მსოფლიოს თასი: გერმანია დავამარცხეთ - ნაბიჯი ლონდონისკენ

AutoSharing Option
აშშ-ში, მთიანი იუტას შტატის ქალაქ ოგდენში გრძელდება მშვილდოსანთა მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი, რომელიც, იმავდროულად, სალიცენზიო სტატუსსაც ატარებს.

21 ივნისს გაიმართა პლეი ოფები გუნდურ პირველობაში - ჯერ თასზე, მერე - სალიცენზიო შეჯიბრებაში, სადაც ლონდონის ოლიმპიადის საგზურებს სამეულში მოხვედრილები იღებდნენ.

სამწუხაროდ, აშშ-ის დასავლეთ სანაპიროსკენ მდებარე ოგდენში შეჯიბრებები თბილისის დროით ძალიან გვიან, დაახლოებით ღამის 2 საათისთვის იწყება (ყოველ შემთხვევაში, ქალების გამოსვლა).

ამიტომ გუნდური ტურნირის საბოლოო შედეგზე დღეს ვერაფერს გეტყვით, თუმცა გაგახარებთ და გაცნობებთ, რომ სალიცენზიო ტურნირის პირველ წრეში ჩვენმა ქალებმა გერმანელთა ანგარიშგასაწევი გუნდი
216:204 დაამარცხეს, მერე მათ გადასროლაში ფრანგებიც ზედ მიაყოლეს და წუხელ ნახევარფინალში მექსიკელებს შეხვდებოდნენ, რომლებთანაც მსოფლიოს თასზე გუშინ უკვე წააგეს.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში ჩვენგან მხოლოდ ქალთა ნაკრები მოხვდა, ვაჟები კი საკვალიფიკაციოში 31-ეზე გავიდნენ და გუნდურ ტურნირსაც გამოაკლდნენ. ქალებმა 1851 ქულა დააგროვეს, რაც მსოფლიოს თასზე XVI მაჩვენებელი აღმოჩნდა, ოლიმპიურ ჩათვლაში კი - XIII.

ამდენად, თასზე ქართველ ქალებს პირველ წრეში საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულ მექსიკელებთან მოუწიათ დაპირისპირება. სამწუხაროდ, ჩვენებმა ამერიკელებთან ყველა სეტი წააგეს და დამარცხდნენ საერთო ანგარიშით 202:223. მექსიკელებმა მერე მსოფლიოს ჩემპიონ იტალიის მძლეველ პოლონეთსა და მასპინძელ აშშ-საც მოუგეს და 24 ივნისს ფინალში რუსებს შეხვდებიან.

სალიცენზიო რეიტინგში ჩვენი ნაკრები XII აღმოჩნდა და პლეი ოფის პირველ წრეში მეტოქედ გერმანია ერგო. კიდევ კარგი, ჩვენებმა თასზე განცდილი მარცხი დაივიწყეს და ცივსისხლიან გერმანელებთან ნერვები მოთოკეს.

პირველი პერიოდი ფრედ დასრულდა - 52:52, მეორეში კი გერმანელებმა ერთი ქულით გვაჯობეს - 54:53 და საერთო ანგარიშშიც მინიმალური სხვაობით დაწინაურდნენ - 106:105. ეს ჩამორჩენა ბევრს არაფერს ნიშნავდა, რადგან ჯერ მხოლოდ ასპარეზობის ნახევარი იყო გავლილი, წინ კი კიდევ 12 გასროლა რჩებოდა.

მართლაც, მესამე სერიაში გერმანელებმა ძალზე არაზუსტად ისროლეს - 60-იდან 47 ქულა დააგროვეს. ჩვენებმა - პირიქით, სამიზნე გაისწორეს, მხოლოდ 4 ქულა დაკარგეს და საერთო ანგარიშში გვარიანად გაიჭრნენ წინ - 161:153. რჩებოდა გადამწყვეტი სერია, გადამწყვეტი 6 გასროლა, რომელსაც ბევრი რამის განსაზღვრა შეეძლო.

საბედნიეროდ, ჩვენი ტრიო მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა, პერიოდი 55:51 მოიგო, მთლიანად შეხვედრა კი - 216:204 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც კანადელთა მძლევენ ფრანგებს გაეჯიბრნენ. ჩვენებმა მათთან მაისში ევროპის პირველობაზე წააგეს, ახლა კი რევანშის შანსი მიეცათ.

კარგადაც დაიწყეს და მიზანთან ახლოსაც იყვნენ - პირველი ორი პერიოდი 52:50, 53:51 მოუგეს, მაგრამ მესამე 4 ქულით წააგეს - 51:55 და ის 4-ქულიანი ფორა გაანიავეს.

ამდენად, გადამწყვეტი, მეოთხე სეტის წინ ანგარიში გათანაბრდა - 156:156 და ყველაფერი კვლავაც მეოთხე პერიოდს უნდა გადაეწყვიტა. ბედის ირონიით, ისიც ფრედ დასრულდა და შეხვედრაც - 210:210, გამარჯვებულის ვინაობა კი გადასროლამ გამოავლინა.

ჩვენებმა კიდევ ერთხელ მოთოკეს ნერვები, კიდევ ერთხელ გადაახტნენ საკუთარ თავს და ეს ნერვების ჭიდილი 9:8 მოიგეს. ნახევარფინალში ისინი ისევ მექსიკელებს შეხვდებოდნენ და მათთან მოგებით ფინალსა და გუნდურ ლიცენზიებს ერთად ინაღდებდნენ, თუმცა წაგებითაც რჩებოდათ მესამეზე გასვლის შანსი.

სამწუხაროდ, გაზეთის პერიოდულობიდან გამომდინარე, მექსიკელებთან ორთაბრძოლაზე დღეს ვერაფერს გეტყვით. აქვე შეგახსენებთ, რომ დღესვე ოგდენში სალიცენზიო ტურნირი უკვე ინდივიდუალურში გაიმართება, სადაც საგზურს ხუთეულში მოხვედრილები მიიღებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს თასზე ხათუნა ნარიმანიძე ლიდერებში გაერია

ქართველი მშვილდოსნების წაგება თასზე ლიცენზიების მოლოდინში
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროდ, წააგეს მექსიკასთანაც და მერე მესამე ადგილისთვის იაპონიასთანაც
merabi
10:44 22-06-2012
0

სიახლეები პოპულარული