მაიკ ტაისონი - დაუნდობელი სიმართლე [გაგრძელება]

AutoSharing Option
მექაში მგზავრობამ საოცარი გამოცდილება შემძინა. კიდევ უფრო მივუახლოვდი საკუთარ რწმენას. ამასთან, ჩემი ზოგიერთი მუსულმანი ძმის მოქმედებამ ჩემს სულში ეჭვები წარმოშვა. ჩასვლისთანავე ჩემი მგზავრობის ფართოდ გაშუქება დაიწყეს - მათ უნდოდათ ყველასთვის ეჩვენებინათ, რომ ისლამი უკეთესია, ვიდრე ქრისტიანობა ან სხვა რომელიმე რელიგია. და საქმე მხოლოდ იმაში არ იყო, რომ მე, როგორც პიროვნება, უკეთესი გავხდი. ეს უფრო იმას ჰგავდა:

"ჩვენ გვყავს მძლავრი მაიკ ტაისონი, რომელიც მექაში მოგზაურობს!" მათ არ აღელვებდათ ჩემი პიროვნება, არამედ რეკლამის გამო იყვნენ შეშფოთებულნი. უბრალოდ, სულელი ზანგი ვიყავი, ყოველთვის უნდოდათ
ჩემი გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის.

"ჩვენ ისე გავაკეთებთ, რომ ამერიკამ იცოდეს - თქვენ კეთილშობილი მუსულმანი ხართ", - დაახლოებით ასეთი რამ მითხრეს.

და საკუთარ თავს შეკითხვებს ვუსვამდი: "ჯანდაბა, თუ არასოდეს ვყოფილვარ კეთილშობილი ქრისტიანი, როგორ ვაპირებ გავხდე კეთილშობილი მუსულმანი?"
რელიგია უნდა იყოს ადამიანში და არა ადამიანი - რელიგიაში. ბავშვების სულელურ ლაპარაკს ჰგავს ის, როცა ისლამის გამოჩენილი წარმომადგენლები ერთმანეთში ჩხუბობენ: "ჩემი მღვდელი უკეთესია, ვიდრე ჩემი!"

მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკური პრობლემის მიუხედავად, თავს იქ კარგად ვგრძნობდი. და ყველას ასეთივე შეგრძნება ჰქონდა. ასიათასობით ადამიანი, ყველა ერთნაირი ჩაცმულობით, ჩამოვიდა იქ, რათა შეესრულებინა რელიგიური რიტუალი და მოერჯულებინა საკუთარი თავი. საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვიყავი.

მგზავრობამ დამშვიდებისა და მობილიზების საშუალება მომცა. ეს დამეხმარა იმაზე კონცენტრაციაში, რაც შინ დაბრუნების შემდეგ უნდა გამეკეთებინა. არ იყო აუცილებელი, ჩემი ცხოვრება ისლამის ჭრილში ამეგო. სწორი ცხოვრება მინდოდა - უფრო სუფთა, ნარკოტიკებისა და მისგან გამოწვეული პრობლემების გარეშე. ამ მგზავრობამ ახალი სულიერი ძალები მომიტანა. ეს საჭირო იყო.

ამ მგზავრობის დროს მივხვდი, რომ ვერასოდეს გავხდებოდი სიკეთის მთესველი მუსულმანი, ამ სიტყვის ზუსტი გაგებით. მე ხომ საკუთარ რწმენაში ბევრი რამ შევიტანე ჩემი წარსულიდან. თუმცა, შემეძლო მომესმინა სასულიერო პირების სწავლებები და მეცადა ცხოვრება ისე, რომ არ გადამეხვია მათი სიბრძნეებიდან, ოღონდ ეს ჩემებურად უნდა გამეკეთებინა, შემეფასებინა ადამიანები მათი სიკეთის მიხედვით.

ჩემთვის იოლი არ იყო ასე ცხოვრება. თუ ისლამს ზედმიწევნით მისდევ, მაშინ კარებთან დაგებულ ხალიჩას ემგვანები, ხდები სუსტი და დაჩაგრული. არ მინდა, ჩემი ცხოვრება ასე გავიარო. ასე ცხოვრება - სულაც არ ნიშნავს, იყო მორწმუნე, ეს ნიშნავს, იყო მორჩილი. და რეალურად, არც ერთ ჩვენგანს არ აქვს უნარი, მორჩილის ცხოვრებით იარსებოს. და თუ თქვენ ახსენებთ სიტყვას - "მორჩილი", ეს უკვე თავისთავად ლაპარაკობს იმაზე, რომ თქვენ არ ხართ მორჩილი. ადამიანის დანიშნულება არ არის, იყოს მორჩილი, მისი დანიშნულებაა - შეეგუოს.

ვერ ვიქნებოდი მორჩილი, როცა ამ ზღვა ხალხის პირველ რიგებში მიკრეს თავი, რათა შავი ქვისთვის მეკოცნა. ეს ქვა ჩაშენებულია მექას ძველი ქვის შენობის - ქააბის აღმოსავლეთ კუთხეში. ეს შენობა მთელი მსოფლიოს მუსულმანებისთვის სალოცავი ადგილია. მექაში ყოფნისას, აუცილებელია ამ ქვას შვიდჯერ შემოუარო და თუ გაგიმართლებს, აკოცო მას. მომლოცველები ბევრნი არიან, ბევრი მათგანი მექაში ძალიან ხშირად ჩადის, მაგრამ შავი ქვის კოცნას ვერ ახერხებს. მე კი მას ნახევარ საათში ოთხჯერ ვეამბორე.

იქ ყოფნისას, ყველანი დაგვყვეს, როგორც წითელი ზღვა ყოფს ორ კონტინენტს და მე პირდაპირ იქ მიმიყვანეს. მორწმუნეები გვერდზე გასწიეს იმისთვის, რომ შევხებოდი ქვას ჩემი კოკაინით დაბინძურებული და ავადმყოფი ტუჩებით. ამის გამო საშინელ ხასიათზე დავდექი. ისინი ცდილობენ, უკეთ ვიგრძნოთ თავი, ვიდრე სხვებმა და შევიყვაროთ რელიგია, მაგრამ, როცა ასეთი პრივილეგიას მაძლევენ, მე ვპასუხობ: "საშუალებას გვაძლევთ, წინ წავიწიოთ და ამ შესანიშნავ ადამიანებს უკან ტოვებთ? მე არ მინდა ამაში მონაწილეობის მიღება". როგორც გრაუჩო მარქსი (ამერიკელი კომიკოსი მსახიობი) ამბობდა, "არასოდეს დავთანხმდები იმ კლუბის წევრობას, რომელიც მზად არის, თავის რიგებში მიმიღოს".

თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ კიკის არ შეეძლო ჩემთან ერთად მექაში სამოგზაუროდ წამოსვლა. ორი კვირა არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს - მას შემდეგ, რაც მან ევროპა დატოვა. ორივეს გვესმოდა, რომ ეს შეიძლებოდა ჩვენი ქორწინების დასასრული ყოფილიყო. მექადან დავურეკე, ბოდიში მოვუხადე და ერთმანეთს შევპირდით, რომ დავივიწყებდით ბოლო ჩხუბს.

კიკი გულში ღრმა ქრისტიანი იყო. ასე იყო აღზრდილი. მის ხასიათში ბევრი რამ იყო ქრისტიანის. დედამისი იმამს გაჰყვა ცოლად და ეს ამ ქალის ცხოვრების მკვეთრი ცვლილება აღმოჩნდა, რისი წყალობითაც მან ჰიჯაბის (ქალების ტრადიციული მოსასხამი, რომელიც ფარავს სახესა და ფიგურას) ტარება დაიწყო. რაც შეეხება კიკის, ის თავისუფალი იყო თავის სიყვარულში. მას სურს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს საქმეებში, ამასთან, ისლამურ მორალს ინარჩუნებს. თუმცა, როგორც შავი ამერიკელი, ვერ მოითმენს, თუ მისი მეუღლე ოთხ ცოლს გაიჩენს, თუნდაც ამის უფლებას ყურანი მაძლევდეს.

დეკემბერში ფარიდთან ერთად აზიაში გავემგზავრე. დამნიშნეს კრივის ელჩად ჩინეთში. იქ "სანიმუშოდ" ვიქცეოდი. მომიახლოვდა ერთი ბიჭი და მითხრა, რომ ჩინეთში ჩამოსულ რინგის ყველა "ვარსკვლავს" მარიხუანათი ამარაგებს.

- თქვენ ვერ იქნებით ჩემი მეგობარი, - ვუთხარი მას. - ალბათ, ჩემთვის ხაფანგის დადება გინდათ. ხომ იცით, რომ აქ მარიხუანას ერთი სიგარეტისთვის დახვრეტაა.

ამის შემდეგ ჩინეთიდან ბანგკოკში გავემგზავრეთ, სადაც იღებდნენ ფილმს - "წვეულება 2: ვეგასიდან ბანგკოკამდე". ჯერ კიდევ გადაღებამდე წარმოიშვა გარკვეული უთანხმოებები. გაფორმდა კონტრაქტი მელ გიბსონთან, რომლის მიხედვითაც, მას უნდა ეთამაშა ბანგკოკელი ტატუების მხატვრის ეპიზოდური როლი. მაგრამ ზაკი და ჯგუფის სხვა წევრები ტოდთან მივიდნენ და მოითხოვეს, რომ უარი ეთქვა გიბსონის სამსახურზე. პირადად მე არ მივიყვანდი საქმეს აქამდე. ერთხელ შევხვდი მელ გიბსონს და ჩემთვის ის ნამდვილი ჯენტლმენი იყო. რა თქმა უნდა, სიმთვრალისას მისი ანტისემიტური გამონათქვამები დასაგმობი იყო, მაგრამ, ჩვეულებრივ, მე თავს ვიკავებ ვინმეს თავიდანვე განსჯისგან. როცა მკითხეს, რას ვფიქრობ მის გათავისუფლებაზე, მხოლოდ ამის თქმა შემეძლო: "თითოეულ ჩვენთაგანში არის ეს ბიჭი - მელ გიბსონი".

კიკის მშობიარობა ახლოვდებოდა და მას არ შეეძლო ჩემთან ერთად გადაღებაზე წამოსვლა. სამწუხარო იყო, რადგან მოსწონდა ტაილანდი. იქ ყველაფერი ლამაზი იყო. სცენას ჩემი მონაწილეობით კუნძულზე იღებდნენ და მე მქონდა დიდი ნომერი სასტუმროში "წელიწადის დროები" ფანტასტიკური ხედით ოკეანეზე. როცა აეროპორტიდან მოვდიოდით, გზაზე საიდანღაც სპილო გამოვიდა.

იმ დროისთვის უკვე მოკლებული მქონდა 100 ფუნტი (45 კილოგრამი), ასე რომ, სიამოვნება მომანიჭა ჩემს კულმინაციურ სცენაში გადაღებამ, რომელშიც ვიმღერე "ერთი ღამე ბანგკოკში". ტოდთან და სხვა მსახიობებთან პირველი ნაცნობობისგან განსხვავებით, ეს ცა და დედამიწა იყო. ახლა აბსოლუტურად ფხიზელი ვიყავი და თითოეული წამისგან სიამოვნებას ვიღებდი. ადრე, კაიფის ქვეშ მყოფი, ვაიძულებდი ყველას, ჩემ გარშემო ერბინათ და ხან რა მოეტანათ და ხან რა. ახლა კი, სანამ საჭირო არ ვიყავი, საკუთარი ნომრიდან არ გამოვდიოდი. ტოდი თავის გუნდთან ერთად, ალბათ, ფიქრობდა, რომ უბრალოდ ნაძირალა ვიყავი, რომელსაც სხვის ხარჯზე ცხოვრება მოსწონდა. მაგრამ მე უკიდურესად მადლიერი ვარ მათი, რაც ჩემთვის გააკეთეს. ამ ბიჭებთან ვალში ვარ.

დავბრუნდი ლას ვეგასში და იანვრის დიდი ნაწილი კიკისთან ერთად გავატარე - ჩემი ვაჟის მოლოდინში. რთული პერიოდი გადავიტანეთ და ახლა, მართლაც, ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს. ფეხმძიმობის 27-ე კვირაში კიკის ნაადრევი მშობიარობის საფრთხე დაემუქრა. ამიტომაც წოლითი რეჟიმი და რაღაც წამლები დაუნიშნეს. შემდეგ ყოველ კვირას უწევდა მიღებაზე წასვლა ბავშვის გულისცემაზე ჩვენების მისაცემად. მასთან ერთად ყველა მიღებაზე ვიყავი და მთელი დრო მუცელზე ვეფერებოდი. მომწონდა კიკისთან ერთად ყოფნა და მინდოდა კარგი მშობელი ვყოფილიყავი. არ ვიცი, მქონდა თუ არა შესაბამისი თვისებები, მაგრამ სურვილი არსებობდა. მშობიარობა ხელოვნური უნდა ყოფილიყო. კიკი საავადმყოფოში 24 იანვარს, საღამოს მივიყვანე, ჩვენი ვაჟი მაროკო კი მომდევნო დღეს, შუადღეზე გაჩნდა. კიკი საავადმყოფოში მოვაწყვე და დილის ოთხ საათზე შინ დავბრუნდი - ფიზიკური ვარჯიშების შესასრულებლად და ტანსაცმლის გამოსაცვლელად. შემდეგ საავადმყოფოში დავბრუნდი.

- შესანიშნავად გამოიყურები, - აღნიშნა რიტამ.
- ეს ხომ მნიშვნელოვანი მოვლენაა. დღეს ჩემი ვაჟი იბადება, - ვთქვი მე.

პალატაში ვიყავი, როცა ის დაიბადა. კიკის გვერდით ვიჯექი და ყოველ ჯერზე სასაცილო გამომეტყველებას ვიღებდი, როცა ჩემკენ გამოიხედავდა. არ მეგონა, თუ ასე ვინერვიულებდი. მაგრამ ის დაიბადა - რვა ფუნტი და 13 უნცია (დაახლოებით 3.9 კილოგრამი). თავიდანვე ლამაზი ბავშვი იყო.

(გაგრძელება იქნება)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული