ირაკლი თურმანიძე - მესამე და სამართალი

AutoSharing Option
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძალოსანთა სამკაციანი ნაკრების წევრია 27 წლის ჩაქველი მძიმეწონოსანი ირაკლი თურმანიძე, რომელმაც წლეულს საგრძნობლად გააუმჯობესა საკუთარი შედეგები და ლონდონის ფიცარნაგზე საკმაოდ მაღალი ადგილებისთვის შეუძლია პაექრობა.

ძალოსნობაში ვარჯიში 15 წლისამ დაიწყო ბესო ბასილიასთან. 2007 წელს თბილისში გადმოვიდა სავარჯიშოდ. 2010-11 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვანი სალიცენზიო ქულები მოუტანა.

შარშან ყაზანში, ევროპის ჩემპიონატზე, ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდში მე-4 ადგილი დაიკავა. წლეულს თურქულ ანტალიაში, სადაც უძლიერესმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, თურმანიძემ ატაცში იყოჩაღა - 195-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და სომეხ ჰაიკ აკობიანთან
ერთად პირველი-მეორე ადგილები გაინაწილა, მაგრამ, რადგანაც მეტოქეზე პირადი წონით ნაკლები იყო, ევროპის ჩემპიონატის მცირე ოქროს მედალი ჩვენებურს ერგო.

აკვრაში სამიდან ორი ცდა წარმატებით გამოიყენა. ორჭიდში 423 კილოს მოუყარა თავი და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ქართველ ძალოსანს კილოგრამით გაუსწრო პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანმა და ევროპის პირველობების სამგზის მესამე პრიზიორმა მატიას შტაინერმა (გერმანია), რომელმაც მე-2 ადგილი დაიკავა. ორჭიდში 429 კილოგრამით კონტინენტის ჩემპიონობა რუსლან ალბეგოვმა (რუსეთი) მოიპოვა.

ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი გაზაფხულზე გაიმართა. მას შემდეგ საკუთარი მაჩვენებლები საგრძნობლად გაზარდა ირაკლი თურმანიძემ. საქართველოს ჩემპიონატზე მან 197 კილოგრამი აიტაცა და 230 კილოგრამი აკრა, რითაც სამი ეროვნული რეკორდი დაამყარა.

როგორც ძალოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ გვითხრა, თურმანიძეს ატაცში 200 კილოგრამზე მეტის აწევა შეუძლია, რაც პირველი თუ არა, ოლიმპიადაზე მეორე-მესამე შედეგი მაინც იქნება. მეტოქეებს ჩვენებურის დაჩაგვრა აკვრაში შეეძლებათ, რადგან იგი მეტოქეებს პირადი წონით 30-40 კილოგრამით ჩამორჩება.

ბრიტანეთის დედაქალაქში 7 აგვისტოს თურმანიძე ოლიმპიურ ფიცარნაგზე მეტოქეობას გაუწევს მედლების რეალურ კანდიდატებს - 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონსა და ატაცში მსოფლიო რეკორდსმენ (214) ბეჰდად სალიმიკორდასიაბს (ირანი), ოლიმპიურ ჩემპიონ მატიას შტაინერს, ევროპის ჩემპიონ რუსლან ალბეგოვს, კორეელ იონ სანგ-გუნს, უკრაინელ არტომ უდაჩინსა და სხვებს.

ერთი სიტყვით, მედლების მაძიებლები მრავლად არიან. იმედია, მათ შორის თურმანიძესაც ვიხილავთ. ჩვენებური ასპარეზობას თბილისის დროით 22:00 სთ-ზე დაიწყებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული