მაიკ ტაისონი - დაუნდობელი სიმართლე [გაგრძელება]

AutoSharing Option
XVI თავ
გაოგნებულმა ყურმილი დავდე. კიკიმ და დედამისმა ამ საშინელი ამბის გაგების შემდეგ, ტირილი დაიწყეს, თითქოს ეს მათი შვილი ყოფილიყოს. დერილი მანქანას ეცა და ერთად წავედით აეროპორტში. კიკი და მილანი ფინიქსში წაიყვანა ზიპმა. დანიშნულების ადგილზე ჩასულმა, მაშინვე საავადმყოფოს მივაშურე.

დღემდე ვერ გამიგია, რა მოხდა მაშინ ან როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო. მხოლოდ ის მითხრეს, რომ ტრენაჟორის კაბელი რაღაცნაირად შემოეხვია ყელზე ჩემს ოთხი წლის გოგონას. როცა ჩემმა ვაჟმა მიგელმა თავისი და ასეთ მდგომარეობაში აღმოაჩინა, გაიქცა და ამის შესახებ შელის შეატყობინა, მან კი 911-ში
დარეკა. საავადმყოფოში მითხრეს, რომ ექსოდუსი რეანიმაციაში ჰყავდათ, მაგრამ გადარჩენის იმედი არ არსებობდა.

გაცოფებული ვიყავი. მინდოდა, ამის გამო ვიღაცას მწარედ გადაეხადა. შემდეგ, სიკვდილის პირას მყოფი სხვა ბავშვების მშობლები შემომეხვინენ. ისინი ჩემთან მოდიოდნენ და მითანაგრძნობდნენ. ახლა, მე მოვხვდი იმ კლუბში, რომელშიც ყოფნასაც არავის ვუსურვებ - დამწუხრებული მშობლების კლუბი.

ასეა თუ ისე, დღემდე ბევრი კითხვა დარჩა უპასუხოდ. ჩემი აზრით, არ ჩატარდა სერიოზული გამოძიება. ექსოდუსის დაკარგვით, მწუხარებისა და უმწეობის მწარე გრძნობა განვიცადე. ჩემი ვაჟი მიგელი აღარ იქნება ისეთი მხიარული, როგორიც ადრე იყო. მას ყოველთვის თან გაჰყვება მოგონება - როგორ აღმოაჩინა თავისი და სიკვდილის პირას. როგორ შეიძლება ამგვარი ტრაგედიისგან მიღებული ჭრილობების მოშუშება?

წიგნში "ანონიმური ალკოჰოლიკები" ამის შესახებ არაფერი წერია. მითხარით, რომელ წიგნში შეიძლება ამის შესახებ ამოვიკითხო. ექსოდუსი - ერთადერთია ჩემს ცხოვრებაში, რაზეც არანაირი გამართლება არ არსებობს. და ვიღაცამ უნდა გადაიხადოს მისი სიკვდილის გამო და მიიღოს ეს ტკივილი, თუნდაც ეს ადამიანი მე ვიყო.

აგერ უკვე ოთხი წელია, რაც ის გარდაიცვალა და დღემდე არ ვიცი, როგორ გადავიტანო ეს ამბავი. ხშირად ვფიქრობ, რომ იქ ჩემი ყოფნის შემთხვევაში, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.

კიკი და დანარჩენები სასტუმრო W-ში დაბინავდნენ. იმავე საღამოს მივედი იქ, გატეხილი და განადგურებული. ყველა ცდილობდა ჩემს დამშვიდებას, მაგრამ როგორ უნდა დაამშვიდო ის, ვინც საკუთარი შვილი დაკარგა? ვცდილობდი საკუთარი თავი ხელში ამეყვანა, მაგრამ, უბრალოდ, ავქვითინდი დ მხოლოდ შემდეგ ვცადე ჩემი თავის გამხნევება. საერთოდ არ მინდოდა ნარკოტიკებთან მიკარება, ამიტომაც, კიკიმ რაღაც ჩინური ბალახეულობა მომცა დასამშვიდებლად.

ექსოდუსი აპარატიდან მომდევნო დღეს გამორთეს. საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა გამეკეთებინა დაკრძალვაზე. უნდა ვმდგარიყავი და ყველასთვის მადლობა მეთქვა მოსვლისთვის და მხარდაჭერისთვის.

ასეც ვიქცეოდი.

- დიდი მადლობა, რომ მოხვედით, - სიტყვებს ძლივს ვუყრიდი თავს.

არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, ამიტომაც დავჯექი. შემდეგ ისევ წამოვდექი და ამასობაში, ჩემმა ვაჟმა ამირმა დაიწყო ლაპარაკი. მიუხედავად იმისა, რომ სრულ სასაწორკვეთილებაში ვიყავი, მაინც ვაცნობიერებდი რა ხდებოდა და ვაანალიზებდი მის სიტყვებს. ამირმა მოყვა ისტორია თავის დაზე და ამას ძალიან მშვიდად აკეთებდა, ძალიან კარგად.

"ჯანდაბა, რა ხდება აქ?" - არ ვიცოდი რა მეფიქრა. ხდებოდა შემდეგი: უფროსი ძმა ყვებოდა დაზე, რათა იქ მყოფებს მეტი გაეგოთ გარდაცვლილის შესახებ. ის გასაოცარ რამეს აკეთებდა. როცა დაასრულა, თავი გაცილებით უკეთ ვიგრძენი.

ყველა გვერდში გვედგა, როგორც შეეძლო. მოვიდა მერილინი, ის ჩემს გვერდით იჯდა. მან, როგორც ომის ვეტერანმა, კარგად იცოდა, რა იყო სიკვდილი. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მონიკამ. ამირი და რეინი ყოველთვის ახლოს იყვნენ მიგელთან და ექსოდუსთან, და იმ დროს, როცა აღარაფერი გამაჩნდა, მონიკა მათ ბინის ფულს უხდიდა და სხვა ხარჯებსაც თავის თავზე იღებდა.

იქ იყო ჩემი უფროსი ქალიშვილი მაიკი, ჩემი გერი ჯინა. ამაყი ვიყავი იმის გამო, რომ ჩემი ყველა შვილი მოვიდა საკუთარი დისთვის პატივის მისაგებად. ისინი ერთმანეთის გვერდით იდგნენ და ეს მყარი კავშირი იყო. მე და კიკიმ გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ მილანი სასტუმროში დარჩებოდა, რათა შემთხვევით არ გვემოქმედა შელის გრძნობებზე, რომელმაც შვილი დაკარგა. ამ ტრაგედიის ფონზე, ყველა ერთი დიდი ოჯახი ვიყავით.

ექსოდუსის დაკრძალვა კარგად იყო ორგანიზებული. ჩვეულებრივ, შინ ესპანურ მუსიკას უსმედნენ, მისი საყვარელი მომღერალი კი ნიგა იყო - რეგეტონის ვარსკვლავი (რეგეტონი - მუსიკალური სტილი და ცეკვა.

წარმოიშვა პანამასა და პუერტო რიკოში რეგის, დენსჰოლისა და ჰიპ-ჰოპის გავლენით და ფართოდ გავრცელდა აშშ-ში მცხოვრებ ლათინოამერიკელებში) პანამიდან. დავურეკე ლუის დე კუბას, რომელმაც რობერტო დურანს შემახვედრა. რობერტოს ვაჟმა თავისი კავშირები გამოიყენა და ნიგა მოვიდა ჩვენთან - იმღერა და დაუკრა.

შესანიშნავი ბიჭი იყო. დღემდე ვერ ვაცნობიერებდი, რამდენად მომწონდა დურანი. არ ვიცი, როგორ გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ ნიგას ჩამოსვლის ორგანიზება შეძლო ჩემი ქალიშვილის საპატივცემულოდ. ყოველთვის ვალში ვიქნები მისი და ნიგას წინაშე უსაზღვრო თანაგრძნობისთვის. მინდოდა რაღაც გამეკეთებინა მათთვის.

მადლობა ყველას ეკუთვნოდა. ყველა ხარჯმა, მათ შორის, სამედიცინო ანგარიშებმა და თავად დაკრძლავის ორგანიზებამ, 200 ათასი დოლარი შეადგინა და ეს თანხა შემოწირულობებით გადავიხადე.

კიდევ რამდენიმე დღე დავრჩით ფინიქსში, შემდეგ ლას ვეგასში დავბრუნდით. ჩემთან ერთად წამოვიყვანე მიგელი, რადგან შელი ძალიან განიცდიდა ექსოდუსის სიკვდილს. ჩემი უფროსი ქალიშვილი მაიკიც ჩვენთან ერთად წამოვიდა. ასე რომ, ახლა, ჩვენს პატარა სახლში ჩემთან, კიკისთან და რიტასთან ერთად, ჩემი ყველა შვილი ცხოვრობდა.

უცნობი ადამიანების მხრიდან მხარდაჭერისა და თანაგრძნობის გამოხატვამ მართლაც შემძრა. იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ ვიგრძენი სურვილი - საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეები მეკეთებინა და არ ვყოფილიყავი შეშლილი მხოლოდ საკუთარ თავზე და პრობლემებზე. მინდოდა გამეგო - როგორ შემეწყვიტა ჩემი შემთხვევითი კავშირები და გავმხდარიყავი მხოლოდ ერთი ადამიანის ერთგული.

მინდოდა გამეგო, როგორ გავმხდარიყავი დალაგებული ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა თავის საქციელზე; ისიც არ ვიცოდი - როგორ გავმხდარიყავი ნამდვილი მამა.

არ ვიცოდი ეს როგორ გამეკეთებინა, მაგრამ ძალიან მინდოდა ეს. ამდენი ფულის, დიდებისა და ტიტულების მოხვეჭის შემდეგ, მე მხოლოდ განქორწინებებითა და ბევრი უკანონო ობოლი შვილით შემეძლო ტრაბახი. მაგრამ, ექსოდუსის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, ჩემი ცნობიერება შეიცვალა. მივხვდი, რომ ყველაფერი, რაც აქამდე ჭეშმარიტება მეგონა, ტყუილი ყოფილა, ამიტომაც, ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული