა რუსთაველთა უპირატესობა გამოიკვეთა, იმდენად, რომ რკინიგზელები ოდნავ ანერვიულდნენ და მოედნის საკუთარი ნახევრიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

საწყის ათ წუთში მოპოვებული უპირატესობა "ხარებმა" ვერ გამოიყენეს. "ლოკომოტივმა" მე-11 წუთზე შეძლო მეტოქის ნახევარზე თამაშის გადატანა და საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვა. ამ გუნდში შტატიანი დამრტყმელი ფულბეკი ბექა წიკლაურია. მისი დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა და ანგარიში გაიხსნა - 3:0.

ამის მერე "ხარებმა" კიდევ ერთხელ მოაწყვეს ათწუთიანი უპირატესობის სერია, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. მე-14 წუთზე რუსთაველებმა საჯარიმოდან ბურთი აუტში გადაიტანეს. დერეფანი მეტოქის ლელოდან 10 მეტრში მოიგეს, მოლი შეკრეს და მძლავრი ბიძგებით მეტოქე ჩათვლის მოედანში შეათრიეს. ბოლოს ბურთით ხელში მეორეხაზელი მამუკა ცხადაძე იყო. ცხრა ნომერმა ვაჟა ხუციშვილმა გარდასახვა ვერ გაიტანა - 5:3.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველთა ცხრა ნომერი, რომელიც ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრია, პირველ ტაიმში უნარიანად უძღვებოდა გუნდს და, შესაბამისად, რუსთაველები უპირატესობასაც ფლობდნენ.

მე-17 წუთზე "ხარებმა" მეორე ლელო მიითვალეს. მორკინალებმა მარჯვენა ფრთაზე მოკლე დარტყმების შემდეგ ხაზის გაჭრა შეძლეს და 22-მეტრიან ზონაში შეაღწიეს. იქ წარმოქმნილი რაკიდან ხუციშვილმა ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გაიტანა. აქ წარმოქმნილ დაუცველ სივრცეში ფულბეკმა თორნიკე თეგეთაშვილმა კიდევ უფრო წინ წაიწია და ლელოდან სამ მეტრში შებოჭილმა ბურთი ცხადაძეს გაატანა, რომლის შეჩერებაც რკინიგზელებმა ისევ ვერ შეძლეს. ხუციშვილმა ამჯერად გარდასახა - 12:3.

ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ მატჩის დარჩენილ დროში (63 წუთი) "ხარები" მონაგარს ვერაფრით გაზრდიდნენ. არადა, ასე მოხდა. მე-20 წუთიდან მოყოლებული, "ლოკომოტივმა", თამამად შეიძლება ითქვას, რომ მატჩში გარდატეხა შეიტანა. რკინიგზელები მეტოქეს შერკინებაში ჯაბნიდნენ და თამაშის წესის დარღვევას აიძულებდნენ. შედეგად, წიკლაურმა სამი საჯარიმო მიჯრით გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა - 12:12.

რუსთაველებს ტაიმის მიწურულს ისევ შეეძლოთ დაწინაურება, თუმცა ხუციშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ვერ გაიტანა.

შესვენების შემდეგ თამაშმა კიდევ უფრო საინტერესო გაგრძელება ჰპოვა. მეორე ტაიმის მე-13 წუთზე "ლოკომოტივის" ფულბეკმა ბექა წიკლაურმა შეცდომა დაუშვა და თბილისელთა ლელოდან ხუთ მეტრში შერკინება დაინიშნა. "ხარებმა" მეტოქის შერკინება დაჯაბნეს და არბიტრმა რუსთაველთა სასარგებლოდ საჯარიმო დანიშნა.

"ხარებმა" ისევ შერკინება მოითხოვეს, ისევ ჯარიმა და ირლანდიელმა რეფერიმ "ლოკომოტივის" პირველხაზელი არჩილ ბეჟიაშვილი გაასინბინა.

რკინიგზელებმა შერკინების ახალგაზრდა პირველხაზელი ნიკა ნეფარიძე ჩართეს თამაშში, რის შემდეგაც მეტოქემ მათ შერკინებას ძვრა ვერ უყო. "ხარების" რვა ნომერი გიგა ქვლივიძე იძულებული გახდა, ბურთი შერკინებიდან გამოეტანა. მისი შეჩერება რკინიგზელებმა უმალვე შეძლეს, თუმცა სტუმართა იერიში კიდევ ორი წუთი გრძელდებოდა.

კაცნაკლული "ლოკომოტივი" დაცვაში კედელივით იდგა. რუსთაველები კი მაინცდამაინც ძალის გამოყენებით ცდილობდნენ ლელოს გატანას. ერთ ეპიზოდში "ლოკომოტივს" მარცხენა, გრძელი ფრთა სულ მთლიანად მოუშიშვლდა. მათთვის საბედნიეროდ, ხუციშვილმა ეს ვერ შენიშნა და რაკიდან აღებული ბურთით თვითონ შეუტია. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ არბიტრმა "ხარები" დააჯარიმა, რადგან შებოჭილმა მოთამაშემ ბურთს ხელი არ გაუშვა.

ეს "ხარების" ბოლო შეტევა იყო. თამაშის დასრულებამდე გუნდმა ვერაფრით შეძლო მეტოქის მოედნის ნახევარზე გადასვლა. უპირატესობა მთლიანად "ლოკომოტივის" მხარეს გადავიდა. თბილისელთა დამრტყმელმა ზედიზედ სამი საჯარიმო გააცუდა, სამივე საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან.

მატჩის ბედი კი მის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე გადაწყდა. მარჯვენა ფრთაზე, რუსთაველთა ლელოდან ხუთ მეტრში რკინიგზელთა სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა. "ხარებმა" ზედიზედ სამჯერ დაარღვიეს თამაშის ერთი და იგივე წესი, რის გამოც მსაჯმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა. წიკლაურმა იოლად გარდასახა - 19:12.

გასავარდნ ფინალში "ლოკომოტივი" გავიდა. მისი მეტოქე აქ "ბათუმი" იქნება, რომელმაც ფოთში ქუთაისის "აიას" სძლია - 15:8. შეხვედრა, ისევ ფოთში გაიმართება.

პლეი ოფი

ლოკომოტივი-ხარები 19:12

ლოკომოტივი (15-9) წიკლაური, გ. ბიწაძე, ძნელაძე, ჭინჭარაული, კალანდაძე, შკინინი, დავითაშვილი (1-8) ბეჟიაშვილი, კვანტიძე, ბურდული (ბეკოშვილი 23), გეგია (არაბული 56), ცუხიშვილი (ელოშვილი 60), ფოფხაძე, ღუდუშაური, ფ. გასვიანი.

ლ: საჯარიმო. 4ს: წიკლაური.

სინბინი: ბეჟიაშვილი

ხარები (15-9) თეგეთაშვილი, მელიქიშვილი (გ. ბებიაშვილი 74), ღამბაშიძე, ნათელაშვილი, გულიტაშვილი, კოშაძე, ხუციშვილი. (1-8) ზურიკიშვილი (ესარტია 56), აგაშვილი, მელიქიძე (წიკლაური 70), ცხადაძე, ჯიმშიტაშვილი, გოგიაშვილი, ღამბარაშვილი (მღებრიშვილი 64), ქვლივიძე.

2ლ: ცხადაძე. გ: ხუციშვილი.

სინბინი: აგაშვილი, წიკლაური.

მსაჯი: ჯონათან პიქი (ირლანდია).

ბათუმი-აია 15:8

ბათუმი: 4ს,ა - კობახიძე.

სინბინი: ალიქაძე.

აია: ლ - შალამბერიძე. ს: ჯინჭველაშვილი.

სინბინი: მატკავა.

შესარჩევი ფინალი

16 აპრილი

ყოჩები-ლელო

გასავარდნი ფინალი

18 აპრილი

ბათუმი-ლოკომოტივი

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში