ხალხით გაჭედილ ტრიბუნაზე ოდესაში სავაჭროდ ჩასულმა ფოთელმა ებრაელებმა იყვირეს: რის თურქები, რა თურქები - ბორიაა, პაიჭაძე, ჩვენები არიან ესენიო
დასასრული, იხილეთ დასაწყისი

...1971 წლის შემოდგომაზე შემომთავაზა, ბათუმში წავყოლოდი - ჩემს უახლოეს მეგობარს, საშა ელიავას, 60 წელი უსრულდება, გადავწყვიტეთ გემით ოდესაში გამგზავრება და იქ ძველებურად გასეირნებაო.

საშა ელიავამ ფეხბურთის თამაში ფოთში დაიწყო, კარიერა თბილისის "დინამოში" გააგრძელა. შემდეგ დიდხანს იცავდა ბათუმის "დინამოს" ღირსებას, ამ გუნდის მწვრთნელიც იყო. კოლორიტული გარეგნობით, იუმორით, ხელგაშლილობით, თქვენ წარმოიდგინეთ, კულინარიული ხელოვნებითაც სახელგანთქმულმა მარტოხელა კაცმა დიდებულად გვიმასპინძლა თავის ძველ მეგობარს, ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა კერპს, ვეტერან ფეხბურთელ გენო მენაბდეს, კინოოპერატორ ჯონი ჭანტურიას და მე.

იშვიათად თუ გამოიდარებდა, აღარც ცურვის სეზონი იყო და მაშინდელ სტალინის ქუჩაზე, ფოსტის სიახლოვეს, ბატონი საშა ელიავას ბინაში დილიდან საღამომდე ვისმენდი ძველი ფეხბურთელების მოგონებებს.

მეგობრები პეკა (პეტრე) დემენტიევს აქებდნენ ყველაზე მეტად - მისთვის ბურთის წართმევა შეუძლებელი იყოო. "დინამოს" სტადიონის აშენებამდე თბილისში, პლეხანოვის პროსპექტზე, კინოთეატრ "აპოლოს" სიახლოვეს, მრავალსართულიანი, თაღიანი სახლის უკან, გვერდითი ხაზებიდან სამი მეტრის დაშორებით მაყურებლებისაგან ერთმანეთზე გადაბმული რკინის მილებით გამოყოფილ მოედანზე, თბილისისა და ლენინგრადის დინამოელთა ამხანაგური მატჩის შემდეგ ჩვენი ფეხბურთელები ერთმანეთს აჩვენებდნენ ჩალურჯებულ გვერდებს, პეკასაგან მოტყუებულები, მოედანზე თავს ვეღარ იკავებდნენ და იმ რკინის მილებზე სარეცხივით გადაეკიდებოდნენ ხოლმეო, - ჩვეული იუმორით გაიხსენა მასპინძელმა.

ასეთი დრიბლიორი საერთოდ არც მინახავსო, - დაუმატა ბატონმა ბორისმა. ორივემ ძალიან აქო ვსევოლოდ ბობროვი. ედუარდ სტრელცოვიც მოსწონდათ, მაგრამ რუს ფეხბურთელებში უძლიერესად მაინც გრიგორი ფედოტოვი მიაჩნდათ - რადგან მხოლოდ მას, ერთადერთს, შეეძლო დაცვასაც დახმარებოდა, ცენტრიდან კომბინაცია წამოეწყო და ზუსტი დარტყმით დაემთავრებინა ნებისმიერ სიტუაციაში, სხვადასხვა დისტანციიდან.

თბილისში ჯერ არ იყვნენ გადმოსული, ფოთის გუნდს გორლოვკაში რომ ჩააკითხეს ოდესის ფეხბურთის მესვეურებმა და შველა სთხოვეს - აფიშები კარგა ხანია გამოკრულია, ბილეთებიც გაიყიდა, მაგრამ თურქების გუნდმა ჩამოსვლა გადაიფიქრა და დიდ სკანდალს გადავურჩებით, თუ გვიხსნით - სხვა ფორმას ჩაგაცმევთ და ვინღა მიხვდება, სადაურები ხართო. დათანხმდნენ ფოთელები, ოდესაში ჩავიდნენ, აჭრელებული ფორმები ჩაიცვეს...

პირველი ტაიმი მთავრდებოდა, როცა ხალხით გაჭედილ ტრიბუნაზე ოდესაში სავაჭროდ ჩასულმა ფოთელმა ებრაელებმა იყვირეს: რის თურქები, რა თურქები - ბორიაა, პაიჭაძე, ჩვენები არიან ესენიო. არაფერი დაუშავებიათ, თუმცა იმის დანახვა კი მოვასწარით, მაყურებლები როგორ გადმოეშვნენ მოედანზე. მერე ფოთშიც ჩამოაღწია ამბავმა, ამ საქმის ინიციატორებისთვის თავზე ხელი რომ არ გადაუსვამთო, - იღიმებოდა ბატონი საშა.

სხვათა შორის, თერთმეტი წლის შემდეგ, ეროსი მანჯგალაძესთან ერთად ბათუმში ყოფნისას გადავიღეთ ეროსის ინტერვიუ საშა ელიავასთან, რომელმაც კიდევ უფრო საინტერესო დეტალებით შელამაზებული ეს კურიოზული ამბავიც გაიხსენა.

ბატონ ბორისს თბილისში ცდკა-სა და "დინამოს" იმ ცნობილ მატჩზეც ვკითხე, პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:4 რომ წააგეს.

"1936 წლის სეზონში ჩვენი მწვრთნელი ალექსეი სოკოლოვი ლენინგრადის დინამოელმა, იმ დროის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, მიხეილ ბუტუსოვმა შეცვალა, - იგი არ მალავდა, რომ ლენინგრადიდან სრულიად უსაფუძვლოდ გამოშვებული, განაწყენებული იყო და საგანგებოდ გვამზადებდა თავის ყოფილ გუნდთან შესახვედრად.

სწორედ მაშინ დავიწყეთ ახალი ტაქტიკური ელემენტის ათვისება - თამაშის მიმდინარეობისას ფორვარდების ადგილების ცვლა, რაც მოულოდნელი უნდა ყოფილიყო ლენინგრადელთა გუნდისთვის. მაგრამ მანამდე, წინა ტურში, როცა მოსკოველმა არმიელებმა პირველი ტაიმი 4:1 მოგვიგეს, ბუტუსოვმა შესვენებისას გადაწყვიტა ჩვენი ახალი ტაქტიკის გამოყენება.

გავედით მოედანზე მეორე ტაიმში და თავბრუ დავახვიეთ მოსკოველთა დაცვას - ჯერ მიშა ბერძენიშვილმა ზუსტად დაარტყა პენალტი, მერე ასლან ხარბედიამ გაიტანა ორი გოლი და ანგარიშიც გათანაბრდა, მე ხომ პირველ ტაიმში შევაგდე ბურთი, თამაშის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე კი გაიოზ ჯეჯელავას ულამაზესი დარტყმით კიდევ ერთი გოლი გავიდა და გავიმარჯვეთ 5:4.

ამის შემდეგ ჯერ ლენინგრადის "დინამოს" მოვუგეთ 4:1 და ბუტუსოვიც გავახარეთ, ბოლო ტურში მოსკოვის "დინამოც" მივაყოლეთ - ის ერთადერთი გოლი მე გავიტანე და მეორე ადგილზე გავედით. მომდევნო სეზონში უკვე სულ ამ ტაქტიკით ვთამაშობდით, მოგვიანებით სხვა გუნდებმაც მოგვბაძეს, ამიტომ ახლა ძალიან მიკვირს, მოსკოვის "დინამოს" და მიხეილ იაკუშინს რომ მიაწერენ ხოლმე ჩვენი გუნდის შემოღებულ სიახლეს", - გვიამბო "მოხეტიალე ფორვარდად" მონათლულმა ბორის პაიჭაძემ ბათუმში გატარებულ იმ ერთ-ერთ წვიმიან დღეს...

1977 წლის ზაფხულში "დინამოსა" და ვოროშილოვგრადის "ზარიას" მატჩის ბოლო წუთებზე დაწყებულ არეულობას დიდი ხმაური მოჰყვა. "საქმის გასარჩევად" საკავშირო სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვალენტინ სიჩი ჩამოვიდა.

ჩვენი ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარის, გურამ ენუქიძის კაბინეტში ბატონი ბორისი და მე წამმზომებით ხელში ერთად ვიგერიებდით სიჩის შემოტევებს. მატჩის ვიდეოჩანაწერის ჩვენების დროს იგი თავის წამმზომს დასჩერებოდა, მაგრამ მაინც დაიწყო მტკიცება, რომ ლიტველ არბიტრს, იუშკას, შეეძლო მხოლოდ ერთი წუთი დაემატებინა და არა ოთხი, როგორც დაკარგული დროის ჩვენი წამმზომებით დაფიქსირების შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ბატონი ბორისი ძლივს იკავებდა თავს, სიჩი კი ჯიუტობდა, თუმცა პირდაპირ ვუთხარი, რომ მისი წამმზომი ურევდა.

რატომღაც მგონია, რომ იმ დროსაც, როცა ბორის პაიჭაძე საყვარელ საქმეს საბოლოოდ ჩამოაშორეს და მის ნაცვლად "დინამოს" სტადიონის დირექტორად ფეხბურთისათვის სრულიად უცხო ადამიანი დანიშნეს, ხელისუფლებაში მყოფთ ისევ ახსოვდათ თბილისიდან უკან, მოსკოვში მიმავალი ვალენტინ სიჩის უკმაყოფილო სახე.

რასაკვირველია, დღეს უფრო იოლია, ამ ფაქტორითაც ავხსნათ უმადურობა, რაც, სამწუხაროდ, არასოდეს ყოფილა ჩვენთვის უცხო და ძნელად შესაგუებელი.

P.S. 1983 წლის ზაფხულში ფოთში ჩავედი ბორის პაიჭაძის წინა თაობის ფეხბურთელების გასაცნობად. შალვა პაიჭაძემ, კაკო ჟღენტმა და იონა ყურუამ კინოკამერის წინ თავიანთი ქალაქის საფეხბურთო ცხოვრების იმდენი საინტერესო ეპიზოდი მიამბეს, რომ მერე სხვებსაც დიდხანს ვუყვებოდი, თუმცა ფოთში გადაღებული ის ინტერვიუ ორჯერ გადასცა ჩვენმა ტელევიზიამ.

უფულო ფოთელი ფეხბურთელებისათვის ინვენტარი კონტრაბანდულად რომ შემოჰქონდათ, იქიდან შემორჩენილ ბურთის გასაბერ ტუმბოს თბილისში ჩემი ძმა დღესაც სათუთად ინახავსო, მითხრა შალვა პაიჭაძემ (ჩემი მეგობრის, კაკო ლეჟავას მეზობლების, ვალერიან და ანზორ პაიჭაძეების ოჯახში მართლაც ვნახე ის "ნასოსი").

იონა ყურუას ფოთის პორტში შემოსული იტალიური გემის, "ბრეშას" ეკიპაჟის ფეხბურთელთა გუნდისა და ფოთელების მატჩის ყველა დეტალი ახსოვდა - გაგვაოცეს "დატსკი უდარითო", მითხრა და ფეხის მოძრაობითაც წარმოგვიდგინა ის დარტყმა, რომელმაც მე მაშინვე თბილისის დინამოელის, ბორის ხასაიას თამაში მომაგონა. კაკო ჟღენტმა რამდენჯერმე გაიმეორა, როგორ გაუკვირდათ ფოთელებს, როცა მას, გამოცდილ მცველს, 17 წლის ბორია პაიჭაძემ "ფინტი გაუკეთა".

შუა ლაპარაკში ვიყავით, უცხო ენაზე მოჟღურტულე ლამაზმა ქალებმა რომ გაიარეს ზღვისპირა სკვერში. რამდენიმე წამით შეწყდა ჩვენი საუბარი და მერე შალვა პაიჭაძე იმ ამბავსაც მოჰყვა, რომელიც ბორის პაიჭაძის უახლოესი მეგობრისა და თანაგუნდელის, მათსავით ფოთელი გიორგი ანთაძისაგან იცოდა: ბორია ძალიან მოსწონდათ ქალებს, განსაკუთრებით კი, რუსეთში დასდევდნენ თურმე.

ერთხელ მოსკოვში, მეტად მნიშვნელოვანი მატჩის წინა დღეს, მას საგანგებოდ გაუფრთხილებია "დინამოს" სტადიონის საერთო საცხოვრებლის მორიგე, ვინც უნდა დარეკოს, უთხარი, რომ ვარჯიშზე ფეხი ვიტკინე, ექიმმა ერთი დღით სიარული ამიკრძალა და ამიტომ ტელეფონთან ვერაფრით ვერ მივალო...

გვიან საღამოს ნომერში მორიგე შევიდა შეწუხებული სახით:

- ბორის, შემჭამეს ქალებმა, ერთმა უკვე მერამდენედ დარეკა. აღარ შემიძლია ამდენჯერ ტყუილის გამეორება! ძალიან გთხოვ, დაელაპარაკე, მეც მოვისვენებ და ისიცო.

პაიჭაძე წამოდგა და... კოჭლობით წავიდა ტელეფონისკენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
უხეშობით და წნეხით ქართველებთან - უკრაინელმა კალათბურთელმა საქართველოს ნაკრების გატეხვის გეგმა გაამჟღავნა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
7-ქალა მოლდოვიდან ბრინჯაოთი ბრუნდება
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
ჯაფარიძემ და ფუტკარაძემ ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივეს
რატომ ითამაშა ბორის პაიჭაძემ თურქეთის ნაკრებში?
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
ჰაიკ ჰოვაკიმიანი ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორია
[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!
[ოთხშაბათის საკითხავი] სამტრედია, სამტრედია, მუდამ მზიანო!
სამეული - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
ის დღეები... დღეს კოტე მახარაძის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა
სლავა - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
ქართველებისთვის კარგად ნაცნობი დემჩენკო აზერბაიჯანული გუნდიდან დაითხოვეს
ლეგენდასთან - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
ბათუმის "დინამომ" 17 წლის მცველი დაიმატა
[იდეა] როგორ უნდა იმატოს მაყურებელმა - სალხინოს დერბი, როგორც მოდელი
სამეული - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
მიშა მაინც სხვა იყო... - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
სად წავიდა 3,9 მლნ ლარი? წყალში გადაყრილი ფულისა და აუშენებელი "ფაზისის" ისტორია
ლეგენდები: მიხეილ მესხი - ერის სიხარული, რომელსაც გული ატკინეს
რაგბი თუ ფეხბურთი? გამოხმაურება დოკუმენტურ ფილმზე "მდგმურები"
სამეული - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
ბათუმის "დინამომ" საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა