"ლელო" წარმოგიდგენთ გასული ჩემპიონატის ნომინანტებს
წარმოგიდგენთ გაზეთ "ლელოსა" და კომპანია "ლიდერბეთის" ერთობლივი პროექტის საბოლოო შედეგებს. ლაურეატთა დაჯილდოება მოგვიანებით გაიმართება.

საუკეთესო მეკარე

დინო ჰამზიჩი

ნომინანტები

1. დინო ჰამზიჩი (ჩიხურა)

2. გიორგი ნადირაძე (ცხინვალი)

3. მირზა მერლანი (სიონი)

თითქმის მთელი სეზონი (წინას მსგავსად) სტაბილურად ჩაატარა "ცხინვალის" კაპიტანმა, 24 წლის გიორგი ნადირაძემ. რამდენიმე გამორჩეული მატჩი ჰქონდა "სიონის" გამოცდილ მეკარეს, 35 წლის მირზა მერლანს, თუმცა, ჩვენი აზრით, ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე "ჩიხურას" 28 წლის კარის დარაჯი დინო ჰამზიჩი გახლდათ!

ბოსნიელ მეკარეს საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი ზამთრის პაუზის მერე ჰქონდა (მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა), თუმცა, ამის მიუხედავად, იმდენი მოახერხა, რომ მეკარეებს შორის ყველაზე მეტჯერ (4) მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

საუკეთესო მცველი

ალექსანდრე

ამისულაშვილი

ნომინანტები

1. ალექსანდრე

ამისულაშვილი (დინამო თბ)

2. გიორგი ნავალოვსკი (დილა)

3. რენე ფერეირა (დინამო თბ)

გასული სეზონი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ჩვენს ჩემპიონატში ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი მცველი: 33 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი და 30 წლის გიორგი ნავალოვსკი.

ეს უკანასკნელი საქართველოს ჩემპიონატში რვაწლიანი პაუზის მერე დაბრუნდა და "დილას" შემადგენლობაში იმდენად შთამბეჭდავად თამაშობდა, რომ "ლელოს" ვერსიით პირველი წრის საუკეთესო მცველადაც მივიჩნიეთ.

თუმცა, ზამთრის პაუზის მერე, გიორგი ნავალოვსკიმ ისევ უცხოეთს მიაშურა, სამაგიეროდ, მეორე წრეში ალექსანდრე ამისულაშვილი დაბრუნდა ჩვენს ჩემპიონატში (11-წლიანი პაუზის შემდეგ) და თავისი მდიდარი კარიერა ახალი ტიტულებითაც შეავსო: საქართველოს ჩემპიონიც გახდა და თასის მფლობელიც!

საუკეთესო ნახევარმცველი

ჯაბა ჯიღაური

ნომიმანტები

1. ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ)

2. გოგიტა გოგუა (დილა)

3. გიორგი დათუნაიშვილი (სამტრედია)

"სამტრედიას" წარმატებულ ასპარეზობაში ლომის წილი შეიტანა გუნდის კაპიტანმა და ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა გიორგი დათუნაიშვილმა: 31 წლის ფეხბურთელმა 5 გოლიც გაიტანა, რაც ამპლუით საყრდენი ნახევარმცველისათვის ნამდვილად არ არის ურიგო შედეგი.

ასევე ჩინებულად გამოიყურებოდა კიდევ ერთი გამოცდილი შუახაზელი, 32 წლის გოგიტა გოგუა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატს ორწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა. გოგუამ გასულ სეზონში არასრული პირველი წრე ითამაშა, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა (თუნდაც, "საბურთალოსთან" გასვლითი მატჩი რად ღირს), რომ სამართლიანად მოხვდა ამ ამპლუის ნომინანტთა შორის.

თუმცა, მიგვაჩნია, რომ ასევე სამართლიანი უნდა იყოს ჩვენი არჩევანიც: თბილისის "დინამოს" 24 წლის ნახევარმცველს ჯაბა ჯიღაურს, მართლაც, რომ გამორჩეული სეზონი ჰქონდა და ასევე სრულიად დამსახურებულად დაიმსახურა საქართველოს ნაკრებში გამოძახებაც.

ამ უნივერსალმა ნახევარმცველმა კარიერაში საუკეთესო შედეგი სწორედ გასულ სეზონში უჩვენა: მეტოქეთა კარში 13 გოლი გაიტანა! ეგ კი არა, სამჯერ "დუბლიც" შეასრულა, რაც ნახევარმცველისათვის მშვენიერი შედეგია.

საუკეთესო თავდამსხმელი

ოთარ მარცვალაძე

ნომინანტები

1. ოთარ მარცვალაძე (დილა)

2. გიორგი ქვილითაია (დინამო თბ)

3. ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

არ დავმალავთ: ყველაზე რთულად არჩევანის გაკეთებამ სწორედ ამ ნომინაციაში მოგვიწია! ისე, წესითა და რიგით, ეს ამბავი მოულოდნელი არც არავისთვის უნდა ყოფილიყო, რამეთუ სამივე ფორვარდი, ფაქტობრივად, თანაბრად იმსახურებდა ამ ნომინაციაში გამარჯვებას.

აი, თუნდაც ნიკა კაჭარავა: 22 წლის ნიჭიერმა ფორვარდმა მხოლოდ პირველი წრე ითამაშა და რუსულ პრემიერლიგაში მართლაც შთამბეჭდავი სტატისტიკით გაემგზავრა. თავად განსაჯეთ: საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირმა ზამთრის პაუზამდე 15 მატჩი ჩაატარა არც ფინანსებით და არც შემადგენლობით არაფრით გამორჩეული "ცხინვალის" შემადგენლობაში და მეტოქეთა კარში 13 გოლი გაიტანა!

აღსანიშნავია, რომ ნიკა კაჭარავამ 1 ჰეთ თრიკიც შეასრულა და ოთხი "დუბლიც"! ასევე გამორჩეული სეზონი ჰქონდა კიდევ ერთ ახალგაზრდა ცენტრფორვარდს, 22 წლის გიორგი ქვილითაიას, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში ერთწლიანი პაუზის მერე დაბრუნდა. თანაც, როგორ დაბრუნდა: თავის კარიერაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი, თასის მფლობელი და საუკეთესო ბომბარდირი.

თუმცა, ჩვენი აზრით, წინა სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი "დილას" გამოცდილი ფორვარდი, 32 წლის ოთარ მარცვალაძე გახლდათ. იმავე ქვილითაიასაგან განსხვავებით, მარცვალაძე არც საჩემპიონო გუნდში თამაშობდა და, რაც მთავარია, არც ერთი-მეორეზე გამორჩეული პარტნიორ-ასისტენტები ჰყოლია გვერდით (აღარაფერს ვამბობთ ალექსანდრე იაშვილის ფაქტორზე).

თუმცა, ამის მიუხედავად, მარცვალაძე მთელი სეზონი ამტკიცებდა თავის მაღალ კლასს და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ ტურის სიმბოლურ ნაკრებში 10-ჯერ მოხვდა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ერთადერთ ფეხბურთელს ჩამორჩა.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს აწ უკვე ექსჩემპიონს "დილას" ფინანსურად ნამდვილად არ ულხინდა, ამას დაემატა წამყვანი ფეხბურთელების (ირაკლი მოდებაძე) ტრავმები ან რუსეთში გადასვლა (გიორგი ნავალოვსკი, გოგიტა გოგუა).

თუმცა, საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ოთარ მარცვალაძე თითქმის ბოლო ტურამდე უწევდა კონკურენციას გიორგი ქვილითაიას და სეზონი მაინც მშვენიერი შედეგით დაამთავრა: 24 მატჩში 19 გოლი გაიტანა (1 ჰეთ-თრიკი, 3 დუბლი და არც ერთი გოლი პენალტით)!

საუკეთესო ლეგიონერი

რენე ფერეირა

ნომინანტები

1. რენე ფერეირა (დინამო თბ)

2. დინო ჰამზიჩი (ჩიხურა)

3. ნიკოლა კომაზეცი (დინამო, ბთ)

გამორჩეული სეზონი ჩაატარა თბილისის "დინამოს" 24 წლის ცენტრალურმა მცველმა რენე ფერეირამ: თავის პოზიციაზე მძაფრი კონკურენციის მიუხედავად, ბრაზილიელმა უკანახაზელმა შეძლო და გუნდის წამყვანი ფეხბურთელის სტატუსი სრულიად დამსახურებულად "მოირგო".

რენე ფერეირამ საქართველოს ჩემპიონატში უკვე მესამე სეზონი ჩაატარა ("დინამომდე" "ზესტაფონში" გამოდიოდა) და მისი პროგრესიც წლიდან წლამდე თვალშისაცემი იყო. განსაკუთრებით შთამბეჭდავად კი ბოლო სეზონში იასპარეზა და, ჩვენი აზრით, ამ ნომინაციაშიც სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა...

სეზონის აღმოჩენა

ბუდუ ზივზივაძე

ნომინანტები

1. ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია)

2. გიორგი ბუხაიძე (საპოვნელა)

3. მიხეილ სარდალიშვილი (ჩიხურა)

ამ ნომინაციაში არჩევანის გაკეთება გაგვიჭირდა, რამეთუ სამივე ნომინანტი იმსახურებდა ლაურეატობას; მით უფრო, რომ სამივეს საუკეთესო სეზონი ჰქონდათ თავის კარიერაში!

23 წლის მიხეილ სარდალიშვილმა გასულ ჩემპიონატში 9 გოლი გაიტანა (აქედან, ხუთი - შეცვლაზე შესულმა, რაც სეზონის საუკეთესო შედეგია), მაშინ, როცა "ჩიხურას" ამ სწრაფ გარემარბს წინა ოთხ სეზონში 8 გოლი ჰქონდა გატანილი.

ასევე გამორჩეული სეზონი ჩაატარა "საპოვნელას" 24 წლის ფორვარდმა გიორგი ბუხაიძემ, რომელსაც მანამდე ერთი არასრული სეზონი ჰქონდა გატარებული უმაღლეს ლიგაში (ისიც, 2012/13 წლების სეზონში); ბუხაიძემ მეტოქეთა კარში 15 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირთა დავაში IV ადგილზე გავიდა, თუმცა "საპოვნელამ" მაინც ვერ შეძლო უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება.

ამ სამეულში კი პირველობა "სამტრედიას" ფორვარდს ბუდუ ზივზივაძეს მივანიჭეთ: საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების თავდამსხმელს წინა ორ სეზონში (ჯერ - თბილისის "დინამოში", მერე - "ტორპედოში") ნაკლები სათამაშო დრო ეძლეოდა.

აი, გია ცეცაძის დამოძღვრილ "სამტრედიაში" კი შეძლო საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ოთარ მარცვალაძესა და გიორგი ქვილითაიას ჩამორჩა.

საუკეთესო დებიუტანტი

გიორგი ხარაიშვილი

ნომინანტები

1. გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო)

2. გურამ გოშთელიანი (საბურთალო)

3. ოთარ კობახიძე (სიონი)

გასულ სეზონში არაერთ ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში და ბევრმა მათგანმაც თავი მართლაც მშვენივრად წარმოაჩინა. აი, თუნდაც "სიონის" 20 წლის გარემარბი ოთარ კობახიძე, რომელმაც ბევრად გამოცდილ პარტნიორებთან კონკურენციაში შეძლო და ბოლნისური გუნდის ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი.

ფლანგის ნახევარმცველისა და დებიუტანტის კვალობაზე, კობახიძეს მშვენიერი შედეგი ჰქონდა: 6 გოლი გაიტანა ("ზუგდიდთან" საშინაო მატჩში სულაც "დუბლი" შეასრულა). ასევე მართლაც შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდათ "საბურთალოს" ახალგაზრდა ლიდერებს: ცენტრფორვარდს გურამ გოშთელიანსა და უნივერსალ შემტევ ნახევარმცველს გიორგი ხარაიშვილს.

ეს ნიჭიერი ბიჭები მეტეორივით შემოიჭრნენ უმაღლეს ლიგაში, "საბურთალოს" ლიდერებიც გახლდნენ და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც წამყვან პოზიციებზე იყვნენ.

გოშთელიანმა გასულ ჩემპიონატში 9 გოლი გაიტანა და განსაკუთრებით წარმატებულად აპრილში იასპარეზა, როცა ორჯერ შეასრულა "დუბლი" და სწორედ ეს ახალგაზრდა ფორვარდი დავასახელეთ კიდეც "თვის ფეხბურთელად".

აი, გიორგი ხარაიშვილი კი (ახლახან რომ შეუსრულდა 20 წელი) მარტში ვაღიარეთ: "საბურთალოს" ახალგაზრდა კაპიტანმა, როგორც გუნდის ლიდერს შეეფერებოდა, სწორედ ისე ითამაშა და უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონში პირველი ჰეთ თრიკიც შეასრულა!

იმის გარდა, რომ ხარაიშვილი "თვის ფეხბურთელადაც" (მარტის თვის შედეგების მიხედვით) დავასახელეთ, ის ფაქტიც უნდა ვახსენოთ, რომ ამ ახალგაზრდა შემტევმა ნახევარმცველმა მეტოქეთა კარში 12 გოლი გაიტანა, "ლელოს" ტრადიციულ "ტურის სიმბოლურ ნაკრებში" კი რვაჯერ მოხვდა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ორ გამოცდილ და სახელიან კონკურენტს, ოთარ მარცვალაძესა და ალექსადრე იაშვილს ჩამორჩა...

საუკეთესო ახალგაზრდა (U 21)

ოთარ კიტეიშვილი

ნომინანტები

1. ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ)

2. გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო)

3. გურამ გოშთელიანი (საბურთალო)

"საბურთალოს" ორი ახალგაზრდა ლიდერი, გიორგი ხარაიშვილი და გურამ გოშთელიანი სამართლიანად აცხადებდნენ პრეტენზიას ამ ნომინაციაში გამარჯვებისათვის; თუმცა, ასევე სამართლიანად მიგვაჩნია ჩვენი არჩევანიც: გასული ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილია!

20 წლის ოთარ კიტეიშვილმა დროის მოკლე პერიოდში შეძლო თბილისის "დინამოს" ძირითადში ადგილის დამკვიდრება, მერე კი ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა!

ჰო, მართლაც ასეა: როგორც დღევანდელი "დინამო" ვერ წარმოგვიდგენია ამ ნიჭიერი და უაღრესად ტექნიკური შემტევი ნახევარმცველის გარეშე, იგივეს თქმა შეიძლება საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზეც, რომლის ახალმა თავკაცმა გია გეგუჩაძემ კაპიტნის სამკლავური სწორედ ოთარ კიტეიშვილს მიანდო!

2013/14 წლების სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე, რუსთავის "მეტალურგის" მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ "სიონთან" საშინაო შეხვედრაში შეცვლაზე შემოიყვანა იმ დროისათვის 18 წლის ოთარ კიტეიშვილი.

ჰოდა, ნიჭიერმა შეგირდმაც თავის პირველ მწვრთნელს (ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მეტალურგი" ზედიზედ ორი წელიწადი იმარჯვებდა ჭაბუკთა ლიგაზე) ნდობა 100 პროცენტით გაუმართლა და შთამბეჭდავი დებიუტიც მოიწყო: სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა უმაღლეს ლიგაში თავის სადებიუტო მატჩში ასევე სადებიუტო გოლის გასატანად!..

საუკეთესო ბომბარდირი

გიორგი ქვილითაია

(დინამო თბ, 24 გოლი)

2004/05 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი თბილისის "დინამოს" ცენტრფორვარდი ლევან მელქაძე გახდა 27 გოლით და მას შემდეგ, ბოლო ათწლეულში, ვერც ერთი ქართველი ფეხბურთელი ვერ მიუახლოვდა ამ ნიშნულს.

და აი, 11-წლიანი პაუზის შემდეგ, ისევ თბილისის "დინამოს" წარმომადგენელმა, 22 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ იყოჩაღა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი მართლაც მშვენიერი შედეგით (29 მატჩი და 24 გოლი) გახდა!

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ქვილითაიას წინა ჩემპიონატამდე მხოლოდ ერთი (ისიც - არასრული) სეზონი ჰქონდა ჩატარებული უმაღლეს ლიგაში, როცა 2013/14 წლების ჩემპიონატში გორის "დილაში" გამოდიოდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გასულ სეზონში მხოლოდ ქვილითაია იყო ერთადერთი ფეხბურთელი, უმაღლეს ლიგაში ორჯერ რომ შეძლო ჰეთ თრიკის შესრულება (პლუს, ოთხჯერ "დუბლიც" შეასრულა)...

სეზონის სტაბილურობა

გიორგი ნადირაძე, შოთა კაშია

ნომინანტები

1-2. გიორგი ნადირაძე (ცხინვალი)

1-2. შოთა კაშია (ჩიხურა)

3. გიორგი ბუხაიძე (საპოვნელა)

უკვე მერამდენე სეზონია, რაც ქართულ საკლუბო ფეხბურთში "ნახევარწლიანი გუნდების" არსებობა აღარავის უკვირს; ეგ კი არა, ლამის არის ის გაგვიკვირდეს, ამა თუ იმ ფეხბურთელმა ერთსა და იმავე კლუბში გადაბმულად 2 სეზონი რომ ჩაატაროს!

მოკლედ, ძალიან მივეჩვიეთ იმ ფეხბურთელთა რაოდენობის ზრდას, ყოველ ექვს თვეში რომ იცვლიან გუნდებს. თუმცა, სასიამოვნო გამონაკლისებიც არიან და სწორედ ამიტომაც გვინდა წავახალისოთ ყველაზე სტაბილური და ყველაზე შეუცვლელი ფეხბურთელები: "ცხინვალის" კაპიტანმა და მეკარემ, 24 წლის გიორგი ნადირაძემ და "ჩიხურას" ცენტრალურმა მცველმა და ასევე კაპიტანმა, 31 წლის შოთა კაშიამ გასულ სეზონში, ყველა, 30 მატჩი ჩაატარეს, თანაც შეუცვლელად!

სხვათა შორის, შორს არ არის ის დღე, როცა შოთა კაშია საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მესამასე მატჩს ჩაატარებს...

კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვინც ასევე ყველა, 30 მატჩი ჩაატარა, "საპოვნელას" 24 წლის ფორვარდი გიორგი ბუხაიძე გახლდათ, თუმცა, გასული სეზონის ერთ-ერთმა აღმოჩენამ და დღესდღეობით უკვე "საბურთალოს" თავდამსხმელმა ძირითადში 21 მატჩი დაიწყო, ცხრაჯერ კი შეცვლაზე შევიდა.

საუკეთესო მსაჯი:

გიორგი ყრუაშვილი

გასული სეზონის საუკეთესო მსაჯად ფიფას არბიტრი გიორგი ყრუაშვილი მივიჩნიეთ, რომელსაც 30 წელი მაისის ბოლოს შეუსრულდა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯის, კარლო ყრუაშვილის შვილიშვილმა სახელოვანი ბაბუის პროფესია აირჩია და უკვე წლებია, რაც გიორგი ყრუაშვილიც ერთ-ერთ საუკეთესო მსაჯად მიიჩნევა საქართველოს ჩემპიონატში.

გასულ სეზონში უმაღლეს ლიგაში თითქმის ყველა ტურში იმსაჯა, თუმცა მთავარი მოვლენა მაინც ის იყო, რომ სწორედ მას მიანდეს საქართველოს თასის ფინალის განსჯა.

ამას გარდა, მთელი სეზონის განმავლობაში უწევდა საერთაშორისო მატჩების გაძღოლაც: ამ შემთხვევაში სხვადასახვა ასაკობრივი (17, 19, 21-წლამდელთა) ნაკრებებისა თუ ევროპის საკლუბო ტურნირების ოფიციალურ შეხვედრებს ვგულისხმობთ..

გვერდები მოამზადა

გია ტუხაშვილმა

კილასონიები

დანარჩენებისაგან განსხვავებით, ეს შედარებით "ახალი" ნომინაციაა: "ლელომ" პირველი გამარჯვებული შარშან გამოავლინა, როცა კაჭარავების საფეხბურთო დინასტია გამოვარჩიეთ: "ცხინვალის" მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა და მისი ვაჟი, ამავე გუნდის ფორვარდი ნიკა კაჭარავა.

აი, გასულ სეზონში კი კილასონიების საფეხბურთო დინასტია თითქმის უკონკურენტო იყო უმაღლეს ლიგაში: "სიონის" მთავარ მწვრთნელად ვარლამ კილასონია მუშაობდა, ამავე გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ მისი ძმისშვილი, 23 წლის ვარლამ კილასონია-უმცროსი, ხოლო მისი ვაჟი, 19 წლის გიორგი კილასონია ერთ მატჩში შეცვლაზე შემოვიდა.

მსგავსი ფაქტები ადრეც მომხდარა, კერძოდ, 2013/14 წლების სეზონის მიწურულს, როცა სამივე კილასონია მშობლიურ ქალაქის გუნდში, რუსთავის "მეტალურგში" იყვნენ.

თავად უფროსი ვარლამ და გიორგი კილასონიები კი, მოგეხსენებათ, 90-იან წლებში რუსთავის "მეტალურგის" ("გორდას") ლიდერები იყვნენ.

საუკეთესო

ფეხბურთელი

ალექსანდრე

იაშვილი

და აი, "ლელოსა" და "ლიდერბეთის" ერთობლივი პროექტის უმთავრესი და ყველაზე "ფასეული" ნომინაცია, რომლის გამარჯვებულის "გამოვლენა" უმარტივესი საქმე იყო: საქართველოს XXVII ჩემპიონატს თუ ვინმე ამშვენებდა, ეს ალექსანდრე იაშვილი გახლდათ, თბილისის "დინამოში" 17-წლიანი პაუზის მერე რომ დაბრუნდა!

თანაც, დაბრუნებასაც ხომ გააჩნია: 38 წლის იაშვილი თითქმის ყოველ მატჩში საფეხბურთო მასტერკლასს ატარებდა და ამიტომაც არ იყო გასაკვირი, რომ ყველაზე მეტჯერ (თერთმეტჯერ) მოხვდა "ლელოს" ტრადიციულ "ტურის სიმბოლურ ნაკრებში".

ალექსანდრე იაშვილს საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი...15 წლის ასაკში ჰქონდა და თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ყველა აქაური ტიტული მოიპოვა; მერე იყო ხანგრძლივი და წარმატებული გერმანული კარიერა და სწორედ იქ ასპარეზობის დროს დასახელდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად: 2004 ("ფრაიბურგში" გამოდიოდა) და 2008 ("კარლსრუეში" თამაშობდა) წლებში.

და აი, ხანგრძლივი განშორების შემდეგ კვლავაც საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა და თავისი ტიტულების კოლექციაც კიდევ უფრო გაამდიდრა (საქართველოს ჩემპიონიც გახდა და თასიც მოიპოვა).

მერე კი იყო წლევანდელი 22 მაისი - თბილისის "დინამოს" მაისურით კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა და სამაგალითო საფეხბურთო კარიერაც დაამთავრა. ჩვენც ისღა დაგვრჩენია, რომ მორიგი აღიარების გარდა, კიდევ ერთხელ ვთქვათ: "გმადლობთ, იაშკა"!..

საუკეთესო მწვრთნელი:

გია ცეცაძე

შესაძლოა, ჩვენი არჩევანი ვინმესთვის საკამათო იყოს და ბევრი ფიქრობდეს, რომ სეზონის საუკეთესო მწვრთნელად ჩემპიონი გუნდის თავკაცი უნდა დაგვესახელებინა; თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ სლოვაკი სპეციალისტი იურაი იარაბეკი თბილისის "დინამოში" ზამთრის პაუზის მერე მივიდა და თავის წინამორბედი გია გეგუჩაძისაგან მართლაც საჩემპიონოდ გამზადებული გუნდი დახვდა.

ანუ, პირველი წრის დამთავრების შემდეგ არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ თბილისის "დინამო" უპრობლემოდ მოიპოვებდა ჩემპიონობას. ასეც მოხდა, მაგრამ მაისის გარდა, "დინამოს" მეორე წრეში ჩავარდნებიც ჰქონდა, მაშინ როცა ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე (ანუ, მეორე წრეში) და, საერთოდაც, მთელი სეზონის განმავლობაში გამორჩეულად სანახაობრივ ფეხბურთს უჩვენებდა ფინანსურად არაფრით გამორჩეული "სამტრედია" - გუნდი, რომელიც თითქმის ყველა მატჩში ძირითად აქცენტს შემტევ ფეხბურთზე აკეთებდა და რომელიც მეორე წრეში ერთადერთი კონკურენტი იყო თბილისის "დინამოსი".

ეს ყველაფერი კი, რაღა თქმა უნდა, "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის დამსახურება გახლდათ, რომელიც უმაღლეს ლიგაში 4-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა; ჰოდა, დაბრუნებაც შთამბეჭდავი გამოდგა: "სამტრედიამ" 21-წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო ჩემპიონატის დასრულება პირველ სამეულში (გუნდი მეორე პრიზიორი გახდა) და ევროტურნირების საგზურიც მოიპოვა.

განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი "სამტრედიას" მაშინ ჰქონდა, როცა გუნდმა თებერვლის ბოლოდან აპრილის დასაწყისამდე ზედიზედ 7 მატჩი მოიგო და ამ შვიდ შეხვედრაში საშუალოდ 3 გოლი გაჰქონდა მეტოქეთა კარში.

დაბოლოს, იმასაც ვიტყვით, რომ გასული სეზონის შედეგების მიხედვით "ლელოს" ტრადიციულ "ტურის სიმბოლურ ნაკრებში" კოლეგებს შორის ყველაზე ხშირად სწორედ გია ცეცაძე მოხვდა: "ტურის მწვრთნელად" რვაჯერ ვაღიარეთ!..

საუკეთესო

პრეზიდენტი

რომან ფიფია

(დინამო თბ)

...გასული სეზონი თბილისის "დინამოსათვის" მართლაც გამორჩეულად წარმატებული იყო: გუნდმა ჩემპიონობაც მოიპოვა, თასიც და სუპერთასიც. ანუ, იზრდება და იზრდება "დინამოს" საშინაო ტიტულების კოლექცია იქიდან მოყოლებული (2011 წლის იანვრიდან), რაც კლუბის მეპატრონე ბიზნესმენი რომან ფიფია გახდა.

თუმცა, საქმე მხოლოდ ტიტულებში არ არის: "დინამოს" ისეთი საწვრთნელი ბაზა აქვს, რომლის ანალოგი ევროპაში, ალბათ, ერთი-ორი თუ იქნება, აღარაფერს ვამბობთ რომან ფიფიას კიდევ ერთ, მართლაც საშვილიშვილო პროექტზე - ულტრათანამედროვე ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაზე.

ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ, გამორჩეულ ფეხბურთელებსა თუ მწვრთნელებს გამოვავლენთ ხოლმე. თუმცა, არც იმ ხალხს უნდა დავუკარგოთ გარჯა, რომელთა გარეშეც ამა თუ იმ გუნდის წარმატება, უბრალოდ, გამორიცხული იქნებოდა:

ამიტომაც გვინდა გამოვარჩიოთ "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას განსაკუთრებული დამსახურება არამხოლოდ საკუთარი კლუბის, არამედ, საერთოდ, ქართული ფეხბურთის წინაშე!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!