მაიკ ტაისონი - დაუნდობელი სიმართლე [გაგრძელება]

AutoSharing Option
ყოველ ჯერზე, როცა ნარკოტიკებზე უარს ვერ ვამბობდი, მრცხვენოდა, სახლში კიკისთან, დედამისთან და ბავშვთან ასეთ მდგომარეობაში რომ ვბრუნდებოდი. ღორივით გაოფლიანებული ვიყავი და რიტა ცივ კომპრესებს მიკეთებდა იმ დროს, როცა კიკი საშინლად ჩხუბობდა.

- ვერ ხედავ, დედაშენი როგორ მექცევა? არაფერი არ მითხრა, ბოზო, - ვასწავლიდი კიკის. - დედაშენივით მოიქეცი.

- დედაჩემი არ არის შენზე დაქორწინებული, - მიპასუხა მან.

ჩემი დაბადების დღიდან ცოტა ხანში, ერთ-ერთ მეგობართან წავედი და მთელი ღამე კოკაინს ვიღებდი. კიკიმ ვერ დაიძინა, რადგან შინ არ დავბრუნდი და "გუგლით" დაიწყო ჩემი
სახელის ძიება. უნდოდა გაერკვია - ხომ არ დამაპატიმრეს. უცებ დაიყვირა და რიტასთან ოთახში გაიქცა.

- მაიკი მკვდარია! ახლახან ვნახე ინტერნეტში!

იქ ეწერა, რომ მეგობართან ერთად აღვნიშნავდი დაბადების დღეს და გულის შეტევით გარდავიცვალე.

რიტამ ტელეფონი აიღო და მორგში დარეკა.

- თქვენთან მაიკ ტაისონი ხომ არ მოუყვანიათ? - იკითხა მან.
- რატომ კითხულობთ? - უპასუხეს იქიდან.
- იმიტომ, რომ ის მოკვდა, - თქვა მან.
- როგორ გაიგეთ, რომ მოკვდა?

- ამაშია საქმე. ჩვენ არ ვიცით, მოკვდა თუ არა, ამიტომაც გირეკავთ, - ახსნა რიტამ. - მე მისი სიდედრი ვარ. გვინდა გავიგოთ, თქვენთან ხომ არ არის მისი გვამი?

მათ რიტას მოცდა სთხოვეს, შემდეგ ერთმა ბიჭმა უპასუხა:

- არა, ასეთი სახელით ჩვენთან არავინ არის.

მომდევნო დღეს დავბრუნდი - კმაყოფილი და უდარდელი.

- გამარჯობა, ბავშვებო, - თქვი მე. ძლიერი კაიფის ქვეშ ვიყავი.

- უბრალოდ, იდიოტი ხარ! - თქვა კიკიმ. - ყველგან გეძებდი, ინტერნეტში შევედი, იქ კი ვნახე შეტყობინება, რომ გულის შეტევით მოკვდი.

სიცილი დავიწყე.

- ცნობა ჩემი სიკვდილის შესახებ ძლიერ გადაჭარბებულია, - მოვახდინე მარკ ტვენის ციტირება.

კიკის სულაც არ ეჩვენებოდა ეს ყველაფერი სასაცილოდ. მან მილანი ხელში აიყვანა და წამოიძახა: "აქედან მივდივარ!" - კიბეებზე ჩაირბინა და მანქანისკენ წავიდა.

- სად მიდიხარ? - ჰკითხა რიტამ.
- უბრალოდ, მივდივარ, - უპასუხა კიკიმ. - შენ მასთან რჩები?
- დიახ. ვიღაც ხომ უნდა დარჩეს, - თქვა რიტამ.

- ნუ ნერვიულობ, დედა. მე ვიზრუნებ თქვენზე, - განვაცხადე მე, თითქოს, ნარკოტიკებით გაბრუებულს, ვინმეზე მზრუნველობა შემეძლო. ფეხზე ძლივს ვიდექი.

კიკიმ ორთქლი გამოუშვა და სახლში დაბრუნდა. მას ის აწუხებდა, რომ ქორწინება მაიძულა და სწორედ ამის გამო ვჩხუბობდით.

- ბრაზობ ჩემზე? - დაინტერესდა ის.

- შენ ხომ იცი, ვერავინ მაიძულებს გავაკეთო ის, რაც არ მინდა, - ვაწყნარებდი კიკის.

უკვე თავად მომბეზრდა ჩემი ნარკოტიკული გადახვევები. მანამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოვიდა ფილმი "წვეულება ვეგასში" და მან დიდი წარმატება მოიპოვა. ერთხელ დოზა მივიღე და რეჟისორ ტოდ ფილიპსს დავურეკე.

- ტოდ, მისმინე, როდის არის შემდეგი ფილმი? ისევ მინდა გადაღება, ტოდ. არ მომატყუო, მეგობარო.

