საქართველოს ნაკრების მეკარეს გრანდის სათადარიგოთა სკამზე ჯდომას, შედარებით უამბიციო გუნდის ძირითადში თამაში ურჩევნია
რუსეთის პრემიერლიგაში "ანჟის" სადებიუტო სეზონში ახალგაზრდა ქართველი მეკარის, ნუკრი რევიშვილის გარჯამ მნახველებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებურს გუნდის ძირითადში ადგილს მეორე გოლკიპერი ილია აბაევი ეცილებოდა. ამ უკანასნკელის ნიჟნი ნოვგოროდში გადასვლის შემდეგ კი საქართველოს ეროვნული გუნდის გოლკიპერი უკვე "ანჟის" ნომერ პირველ მეკარედ მოიაზრება.

ახლახან ქართველ მეკარესთან, რომელიც 9 თებერვალს სომხეთთან ამხანაგური მატჩისთვის ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადში შეიყვანა, ინტერვიუ sports.ru-ზე გამოქვეყნდა.

- როგორ გაატარეთ შვებულება?

- ნორმალურად, ეს დრო სამშობლოში გავატარე. მეგობრებთან ერთად სამი დღით ბარსელონას ვსტუმრობდი, სადაც "ბარსელონა"-"რუბინის" მატჩს დავესწარით. ახალ წელს, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ოჯახთან ერთად შევხვდი.

- ახალი სეზონის წინ განწყობა როგორი გაქვთ?

- განწყობა კარგი მაქვს - ახალი სეზონი, ახალი გუნდი. ჩვენგან ხომ ბევრი ფეხბურთელი წავიდა. ვფიქრობ, უკეთესი წელიწადი გვექნება - გუნდი შარშანდელთან შედარებით უფრო ძლიერია. თანაც, როგორც ამბობენ, გუნდში ახალი სპონსორები მოვიდნენ.

- თქვენ, რომელიც "რუბინთან" ერთად ჩემპიონობისთვის იბრძოდით, "ანჟიში" ალბათ უფრო მეტის მიღწევა გსურთ, ვიდრე მხოლოდ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება.

- რა თქმა უნდა! თუკი წელს რვა საუკეთესოთა შორის მოვხვდებით, ეს ჩვენთვის დიდი წარმატება იქნება. ისე კი ვფიქრობ, ჯობს მოედანზე იბრძოდე გადარჩენისთვის, ვიდრე სათადარიგოთა სკამზე - მედლებისთვის. მე, როგორც მოთამაშეს, მირჩევნია "ანჟინიში" ვთამაშობდე, ვიდრე "რუბინის" სათადარიგოთა შორის ვიჯდე.

- შეიძლება ითქვას, რომ ილია აბაევის წასვლის შემდეგ "ანჟის" ძირითადში პირველი ადგილი დაიბევეთ?

- არა, რატომ? ჩემი აზრით, გუნდში კონკურენცია ისევ მაღალი იქნება, თუმცა მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა მწვრთნელებს დავუმტკიცო, რომ პირველ ნომრად ყოფნას ვიმსახურებ.

- გარდა გუნდის მეკარე მაკაროვისა, თქვენთან კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა გოლკიპერი ისინჯება...

- დიახ, თუმცა ჯერ არ არის გარკვეული, ვინ დარჩება და ვინ - არა.

- თუკი კლუბმა სრულფასოვანი კონკურენტი არ მოგიყვანათ, ეს ნეგატიურად აისახება თქვენს ოსტატობაზე?

- კონკურენცია ფეხბურთში ყოველთვის სასარგებლოა. ასეთ დროს მუდმივად ბრძოლა გიწევს და საკუთარ თავს მოდუნების უფლებას არ აძლევ. თუმცა, არც ისე ვარგა, როგორც ეს შარშან ჩვენ გუნდში იყო - რიგ-რიგობით რომ ვთამაშობდით.

- როცა გუნდში ორი თანაბარი ძალის მქონე მეკარეა, მათ შორის ურთიერთობა როგორ წარიმართება? შესაძლოა, მათ იმეგობრონ?

- რა თქმა უნდა. მაგალითად, მე და ილია ვმეგობრობდით. ქალაქში ერთად დავდიოდით, რესტორანში გვერდიგვერდ ვსხდებოდით. ჩვენ კონკურენციის თვალსაზრისით პრობლემა არასდროს გვქონია.

- აბაევის გარდა გუნდი კიდევ რამდენიმე ლიდერმა დატოვა. თქვენი აზრით, ახალ სეზონში "ანჟი" როგორ ითამაშებს?

- რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, თუკი ლიდერთა ბირთვი შენარჩუნდებოდა, მაგრამ რას ვიზამთ, საფეხბურთო ცხოვრება ასეთია. მაგრამ ჩვენ გამოცდილი მწვრთნელი გვყავს, უკეთეს გუნდს შეკრებს. ყოველ შემთხვევაში, არანაკლებს.

- როგორ აფასებთ რუსული ფეხბურთის ელიტაში სადებიუტო სეზონს?

- სეზონს შეიძლება წარმატებული ვუწოდოთ. როცა გუნდი პრემიერლიგაში გადადის, პირველ სეზონში მთავარია, ადგილი შეინარჩუნოს. შემდეგ გუნდი ნელ-ნელა გამოცდილებას იძენს და უფრო ძლიერი ხდება.

- ანუ, ცხრილში მეთერთმეტე ადგილის დაკავება "ანჟისთვის" შესაძლებლობების მაქსიმუმი იყო?

- დიახ, მეათე-მეთერთმეტე ადგილი, ვფიქრობ, რეალურად ასახავს იმ გუნდის ძალას, რომელიც შარშან გვყავდა.

- შარშან საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებდით?

- საკუთარ თამაშს ყოველთვის კრიტიკულად ვაფასებ. ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის ეს რუსეთში გატარებული პირველი სეზონი იყო და საერთო ჯამში, ნორმალური გამოვიდა. რა თქმა უნდა, იყო მატჩები, როცა უკეთ გარჯა შემეძლო.

- შარშან საქართველოს ნაკრებშიც გამოგიძახეს. ეროვნულ გუნდში "ანჟიში" ჩარიცხვამდეც გიწვევდნენ?

- დიახ. ნაკრებში ჯერ კიდევ 2005 წელს მიმიწვიეს, მაგრამ მაშინ ქუთაისში ვთამაშობდი. მას შემდეგ კი, რაც "რუბინში" გადავედი, აღარ მიძახებდნენ, რაც ჩემი უთამაშებლობით იყო განპირობებული.

როგორც კი "ანჟიში" თამაშის საშუალება მომეცა და ფორმა აღვიდგინე, ნაკრებშიც დამაბრუნეს. სწორედ "ანჟის" უნდა ვუმადლოდე, რომ ეროვნულ გუნდში მიწვევენ.

- შარშან გუნდში არაერთი თქვენი თანამემამულე გამოდიოდა, ახლა კი ქართველთაგან მხოლოდ თქვენ დარჩით. ამან განწყობა ხომ არ გაგიფუჭათ?

- დიახ, ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ვარ, რომელსაც "ანჟისთან" მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს. გუნდში არის კიდევ ერთი ქართველი გასინჯვაზე, თუმცა მის შესახებ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. თუკი აიყვანენ, ხომ კარგი და თუ არა - არც ეს იქნება ტრაგედია. მეგობრები ადგილობრივ ფეხბურთელებშიც მრავლად მყავს და ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს.

- ანუ, თქვენთვის სულ ერთია, იქნებიან თუ არა ქართველები გუნდში?

- ჩემთვის მთავარი ხშირ-ხშირად თამაში და დავალების კარგად შესრულებაა, სხვა დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია.

- ომარ თეთრაძე, რომელმაც მახაჩყალაში მიგიწვიათ, ახლა "ვოლგაშია", სადაც ბევრი თქვენი თანაგუნდელი გადავიდა. ნიჟნი ნოვგოროდში თქვენ არ მიგიწვიათ?

- უწინ მსგავსი საუბრები იყო, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, შემდეგ აბაევი დაიმატეს, ჩემზე კი სერიოზული საუბარი აღარ ყოფილა.

- შარშანდელ სეზონში თქვენი თამაშებიდან ყველაზე მეტად რომელი დაგამახსოვრდათ?

- ყაზანში, "რუბინის" წინააღმდეგ, რომელიც 0:0 ვითამაშეთ და ასევე გასვლითი მატჩი "ზენიტთან", რომელშიც ისეთი შეცდომა დავუშვი. აქამდე არ მავიწყდება. რას ვიზამთ - ყველა მეკარე ცდება.

- მრავალ მეკარეს მსგავსი შეცდომა კარიერის დასრულებად უჯდება, რადგან ფსიქოლოგიურ პრობლემას ვერ უმკლავდებიან. თქვენ ეს როგორ შეძელით?

- მეკარეთა უმრავლესობისთვის პრობლემა სწორედ ფსიქოლოგიურია. უბრალოდ, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდე - შეცდომა ხომ ყველა მეკარეს მოსდის. ცხოვრება ამით არ მთავრდება და თამაში უნდა გააგრძელო.

- მსგავსი შეცდომების შემდეგ ყველას ხომ არ ჰყოფნის ვაჟკაცობა, თავისი დანაშაული აღიაროს...

- შეცდომების აღიარება ყოველთვის აუცილებელია. თუკი ჩემ შეცდომას სხვებს გადავაბრალებ, ამით არაფერი შეიცვლება.

მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით

"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ გაიტანა - პსჟ "მონაკოს" ფრედ ეთამაშა და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] კვარაცხელიამ "მონაკოს" გაუტანა და პსჟ დააწინაურა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრანდელი: მზად ვარ, "იუვეს" მერვედფინალში გასვლაზე სანაძლეო პიცაზე დავდო
აღიარება ესპანეთში - მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
ბასტონის "ბარსელონა" ეპატიჟება - კატალონიელებისთვის საწადელის მიღწევა რთული იქნება
ყველაზე ძვირადღირებული მცველი ისტორიაში? - "ლივერპული" ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა
ცუდი შედეგების მიუხედავად, სპალეტის "იუვენტუსში" ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ
[VIDEO] "ეს ბომბი ხომ არ არის?!" - ენრიკე პრესკონფერენციის დაწყებამდე უცნაურ სიტუაციაში გაეხვა
ბექაური, ლიპარტელიანი - ოქროს მედლების მოლოდინში ტაშკენტში
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
სანდროს დაბალშედეგიანი მატჩი - "ტორონტო" მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] "ეს ყოველივე ორგაზმს ჰგავს... სხეულში ჟრუანტელი გივლის და თითქოს მწვერვალს მიაღწიე" - ფერან ტორესის შედარებამ ინტერნეტში დიდი გამოხმაურება ჰპოვა
დემბელე დღესაც არ იქნება - პსჟ-ის "მონაკოსთან" ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება
წავა ალისონი? - ბრაზილიელი მსოფლიო გრანდის მთავარი სამიზნეა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..