რას მოუყვება შვილიშვილებს ხერონიმო რული?
"ბარსელონას" ბოლო წლებში ძალიან უჭირს სან საბასტიანში თამაში. კატალონიურ გრანდს ბასკეთში ამჯერადაც გაუჭირდა.

"სოსიედადის" ყველა ფეხბურთელმა თავი დადო გოლიათის შესაჩერებლად, თუმცა მაინც უნდა გამოვარჩიოთ ერთი ფეხბურთელი, ვინც ლუის ენრიკეს და მის ბიჭებს განსაკუთრებით მოუშალა ნერვები. ეს გახლავთ "სოსიედადის" ახალგაზრდა არგენტინელი მეკარე, ხერონიმო რული. მან ამ შეხვედრაში რამდენიმე მეფური "სეივი" შემოგვთავაზა.

- ლა ლიგა. XXXII ტური: "ანოეტამ" ლა ლიგა გამოაცოცხლა [VIDEO]

რული 23 წლისაა. ის "სოსიედადში" იჯარის წესით თამაშობს. მისი სატრანსფერო უფლებები ბრაზილიურ-ინგლისურ საინვესტიციო ფონდს ეკუთვნის. ფორმალურად ის ურუგვაის მეორე დივიზიონის კლუბის, "დეპორტივო მალდონადოს" კუთვნილებაა.

2014 წელს ის ამ გუნდში "ესტუდიანტესიდან" მივიდა, მაგრამ არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია. მერე იყო ბასკეთი.

ზაფხულში მისი ყიდვა "ვალენსიას" უნდოდა, თუმცა ბევრისათვის მოულოდნელად, რულიმ "სოსიედადში" დარჩენა გადაწყვიტა.

ნოემბერში "სოსიედადმა" 0:4 წააგო "ბარსელონასთან". მაშინ რულიმ თქვა, რომ გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხების მიუხედავად, ის ძალიან ბედნიერია.

"გავა ბევრი წელი. მე მეყოლება შვილიშვილები და მე მათ ვუამბობ, როგორ ვითამაშე დიდებული "ბარსელონას" წინააღმდეგ, როგორ იყვნენ ჩემი მოწინააღმდეგეები მესი, ნეიმარი და სუარესი. "ბარსელონა" ფეხბურთში ცალკე სამყაროა და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ სამყაროსთან უშუალო შეხება მქონდა. მხოლოდ ამ დღისთვის ღირდა ჩემი ფეხბურთელობა. ღმერთს მადლობა, რომ ეს დღე დადგა", - თქვა მაშინ რულიმ.

საინტერესოა, ახლა რას მოუყვება შვილიშვილებს რული. მით უმეტეს, მოსაყოლი ახლა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მაშინ იყო. ახლა ის "ბარსელონას" თითოეულ ფეხბურთელს ძალიან კარგად ახსოვს.

სხვათა შორის, რულის ყველა ახასიათებს, როგორც ძალიან თავმდაბალ, წესიერ და მშრომელ ადამიანს. ამაზე მისი სიტყვებიც ნათლად მეტყველებს:

"მე გამიმართლა, რადგან შევძელი და ფეხბურთელი გამოვედი. ეს ოცნება ამიხდა. არ უნდა დავივიწყოთ ისინი, ვინც ეს ვერ შეძლო. სულ ვეკითხები ჩემს თავს, რა გამომარჩევდა მე მათგან და ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს ვიღებ - მე მეტს ვშრომობდი".

რულის კარიერა აღმა მიდის. მას არგენტინის ნაკრებში უკვე დაუძახეს, თუმცა ჯერ მისი დებიუტი "ალბისელესტეში" არ შემდგარა. ახალგაზრდა გოლკიპერი დიდი მოთმინებითა და იმედით ელის ამ დღეს.

"ზუსტად ვიცი, რომ შანსი მექნება. მე არსად მეჩქარება და მზად ვარ, ბოლომდე ვიბრძოლო ამ შანსისათვის. როგორც ყველა არგენტინელისათვის, ჩემთვისაც უძვირფასესი გუნდია ეროვნული ნაკრები. რაც თავი მახსოვს, მისი თავგადაკლული ქომაგი ვარ და ტელეეკრანთანაც ბევრი ღამე გამიტეხია", - ამბობს ხერონიმო.

ისევ "ბარსელონასთან" შეხვედრას დავუბრუნდეთ. სან სებასტიანში გამართულ შეხვედრაში არგენტინელმა მეკარემ ექვსჯერ იხსნა თანაგუნდელები. ამათგან სამ შემთხვევაში ბასკთა კარში გოლი გარდაუვალი ჩანდა.

"ფეხბურთელის კარიერაში არის კარგი და ცუდი მატჩები. მიმაჩნია, რომ ეს ჩემი დღე იყო", - ამბობს თამაშის გმირი და იქვე ამატებს, რომ განსაკუთრებული არაფერი ჩაუდენია. ეს მისი აზრია, მაგრამ ერთი კატალონიელებსაც ვკითხოთ. მათ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა წააგეს, რითაც "ატლეტიკოსა" და "რეალს" მიახლოების საშუალება მისცეს.

რა თქმა უნდა, თუ ასე გაგრძელდა, "სოსიედადს" არგენტინელის შენარჩუნება გაუჭირდება. სხვათა შორის, ბასკური კლუბი განთქმულია კარგი მეკარეებით. რაღა შორს წავიდეთ, სწორედ ბასკეთში დაიგდო დიდი სახელი "ბარსას" ამჟამინდელმა კარის დარაჯმა, ჩილელმა კლაუდიო ბრავომ.

ზემოთ არგენტინის ნაკრებზე ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, "ალბისელესტეს" უამრავი დიდებული ფეხბურთელი ჰყავს. ამ გუნდში თითოეულ პოზიციაზე უდიდესი კონკურენციაა. შეიძლება გამორჩეული იყო კლუბში და სანაკრებო მატარებელმა ჩაგიქროლოს.

ერთადერთი პოზიცია, სადაც კონკურენცია შედარებით ნაკლებია, მეკარის პოზიციაა, ეს კი რულის შანსებს კიდევ უფრო ზრდის. თუ სასწაული არ მოხდა, მას აუცილებლად ვიხილავთ ამ ზაფხულს გასამართ "კოპა ამერიკაზე", სადაც, ცხადია, არგენტინა მხოლოდ უმაღლესი მიზნებისათვის იბრძოლებს.

ახლა ცოტა რამ რულის წარსულზე. ის "ესტუდიანტესის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. კარიერა ამ კლუბში დაიწყო, თუმცა ძირითადში ეგრევე მოხვედრა გაუჭირდა, რადგან კარს გამოცდილი მეკარეები, ხუსტო ვილარი და აუგუსტინ სილვა იცავდნენ.

მერე მან მაინც მიაღწია მიზანს. ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები ხელში იმ ფონდმა ჩაიგდო, რომელზეც ზემოთ დავწერეთ და შედგა ძალიან საეჭვო ტრანსფერი ურუგვაულ კლუბში, რათა ფეხბურთელი იაფად გაყიდულიყო ევროპაში.

ჯერ სულ ესაა. ხერონიმო რულიზე მოსაყოლი კიდევ გვექნება. ის მხოლოდ ახლა იწყებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
[VIDEO] "ეს ყოველივე ორგაზმს ჰგავს... სხეულში ჟრუანტელი გივლის და თითქოს მწვერვალს მიაღწიე" - ფერან ტორესის შედარებამ ინტერნეტში დიდი გამოხმაურება ჰპოვა
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
"ცრუ ცხრიანით თამაშობდა, მაშინ როცა სხვებმა არც კი იცოდნენ ეს რა იყო" - "ლიდსის" მწვრთნელმა გვარდიოლასადმი კომპლიმენტები არ დაიშურა
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ გაიტანა - პსჟ "მონაკოს" ფრედ ეთამაშა და მერვედფინალში გავიდა
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია