მაიკ ტაისონი - დაუნდობელი სიმართლე [გაგრძელება]

AutoSharing Option
ჩემს სხვა გადაღებებს უკვე აღარ ახლდა ამგვარი პრობლემები. საკუთარ თავს ვთამაშობდი კომედიური სერიალის ("როგორ შევხვდი დედათქვენს") ერთ-ერთ ეპიზოდში. ეს, უბრალოდ, საოცარი გამოცდილება აღმოჩნდა.

სერიალს შესანიშნავ ქალებთან ერთად ვიღებდით, რომლებმაც სრულიად ოჯახური ტიპის ფილმი შექმნეს. ყველა სცენარისტი, პროდუსერი, დაცვის პერსონალიც კი ერთად მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა. ქალებს ისეთი რაღაცეების გაკეთება შეუძლიათ, რაც კაცებისთვის შეუძლებელია. იქ მუშაობა იგივე იყო, რაც დიდი პაზლის აწყობა - თითოეულს მოზაიკის საკუთარი ფრაგმენტი ჰქონდა და ყველა უნაკლოდ მოქმედებდა. შესანიშნავად გავატარე ეს დრო. არ ვიცი, კარგი მსახიობი ვარ
თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ სცენა მიყვარს და ვიცი, როგორ მოვიქცე იქ, რომ რაღაც დადებითი მივიღო.

2013 წლის 13 თებერვალს დაიწყო ჩემი ტურნე ქვეყნის მასშტაბით მონოსპექტაკლთან ერთად, რომელსაც ერქვა - "მაიკ ტაისონი - დაუნდობელი სიმართლე". უცნაური დამთხვევის შედეგად, პრემიერა ინდიანაპოლისში გაიმართა. სიმართლე გითხრათ, მეშინოდა იქ დაბრუნება, სადაც სამი წელი პატიმრობაში გავატარე. ზიზღის ობიექტად ვგრძნობდი თავს.

აეროპორტიდან სასტუმროში მისული, რეგისტრაციის გავლისა ვგრძნობდი, რომ რაღაც მაწვა ტვირთად, დისკომფორტის შეგრძნება მქონდა. წარმოდგენამდე ერთი დღით ადრე, ციხეში წავედი. ეს აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. თავდაპირველი კონტრაქტის თანახმად, უნდა გამომესყიდა დანაშაული ადამიანების მიმართ ჩემი ძველი ცუდი საქციელის გამო, რადგან ციხეში ყოფნისას, უბრალოდ, მხეცივით და პირუტყვივით ვიქცეოდი.

განცვიფრებული დავრჩი, როცა აღმოვაჩინე, რომ ციხის უფროსი სლავენი ისევ თავის ადგილას იყო. ჩემი პატიმრობის პერიოდში, ის ციხის უფროსის თანაშემწე იყო, ახლა კი თავად დაიკავა ეს თანამდებობა. სლავენი იქ 44 წელი მუშაობდა. ყოველთვის შესანიშნავი ბიჭი იყო. სასტუმროში მოვიდა და რამდენიმე საათი ერთად გავატარეთ. დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. მან ამიხსნა, რომ მისი თანამდებობის გათვალისწინებით, არ შეეძლო ჩემთან ურთიერთობა, მაგრამ უახლოეს პერიოდში პენსიაში გასვლასა და ჩემს მოძებნას აპირებს. სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. მთლიანად გაჭაღარავებული და გამხდარი იყო, მაგრამ საოცარ ენერგიას ფლობდა. ნამდვილი ქრისტიანი იყო: მისი დანახვისას გრძნობდით, რომ სულიერებას ასხივებდა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ცრემლები ვერ შევიკავე. არ მეგონა თუ ასე მოხდებოდა, მაგრამ ვიგრძენი, რომ მხრებიდან ტვირთი მომეხსნა. მივხვდი, რომ თავისუფალ ცხოვრებასთან დაკავშირებით პრობლემა არ მქონდა, ჩემი პრობლემა პატიმრობა იყო. სლავენის დანახვის შემდეგ, თავი განწმენდილად ვიგრძენი. ეს დაუჯერებელი იყო, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე შემეძლო ამგვარი გრძნობა განმეცადა.

ქვეყნის მასშტაბით ჩემი ტურნეს შემდეგ მივხვდი - როგორ გამერთო ადამიანები. სულერთი იყო - ჩემს წინაშე იქნებოდა 10 ათასი ადამიანი თუ მხოლოდ ხუთი. მომწონდა სცენაზე გამოსვლა. ეს იოლი არ იყო, რადგან ბუნებით მორცხვი ადამიანი ვარ. უკვე ბავშვობის ასაკში მქონდა სიტყვით გამოსვლის სურვილი. მაგრამ, როცა რაიმეს თქმას დავაპირებდი, ყოველთვის გამოჩნდებოდა ვიღაც ბიჭი, რომელიც მირტყამდა და მეუბნებოდა:

"ზანგო, ხმა ჩაიწყვიტე!" კასი პროპაგანდას უწევდა იდეას იმის შესახებ, რომ ჩემი მოწოდება - ადამიანების გართობა იყო. "თუ დამიჯერებ, მაშინ ყოველთვის, ოთახში შემოსულს, ყველა შენ მოგაშტერდება და თვალს არ მოგაცილებს. ოთახში მთელ სივრცეს შენ დაიკავებ", - ამბობდა ის. ფარშევანგივით ვგრძნობდი თავს. ვიცი, რომ ვეღარასოდეს ჩავრთავ "აქტუალურ ახალ ამბებს" (სატელევიზიო პროგრამა აშშ-ში, რომელიც 1974 წლიდან გადის ეთერში) და გავიგონებ: "მაიკ ტაისონმა სულ ახლახანს მოაწერა ხელი მრავალმილიონიან გარიგებას". ის დრო წავიდა. მაგრამ შემიძლია გავაგრძელო ხალხის გართობა. ვეღარ შევაგროვებ დიდ ფულს, მაგრამ გავაგრძელებ იმის კეთებას, რაც მომწონს. უბრალოდ, უნდა ვაკეთო ის, რაც მოსწონს ყველა თქვენთაგანს და კარგი იქნება, თუ აქედან რაღაც სარგებლობა იქნება.

განვლილ ცხოვრებას ვიხსენებ და რთულია იმის დაჯერება, დიდების რა სიმაღლეებს მივაღწიე. არ ვგავდი სხვა ვარსკვლავებს, რადგან საერთო ფონზე ძალიან კაშკაშა ვიყავი. ბოლომდე ჩამოუყალიბებელ ბავშვად დავრჩი და უბრალოდ, გონება მქონდა არეული. ვგრძნობდი, რომ მოკრივის კარიერის დიდი ნაწილი ფრიკ-შოუს ან მახინჯების ცირკის მონაწილე ვიყავი. შემდეგ კი, საერთოდ, იდიოტად მიმაჩნდა თავი. ყველას დიდი მადლობა, მაგრამ აღარ მინდა ასე ცხოვრება. როგორც ამბობენ, ყველაფერი გავიაზრე. ახლა, იმის ნაცვლად, რომ დარბაზი 70 ათასი კაცით გავავსო, უფრო სერიოზული საქმით ვარ დაკავებული. ღმერთის წყალობით, გავუმკლავდები ამას.

ძველ დროში, მინდოდა მომხიბვლელი და პოპულარული ვყოფილიყავი. აი, ამიტომაც გავფლანგე მთელი ჩემი ფული. მხოლოდ დიდება მინდოდა. ჩემი ერთადერთი მიზანი იყო - მომეპოვებინა დიდება, მაგრამ, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს შეუძლებელია. დიდება შეიძლება მხოლოდ დაკარგო. და მაშინ მივხვდი: ყველაფერი, რაც ვიცოდი, ტყუილი აღმოჩნდა და ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო. უფრო მეტი პატივისცემა უნდა გამომეჩინა ცოლის მიმართ. ქალები არ უნდა აღმექვა, როგორც მეძავები ან ბიჭები, როგორც ზანგები. ცოლთან ერთად არ უნდა მყოლოდა 45 შეყვარებული. ჯანდაბა, რატომ ვიქცეოდი ასე? შეიძლება ასეთი რამის უფლება მაშინ მისცე საკუთარ თავს, როცა ერთი რიგითი, არაფრით გამორჩეული ჩვეულებრივი ბიჭი ხარ, მაგრამ მე ასე ვიქცეოდი მაშინ, როცა მსოფლიოს ჩემპიონი ვიყავი! შეგიძლიათ ასეთი რამ წარმოიდგინოთ?

მუდმივად მქონდა პრობლემები ორსულებთან, აბორტებთან, დაავადებებთან დაკავშირებით. ერთმა ვენერიული დაავადებით დამაჯილდოვა, მეორემ ინფექციური მონოკუკლეოზით. თითქოს დასავლეთ ნილოსის ხეობაში ვცხოვრობდი.

თუ შენ არასდროს არაფერი გაგაჩნდა და უცებ, გამდიდრების შესაძლებლობა გიჩნდება, ცდილობ, რაც შეიძლება მეტი დააგროვო. მაგრამ, როცა ასაკი გემატება, გესმის, რომ ცხოვრებაში ყველაფერი არა დაგროვებაზე, არამედ დანაკარგებზე დადის. და რაც დრო გადის, მით მეტია დანაკარგის გამოცდილება. ვკარგავთ თმებს, კბილებს, საკუთარ ახლობლებს. მინდა იმედი მქონდეს, რომ ასეთი დანაკარგების შემდეგ უფრო ძლიერები ვხვდებით და შეგვიძლია ჩვენი სიბრძნე გადავცეთ მათ, ვინც გვიყვარს.

სხვებს ბევრი უსიამოვნება მივანიჭე. ახალგაზრდობაში მეტად ეგოისტური ვიყავი. პირველი ვყვიროდი: "ესროლე ამ ნაძირალას, ეს ზანგი უნდა მოკვდეს!" შემდეგ კი ვიცინოდი, როცა ეს ბიჭები იატაკზე სისხლისგან იცლებოდნენ. ბრუკლინში ჩემს ძველ მეგობარებთან შეხვედრისას, ვეკითხებოდი მათ: "გახსოვს, როგორ გავაგორეთ ის ბიჭი, რომელიც ჩვენს მოკვლას ცდილობდა?" ჩემი მეგობრები მპასუხობენ: "ერთი მაგათი დედაც, მაიკ, მთავარია, რომ ჩვენ ვართ კარგად". როგორც ჩანს, მათ ეგონათ, რომ ძალიან აღგზნებული ვიყავი. მათ არ უყვარდათ იმ ამბების გახსენება, რასაც მაშინ ჩავდიოდით. ჩემი მეგობარი დეივ მელოუნი ყოველთვის ამბობდა: "მაიკ, ღმერთის წყალობით, ჩვენ წესრიგში ვართ".

მიხარია, რომ ის ძველი ბიჭი აღარ ვარ. ახლა, ყველას მიმართ თანაგრძნობას გამოვხატავ. და ეს არ ხდება რელიგიიდან გამომდინარე. მე არ მჯერა იმის, რომ საკუთარი ცოდვების გამოსყიდვით, სამოთხეში მოხვდები. სიკვდილის შემდეგ ცხოვრების არ მწამს. არსებობს მხოლოდ ეს სამყარო. ამიტომაც, ღირსეული ცხოვრებით რომ იცხოვრო, ამ სამყაროში სიკეთე უნდა აკეთო. დამიჯერეთ, მე ეს კარგად ვიცი: როცა სიკეთეს აკეთებ, თავს გაცილებით კარგად გრძნობ, ვიდრე ბოროტების ჩადენისას. ჩემს სინდისზეა ბევრი უკეთური საქმე. სიამოვნებას იღებ მხოლოდ მაშინ, როცა სიკეთეს სჩადიხარ.

იმ აზრამდე მივედი, რომ პატიება აუცილებელია. არავისზე არ ვარ ნაწყენი, განსხვავებით, ძველი დროისგან. ადრე არ მესმოდა, რომ ეს უბრალო დროის ხარჯვაა. არ მაქვს ზიზღის გრძნობა არც ბილ კეიტონზე და არც ჯიმი ჯეიკობსზე იმის გამო, რაც მათ გამიკეთეს. ყველა ჩვენთაგანისთვის ეს კარგი დრო იყო, ამ ადამიანებმა მომცეს სტარტი ცხოვრებაში და მე მათი მადლიერი უნდა ვიყო. უფრო საკუთარ თავზე ვბრაზდები და არა ვინმე სხვაზე.

უჩვეულო ცხოვრება მქონდა: კარგიც და ცუდიც, არც ისე საშინელი და ყოვლად აუტანელიც. დონ კინგის მიმართაც კი არ მაქვს ბრაზის გრძნობა. გავიგე, რომ ჯანმრთელობის მხრივ არ ჰქონია საქმე კარგად. აი, ახლა, წიგნს ვწერ. ამ ბიჭებს კი ეგონათ, რომ ამ დროისთვის მკვდარი ან შეშლილი ვიქნებოდი. ისინი ვერც კი იფიქრებდნენ, რომ მათზე სრულ სიმართლეს დავწერდი. მათ მიაჩნდათ, რომ მათი ტყუილი მათთან ერთად გაქრებოდა.

კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. უნდა შევიყვარო საკუთარი თავი. ოღონდ არა ზედაპირულად ("მე ასეთი დიადი ვარ"), არამედ, არსებითად უნდა გავერკვე - ვინ ვარ მე. ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, გონებრივი დატვირთვა, სერიოზული მკურნალობა. არ შეიძლება მკურნალობის როლის დაკნინება - ჩემი ცხოვრება ამის წყალობით შეიცვალა.

ვიხსენებ მერილინს, ყველა ჩემს ექიმსა და ნარკოლოგს სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრში. ყოველთვის მათი მადლიერი ვიქნები გაწეული შრომისთვის. მერილინმა ისეთ ცენტრში მომაწყო, რომელშიც ჩემით ვერასოდეს მოვხვდებოდი.

შესაძლოა, ბოლომდე ვერ გავიარე მკურნალობის კურსი, მაგრამ იქ, სადაც მომაწყო, ცხოვრება და გადარჩენა შემეძლო იმ რთულ და არეულ სიტუაციაში. ჯერ ისევ მრჩება რაღაც ფსიქიკური და ემოციური პრობლემები, მაგრამ ვსწავლობ ამ სამყაროში ცხოვრებას და იქ ბედნიერების მიღწევას. ადრე, ასობით მილიონ დოლართან ერთადაც არ ვყოფილვარ ბედნიერი. შემეძლო ამ ფულზე უარი მეთქვა, მაგრამ ეს არ დამაახლოებდა ბედნიერებასთან. თუმცა, ახლა, იმ ფულიდან აღარაფერი დამრჩა და ბედნიერი ვარ.

მერილინმა ნათელი წარმოდგენა მომცა წესიერ ადამიანზე, რომელიც თავის ოჯახთან ერთად საკუთარ სახლში ცხოვრობ. ადრე, ჩემი სახლში გაჩერება შეუძლებელი იყო. როცა ახალგაზრდა კაცი ხარ დიდი ფულით და ბევრი გოგოთი, ღმერთს ნაკლებად აქვს პირველადი მნიშვნელობა შენს ცხოვრებაში. როცა იზრდები, აცნობიერებ, რომ სულიერი თვალსაზრისით, შენმა ცხოვრებამ უაზროდ ჩაიარა. შენ არასოდეს არაფერი გაგიკეთებია ადამიანების დასახმარებლად. უნდა ვყოფილიყავი სასარგებლო ადამიანებისთვის და უბრალოდ, დრო არ უნდა მეტარებინა, ავტოგრაფები არ უნდა დამერიგებინა და ფული არ უნდა შემეგროვებინა.

საკრივო ორთაბრძოლების შემდეგ, სულში ჭუჭყს ვგრძნობდი. ჩემთან მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ: "ბრწყინვალე იყავით! ნამდვილი გმირი ხართ!" არა, მე არ ვყოფილვარ ასეთი. საშინელი და მახინჯი ვიყავი. მაგრამ მინდა დღეს ეს ავანაზღაურო, რაღაცნაირად ვალი დავაბრუნო. უბრალოდ, მინდა კარგი ვაკეთო და ადამიანებს დავეხმარო.

(გაგრძელება იქნება)
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხუმრობა საქმე როდია 44 წელი ციხეში იმუსავო და სახლში მხოლოდ დასაძინებლად წახვიდე, ფაქტიურად სულ სროკზე ხარ და რატომ მიდიან თავის ნებით სროკზე? ამას ვერ ვხვდები, ნუთუ ვინმეს უღირს თავის ნებით, თუნდაც ერთი წუთი ციხეში ყოფნა, რა თანხაც უნდა იყოს???
მე არ შემიძლია, ფულის გულისთვის თავისუფლების შეზღუდვას ვერ შევეგუები.
კ ო მ ბ ლ ე
23:05 23-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული