დალგლიში: "საერთოდ, იშვიათია მიხვიდე გუნდში და აღმოაჩინო, რომ კონკრეტულად არანაირი ჯილდოსთვის არ იბრძვი"
კენი დალგლიში აღიარებს, რომ ილუზიების ტყვეობაში არ არის. ვერც იქნება: ფეხბურთის ასოციაციის თასზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" ხომ დამარცხდა და აგერ, პრემიერლიგაშიც მარცხი იწვნია: "ბლექპულმა" 2:1 მოუგო. ეს იყო ლეგენდარული სქოთის პირველი თამაში ინგლისის უმაღლეს ლიგაში 1998 წლის შემდეგ. ფერნანდო ტორესის მიერ მე-4 წუთზე გატანილი გოლი გერი ტეილორ-ფლეტჩერმა მალევე გაათანაბრა, დი ჯეი კემპბელმა კი მეორე ტაიმში ბლექპულელთა გამარჯვებისა შეაგდო.

კლუბის ახალმა მეპატრონემ, ამერიკელმა მილიარდერმა ჯონ ჰენრიმ გუშინვე ინგლისში ჩაფრენა და ინიციატივის ხელში აღება გადაწყვიტა. წაგებათა მიზეზებში გარკვევის გარდა დღის წესრიგშია: ახალი აღმასრულებელი შეფის შერჩევა, სატრანსფერო ბაზრის და "ენფილდ როუდის" რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული იდეების შესწავლა. ჰენრის კვირას "ევერტონთან" დერბიზე დასწრება გადაწყვეტილი აქვს და, რასაკვირველია, დალგლიშს უკეთ გაეცნობა.

ერთი რამ კი გარანტირებული აქვს ჰენრის: მერსისაიდზე ფულს სთხოვენ. ეტყვიან, თუ კარგი გუნდი გინდა, კარგი ფეხბურთელები უნდა გვაყიდინოო. ფაქტია: დღეისათვის ლეგენდარული "წითელი გუნდი" მე-13 ადგილზეა და გასავარდნთა ზონას მხოლოდ 4 ქულით უსწრებს. "ბლექპულში" დამარცხების შემდეგ დალგლიშმა თქვა:

"ამ შეხვედრაში უქულოდ დავრჩით, რის გამოც გულგატეხილი გახლავართ. შევატყე, რომ რამდენიმე საკითხში უკეთ გარკვევა გვმართებს. თუ დაინახავ, რომ პრობლემა საკუთრივ შენშია და მიხვდები, კერძოდ რა გჭირს, ნახევარი შანსი ხელთ გიპყრია.

ჩემი ფეხბურთელების თავდადებითა და მონდომებით კმაყოფილი დავრჩი. ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს და მდგომარეობის გამოსასწორებლად დიდი შრომა გვმართებს. საერთოდ კი, იშვიათია მიხვიდე გუნდში და აღმოაჩინო, რომ კონკრეტულად არანაირი ჯილდოსთვის არ იბრძვი.

დამიენ კომოლისთან და კლუბის მეპატრონესთან ახალი ფეხბურთელების შესახებ ჯერ არ მილაპარაკია. მათ მოთამაშეთა კონკრეტული ჯგუფის მწვრთნელად დამნიშნეს, რაზეც დიდი მადლობა ვუთხარი."

სტატისტიკიდან: მიმდინარე სეზონში "ბლექპულმა" "ლივერპულს" ორივე შეხვედრაში მოუგო, ასეთი რამ კი 1946-47 წლების სეზონის შემდეგ არ მომხდარა. მერედა, არ იფიქროთ, რომ იან ჰოლოუეის გუნდმა იღბლის წყალობით გაიმარჯვა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ანგარიში ფერნანდო ტორესმა გახსნა, მაგრამ ბლექპულელებს წარბიც არ შეუხრიათ. მეტიც, ჰოლოუეის ბიჭები ბოლო წამამდე სჯობდნენ სახელით მრისხანე მოწინააღმდეგეს. გამარჯვებულთა თავკაცი მატჩის შემდეგ სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდა. ისიც კი თქვა, რაც "ბლექპული" პრემიერლიგაში გადავიყვანე, ასეთი ბედნიერი დღე არ მქონიაო.

"დიდებული შეგრძნება დამეუფლა. ასეთი არ მქონია. წარმოიდგინეთ, სეზონის წინ რომ მეთქვა, "ლივერპულთან" 6 ქულას მოვიპოვებთო, ალბათ გიჟად ჩამთვლიდით ან იფიქრებდით, რომ შერეკილი იდეის წყალობით "გინესის" რეკორდების წიგნში მინდა მოხვედრა. არადა, თითქოს დღევანდელი საღამო ჩვენთვის ცუდი უნდა ყოფილიყო... საოცრად ვამაყობ. ჩემი ბიჭებით აღფრთოვანებული ვარ."

ბლექპულელთა გამარჯვებაში დიდი როლი შოტლანდიელმა ჩარლი ადამმა შეიტანა. ამიტომაც გაკენწლა კმაყოფილმა ჰოლოუეიმ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე "ასტონ ვილა", რომელიც ადამის მიყიდვას სთხოვს:

"თუკი ბირმინგემელები ფიქრობენ, რომ აი, ეს ბიჭი მხოლოდ 3,5 მილიონი ფუნტი ღირს, შეუძლიათ მოვიდნენ და თავიანთი წერილი უკან წაიღონ. ჩვენ ის გვიყვარს, ფანები მას ეთაყვანებიან და არა მგონია, თავად ადამსაც წასვლა უნდოდეს იქიდან, სადაც საყოველთაო სიყვარულისა და აღფრთოვანების ობიექტია. თუ მას გავყიდით, აუცილებლად ისეთ ადგილას გავუშვებთ, სადაც ჩვენსავით თავს შემოევლებიან, ასეთი ადგილიდან ჩემთვის ჯერ არავის დაურეკავს. მერედა, ვინმეს წარმოგიდგენიათ, რომ უეინ რუნიში ან დიმიტარ ბერბატოვში "მანჩესტერ იუნაიტედს" შეიძლება 3,5 მილიონი ფუნტი შესთავაზონ? არადა, ჩარლი ადამი კი მათი დონის ფეხბურთელია. ერთი სიტყვით, ვფიქრობ ყველაფერს აჯობებს თუ ის ჯერჯერობით ჩვენთან დარჩება, "ბლექპულს" პრემიერლიგაში დარჩენაში დაეხმარება და ახალ გუნდს ზაფხულში შეარჩევს."

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის