რაულ ცირეკიძე ოლიმპიადაზე მეცხრეა - მწვერვალზე მსუბუქები ადიან [+VIDEO]

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიურ ფიცარნაგზე 3 აგვისტოს ქართველ ძალოსანთაგან პირველმა მოსინჯა ძალები 2012 წლის ევროპის ჩემპიონმა რაულ ცირეკიძემ 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

ასპარეზობის 23 მონაწილე სიძლიერის მიხედვით ორ ჯგუფად იყო გაყოფილი. შუადღისას შეჯიბრებაში ჩაერთო ქართველი ათლეტი. უკვე გაუწყეთ, რომ სპეციალისტები მისგან ორჭიდში, სულ მცირე, 370 კილოს მაინც ელოდნენ, მან კი ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგიც (365) ვერ გაიმეორა.

ატაცში პირველსავე ცდაზე 162 კილოს იოლად მოერია. შემდეგ შტანგა 5 კილოგრამით დაამძიმა, მაგრამ ეს წონა მისთვის დაუძლეველი აღმოჩნდა - ორი მისვლა გაუცუდდა (იხილეთ ვიდეო), ბელარუსი
ნიკალაი ნოვიკაუ უფრო იღბლიანი აღმოჩნდა და პირველი დისციპლინის შემდეგ 167 კილოგრამით ბ ჯგუფში სლავი დაწინაურდა.

აკვრა ცირეკიძემ 195 კილოგრამით დაიწყო. ჩვენებურს 200-კილოგრამიანი შტანგის დამორჩილებაც არ გასძნელებია, აი, 202 კილო კი მისთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა (იხილეთ ვიდეო). ორჭიდში 362 კილოგრამი მოაგროვა და B ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ ნოვიკაუს, რომელმაც 195 კილოგრამი აკრა, ერთი კილოთი ჩამორჩა. 355 კილოგრამით მესამე ადგილზე ამერიკელი ქენდრიკ ფარისი გავიდა.

საღამოს სესიაში უძლიერესი ძალოსნები ჩაებნენ. უპირველესი ფავორიტი გახლდათ ბელარუსი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდსმენი, ორგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, ორი ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ანდრეი რიბაკაუ.

მახსოვს, ათენის ოლიმპიადაზე იგი B ჯგუფში გადიოდა და იქ პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა ორჭიდის ჯამში მოგროვებული ქულები ისე მაღალი აღმოჩნდა, რომ თვით სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს პიროს დიმასს (საბერძნეთი) გაასწრო, მაგრამ ჩვენს გიორგი ასანიძეს ჩამორჩა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

სლავ ათლეტს პეკინშიც არ გაუმართლა - ორჭიდში 394 კილოგრამი მოაგროვა და მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდები დაამყარა, მაგრამ მას მასპინძელმა ლუ იონგმა აჯობა. მართალია, ჩინელმაც ორჭიდში 394 კილოგრამს მოუყარა თავი, ოღონდ ბელარუსზე პირადი წონით მსუბუქი აღმოჩნდა, რიბაკაუ ისევ მეორე ადგილზე გავიდა.

ლონდონის ოლიმპიურ ფიცარნაგზე უნდა გარკვეულიყო მათ შორის უძლიერესი, მაგრამ გუშინ ორივე სახელოვანი სპორტსმენი გაწბილებული დარჩა: რიბაკაუმ ატაცში საწყისი წონა ვერ დაძლია, ჩინელმა 178 კილოგრამი კი აიტაცა, თუმცა აკვრაში შეუფასებელი დარჩა.

საბოლოოდ 385 კილოგრამით (174+211) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, 23 წლის პოლონელი ადრიან ედვარდ ზელინსკი ავიდა. ასეთივე შედეგით მე-2 ადგილი პირადი წონით პოლონელზე მძიმე 19 წლის აპტი აუხადოვმა (რუსეთი) დაიკავა. 380 კოლოგრამით ბრინჯაოს მედალი შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონ კიანუშ როსტამის (ირანი) ერგო.

* * *

ქალთა შორის 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში 291 კილოგრამით (აკვრაში ოლიმპიური რეკორდით - 161 კგ) ლონდონის თამაშების ოქროს მედალი ორ-ორგზის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა, 2010 წლის აზიის თამაშების გამარჯვებულმა სვეტლანა პოდოვედოვამ (ყაზახეთი) მოიპოვა.

ატაცსა (131 კგ) და ორჭიდში (291 კგ) ოლიმპიური რეკორდით მეორე ადგილი (პირადი წონით იგი ყაზახ სპორტსმენზე მძიმე აღმოჩნდა) დაიკავა ათენის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა, მსოფლიოს ჩემპიონატების სამგზის ვერცხლის მედალოსანმა და ხუთგზის ევროპის ჩემპიონმა ნატალია ზაბოლოტნაიამ (რუსეთი). 269 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი ირინა კულეშას (ბელარუსი) ერგო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული