დილა-დინამო (ბთ) 1:1 - კიდევ ერთი ცივი შხაპი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმის "დინამო" "დილასთვის" ბოლო ხანს გადაულახავ ბარიერად იქცა. შარშან, საჩემპიონო სეზონში, გორელებმა მათთან შინაც წააგეს და სტუმრადაც (ორივე 0:1).

უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა რევანში ამჯერადაც ვერ შეძლეს. ზღვისპირელებმა შიდაქართლელთა იმედებს ამჯერადაც ცივი შხაპი გადაასხეს. ისიც საგულისხმოა, რომ ამდენი საგოლე მომენტის გამოუყენებლობამ "დილას" სამომავლოდ იქნებ ფრეც სანატრელი გაუხადოს.

პირველი ხიფათი სტუმრების კართან უკვე მე-3 წუთზე შეიქმნა - დავით ხურცილავას მიერ ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი კარიდან ხუთიოდ მეტრში მყოფ ოთარ მარცვალაძეს მისდიოდა, მაგრამ მცველმა პირდაპირ ფეხიდან ააცალა "დილას" თავდამსხმელს.

მარცვალაძის გარდა, სტუმართა მეკარე მიხეილ
ალავიძეს კიდევ ორი წინახაზელი - ირაკლი მოდებაძე და მათე კვირკვია აწუხებდა. მათ უკან სამი ნახევარმცველი იდგა, პლუს, ოთხკაციანი დაცვის ხაზი - აქტიური ფლანგებით.

ხაზზე განლაგებულ დაცვასა და ნახევარდაცვას მიანიჭა უპირატესობა შოთა ჭეიშვილმა, შეტევაში კი ბათუმელები გიორგი ბერიაშვილის იმედად გახლდნენ, რომელმაც მწვრთნელებს კიდეც გაუმართლა ნდობა.

ტემპი თავიდანვე არ ყოფილა დაბალი. "დილა" ცდილობდა სადავეების ხელში აღებას, იერიშებზე სწრაფად გადადიოდა, მაგრამ გოლამდე ეს მაინცდამაინც მწვავედ არ გამოსდიოდათ. 24-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა ხურცილავას მიერ ჩაწოდებული ბურთი მკერდზე მიიღო და მეკარისაგან მარცხენა "ცხრიანში" ძლიერად დაარტყა. ალავიძის ეფექტურმა ნახტომმა "დინამო" იმ მომენტში კი იხსნა, მაგრამ იქვე უკუგდებული ბურთი მცველებმა საჯარიმოს მიღმა ვერ გადააგდეს და მარცვალაძემ კარში შეაბრუნა - 1:0.

შესაძლოა, მარცვალაძე ჯერ მაინც ვერ არის სასურველ ფორმაში, თუმცა მიმდინარე ჩემპიონატის ორივე მატჩში თითო გოლის გატანა კი მოახერხა...

ანგარიშში დაწინაურების შემდეგ მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო ცხადი გახდა, ხოლო სტუმრებმა შეცდომებს მოუხშირეს. უკვე ტაიმის მიწურულს ხშირი იყო მსაჯის სასტვენიცა და პაუზებიც, რომელსაც ფეხბურთელები გასაგრილებლად და წყლის დასალევად იყენებდნენ...

ვიდრე აბდულა ბასლეჰლო გუნდებს გასახდელისკენ მოუხმობდა, "დილას" კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ დავით კვირკველიას მიერ შესანიშნავად შესრულებული სტანდარტული, რომელიც ალავიძის კარის ახლა უკვე მარჯვენა "ცხრიანში" წავიდა, ისევ ბათუმელთა გოლკიპერმა მოიგერია ბრწყინვალე ნახტომში.

მეორე ტაიმი მოდებაძის მიერ მორიგი გამოუყენებელი საგოლე შანსით დაიწყო. სამაგიეროდ, ცოტა ხანში სტუმრების სტანდარტული გამოდგა შედეგიანი - გიორგი გაბედავას კუთხურისას ყველას ბერიაშვილმა დაასწრო და მასპინძლები დაამწუხრა. სოსიაშვილმა შეტევის გაძლიერება გიორგი ნავალოვსკის წინ წაწევით სცადა, მის პოზიციაზე კი შეცვლაზე შესული თემურ ღონღაძე დააყენა.

74-ე წუთზე "დილას" სწრაფი კონტრშეტევისას მარცვალაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა მეტად სახეირო ეპიზოდი გოლად ვერ აქცია - წინ გამოსულ ალავიძეს ვერ აჯობა.

ბათუმელთა გოლკიპერს ცოტა ხანში ვერც მოდებაძემ მოუხერხა რამე. ამასობაში, სოსიაშვილმა შეტევის გასაძლიერებლად ისლამ მაშუკოვი შეუშვა მინდორზე. გუგა ფალავანდიშვილის ჩაწოდებულზე "დილას" ლეგიონერს გოლის გატანაც მართებდა, თუმცა სუსტად დაარტყა.

მასპინძლებმა ბოლოს ერთგვარი შტურმიც მოაწყვეს. მსაჯის საფინალო სასტვენამდე მოდებაძესა და ნავალოვსკის ორ-ორჯერ ჰქონდათ "დილასთვის" 3 ქულის მოპოვების შანსი, მაგრამ მათ მცდელობას ხან სიზუსტე აკლდებოდა, ხან კიდევ ალავიძე იდგა გადაულახავ ზღუდედ.

მატჩის შემდეგ
უჩა სოსიაშვილი (დილა): "ორივე გუნდი ფავორიტად ითვლება ჩემპიონატში და შეხვედრა ამიტომაც დაძაბული გამოდგა.

სამწუხაროა, როცა მოწინააღმდეგე გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში ერთხელ დაარტყამს და ისიც გოლი გავა, ჩვენ კი საპირისპირო კართან უამრავი მომენტი შევქმენით და მხოლოდ ერთი გოლის გატანა შევძელით.

მთელი მატჩის მანძილზე ბურთს ვაკონტროლებდით, ინიციატივა ხელთ გვქონდა, მაგრამ ვერ მოვიგეთ. მიუხედავად ამისა, ჩემს ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი კარგი თამაშისთვის. იმედი მაქვს, მომავალში აუცილებლად შევძლებთ იმ საგოლე მომენტების გამოყენებას, რაც შეგვექმნება".

საქართველოს XXVII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ტური
21.08. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 2 000 მაყურებელი
დილა-დინამო (ბთ) 1:1
გოლები: 1:0 მარცვალაძე (23), 1:1 ბერიაშვილი (53. გაბედავას პასით)
დილა (4-3-3): შევჩენკო - ხურცილავა, კვირკველია, კვახაძე, ნავალოვსკი - ნონიკაშვილი (63. ღონღაძე), ფალავანდიშვილი, გვალია (81. ძარია) - კვირკვია (76. მაშუკოვი), მოდებაძე, მარცვალაძე.
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, ქარქუზაშვილი, ახალკაცი, პაპავა
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
დინამო (4-1-4-1): ალავიძე - სუხიაშვილი, მგელაძე, გოგიტიძე, ქავთარაძე - ვარშანიძე - ჭკუასელი (75. მახარაძე), კვანტალიანი (46. ტეტუნაშვილი), შონია, გაბედავა - ბერიაშვილი (90. ბერიაშვილი).
სათადარიგოები: მამინაშვილი, თევდორაძე, დიასამიძე, ლუის მედინა
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: კვახაძე (14), ვარშანიძე (28), ბერიაშვილი (38), ტეტუნაშვილი (70)
არბიტრი: ა. ბასლეჰლო.

საქართველოს სუპერთასი
25 აგვისტო
დილა-დინამო (თბ)

25-26 აგვისტო
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩები

უმაღლესი ლიგა. III ტური
29 აგვისტო, შაბათი
დინამო (თბ)-საბურთალო

30 აგვისტო, კვირა
დინამო (ბთ)-კოლხეთი
ტორპედო-დილა
ცხინვალი-ზუგდიდი
ჩიხურა-მერანი
სამტრედია-ლოკომოტივი
გურია-საპოვნელა
სიონი-შუქურა.

ბომბარდირები:
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 4
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 3
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 2
ო. მარცვალაძე (დილა) 2
გ. გოშთელიანი (საბურთალო) 2
თ. წიქარიძე (შუქურა) 2.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თითქოს მედა ამ სტატიის ავ ტორმა ორ განსხვავებულ თამაშს ვუყურეთ... არადა ბათუმის დინამოსაც საკმაო შეტევები ჰქონდა! ეს სუბიექტურობა დაგვღუპავს ჩვენ :(
mixeili
17:24 24-08-2015
0
ბაგაევი ჰყავთ ისევ,მაგრამ ამ ეტაპზე ძირითადში ვერ ხვდება,ასევე ვერ ხვდება ძირითადში ქარქუზაშვილი.შარშან ორივე მცველი სტაბილური და წარმატებული თამაშით გამოირჩეოდა.
გივი
14:50 24-08-2015
0

სიახლეები პოპულარული