იმასთან დაკავშირებით, რომ "გართობა ვეგასში" ნომინირებული იყო Teen Choice Awards-ზე (ახალგაზრდული ჯილდო, რომელიც დააწესა ტელეკომპანია Fox-მა. გამოკითხვაში მონაწილეობენ 13-19 წლის მოზარდები), ივლისში ყველანი ლოს ანჯელესში გავემგზავრეთ. თან წავიყვანე რეინი - ჩემი ქალიშვილი მონიკასგან და ის ძალიან ბედნიერი იყო იქ "ჯონას ბრაზერსთან" (პოპულარული ამერიკული პოპ-ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში სამი ძმა შედის - კევინ ჯონასი, ჯო ჯონასი, ნიკ ჯონასი) შეხვედრით. ეს ბიჭები იქ წამყვანებივით იყვნენ და უნდოდათ პაროდიის მოწყობა ჩემი მონაწილეობით. მე უნდა გამოვსულიყავი სადისტი პარიკმახერის როლში, რომელიც ერთ-ერთ ძმას გაკრეჭდა.

რამდენიმე კვირის შემდეგ ისევ დავბრუნდით ლოს ანჯელესში ESPY-ს (ტელეარხ ESPN მიერ დაწესებული პრემიები, რომელიც სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცემა საუკეთესო სპორტსმენებს) ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე დასასწრებად. ამ მგზავრობამ წინაზე ცუდად ჩაიარა. ფული იმდენად არ გვყოფნიდა, რომ თავს უფლება ვერ მივეცით, ზედმეტად დავრჩენილიყავით სასტუმროში, რომელშიც ტელეარხმა ESPN-მა დაგვასახლა. ცერემონიის შემდეგ, უკანა გზაზე მე და კიკიმ ვიჩხუბეთ. ამიტომაც, როცა სასტუმრომდე მივაღწიეთ, ის, მილანი, რიტა და დერილი ზემოთ, ნომერში ავიდნენ, მე კი ჩუმად ჩემს მანქანაში შევძვერი. თან მქონდა ცოტაოდენი კოკაინი, რომლის შესახებ მათ არაფერი იცოდნენ და დროდადრო ვერთობოდი, თან ვსვამდი კიდეც. ასე რომ, იმ საღამოს საკმაოდ მთვრალი ვიყავი. მანქანა დავქოქე და უცებ გამახსენდა, რომ ტელეფონი ავტოსადგომზე, სკამზე დამრჩა. მანქანიდან გადმოვედი და ტელეფონი ავიღე, მაგრამ, შემთხვევით, მანქანის კარი ჩაიკეტა. მაყურებლები ცერემონიას ტოვებდნენ და დავინახე ახალგაზრდა თეთრი ლედი, რომელთანაც ერთი ღამე გავატარე რამდენიმე წლის წინ. ისიც სასტუმროში ცხოვრობდა.

- გამარჯობა, როგორ ხარ? - ვკითხე მე.

შემომხედა და შეეშინდა. მიხვდა, რომ ბოლომდე წესრიგში არ ვიყავი.
- არა, არა, უბრალოდ, ჩემს ნომერში მივდივარ, - თქვა მან და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.

გადავწყვიტე, რომ მისთვისაც ეს იყო მხოლოდ ერთი ღამით შეხვედრა. დავრეკე "ამერიკის საავტომობილო ასოციაციაში", ისინი მოვიდნენ, ჩემი მანქანა გახსნეს და ფულიც არ გამომართვეს. საჭესთან დავჯექი და წავედი. ჩემს ერთ მეგობარს ბევერლი-ჰილზე საღამო ჰქონდა.

იქ ბევრი კოკაინი იქნებოდა, ამიტომაც ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გამეშვა. მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, როგორ მიმეღწია ლოს ანჯელესის ცენტრიდან ბევერლი-ჰილზის გზატკეცილამდე. ეჭვი მაქვს, რომ ჩამთვლიმა, შემდეგ კი უცნაურად მოვუხვიე. უკანა ხედვის სარკეში ნათურები დავინახე და ბრძანება გავიგონე: "მანქანა გზის პირას გააჩერეთ!" იმდენად ვიყავი გამოთაყვანებული, რომ არათუ ბორდიურთან გავაჩერე, არამედ, ჯანადაბა, მასზე ავედი. "ჯანდაბა!" - გავიფიქრე მე. ისევ ციხე მემუქრებოდა. პოლიციელი თავისი მანქანიდან გადმოვიდა და მომიახლოვდა. შუშა ჩავწიე.

- მაიკ ტაისონი! აი, მესმის! - წამოიყვირა მან. - მისმინეთ, ძალიან მაგრად გამოგივიდათ "წვეულება ვეგასში"! მაიკ, გარკვეული ხანი უკან მოგყვებოდით. მუდმივად ზიგზაგებით მოძრაობდით.

გამახსენდა კასის დარიგებები. როგორც კი პოლიციელის ხმაში კეთილგანწყობა გავიგონე, მის მიმართ მაქსიმალურად კეთილი გრძნობები გამოვიჩინე. მომიწია ამის გაკეთება, რადგან მართვის მოწმობა დროებით გაუქმებული მქონდა და თან მანქანის დოკუმენტები სასტუმროში დამრჩა.

- მისმინე, მეგობარო. ბოდიში, თუ მანქანა მთლად სწორად არ დამყავდა. საქმე ისაა, რომ ცოტათი გზა ამებნა. ვეძებ ბევერლი-ჰილზე ჩემი მეგობრის სახლს. მაგრამ არ ვიცი, გზატკეცილამდე როგორ მივაღწიო. ხომ ვერ დამეხმარებით? აი, მისამართი.

და მივაწოდე ჩემი მეგობრის მისამართი. მან აიღო ქაღალდი და თავისი მანქანისკენ წავიდა. იქ ძალიან დიდი ხანი იქექებოდა, შემეშინდა კიდეც, რომ ჩემ შესახებ მონაცემებს ამოწმებდა და ახლა გაარკვევდა, რომ ჩემი მართვის მოწმობა დროებით გაუქმებული იყო. ძალიან ვინერვიულე. ბოლოს და ბოლოს, დაბრუნდა ჩემს მანქანასთან.

- მაიკ, გავარკვიეთ სად არის ეს სახლი. გამოგვყევით და გზას გიჩვენებთ.

დიახ! ამ საღამოს მეტად წარმატებით გავათამაშე ჩემი სახელგანთქმულობის ბარათი, სახელწოდებით "ციხიდან გათავისუფლება" (ბარათი "მონოპოლიას" თამაშში). არ მგონია, რომ ოფიცერს ჩემ მიმართ რაიმე განსაკუთრებული სიმპათიის გამოხატვა უნდოდა, მაგრამ, საბოლოოდ, ეს გააკეთა. მათ საღამოზე მიმიყვანეს, ფაქტობრივად, კარამდე მიმაცილეს.

ჩემი მეგობარი ძლიერ გაკვირვებული დარჩა, როცა ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ორი ოფიცრის თანხლებით დამინახა.

- მაიკ ტაისონს თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშ ვტოვებთ და უმჯობესია, დარწმუნდეთ, რომ დილით ის მშვიდობიანად მიაღწევს სახლამდე. თუ გავიგებთ, რომ ის საჭესთან იჯდა - გაითვალისწინეთ, თქვენი მისამართი უკვე ვიცით, - თქვა ერთ-ერთმა პოლიციელმა.

არაფერი ისე არ აფუჭებს კაიფს, როგორც კოკაინის საღამოზე ორ პოლიციელთან ერთად გამოცხადება. ამიტომაც, როცა პოლიციელები წავიდნენ, ყველამ დაასრულა გართობა. დავბრუნდი ჩემს მანქანასთან - საშინლად მთვრალი და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და რაღაცნაირად მივაღწიე "ბევერლი ჰილტონის" სასტუმრომდე. იქ ჩემი მანქანა დავაგდე და სასტუმროში შევედი დასალევად და კოკაინის ახალი დოზისთვის დასარეკად. როცა დავბრუნდი, ავტოსადგომის მოსამსახურემ მანქანის გასაღები აღარ მომცა.

- არ შეგიძლიათ ასეთ მდგომარეობაში მანქანის მართვა. მე ვუდარაჯებ მას, - თქვა მან. ამიტომაც კიკის დავურეკე და წაყვანა ვთხოვე. სანამ ის მოვიდა, გადაწყვეტილება შევცვალე, ტაქსი დავიჭირე და სანსეტ ბულვარზე წავედი ჩემი მეგობრის, მარკის "სიგარის ბარში". თავად მარკი ადგილზე არ დამხვდა, მაგრამ იქ იყო მისი პარტნიორი. როგორც კი დამინახა, შეშფოთდა, სასწრაფოდ ყველა გარეთ გაისტუმრა, ბარი დაკეტა და მარკს დაურეკა. ის მოვიდა და წამიყვანა ჩემი მეგობრის, ჯეფ გრინის სახლში.

ამასობაში, კიკი სასტუმროში მივიდა და იქ ჩემი მანქანა აღმოაჩინა, მაგრამ მე ვერ მიპოვა. მეგობრებისგან გაიგო, სადაც ვიყავი, მაგრამ იმ მომენტისთვის, როცა მან "სიგარის ბარამდე" მიაღწია, იქიდან უკვე დიდი ხნის წასული ვიყავი. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი გზები სანსეტ ბულვარზე სასტუმრო "ანდაზში" გადაიკვეთა, სადაც ღამე გავატარეთ ლას ვეგასში დაბრუნებამდე.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული